საქართველოს არსებობის მანძილზე მისი მოქალაქეების ძირითადი საქმიანობა იყო სტატისტიკური ცნობების დაფარვა. გლეხი უმალავდა თავადს, თავადი მეფეს, მეფე - ყაენსა ან შაჰს. ნებისმიერი ცდა ამ საქმის მოგვარებისა იწვევდა უკმაყოფილებას. ამიტომაც არავინ არასდროს ზუსტად არ იცოდა რამდენი... ქართველი ცხოვრობს საქართველოში. სახელმწიფო ხაზინაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. გავიხსენოთ მონღოლების მიერ საქართველოს აღწერის ფაქტი - ეს რა სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა ყაენმა, და განა რას ითხოვდა, 10 %-ს!
ანდა, გავიხსენოთ ერთი ლიტერატურული ნაწარმოების გმირი, რომელზეც საბჭოთა პერიოდში ცხარე ცრემლებით გვატირებდნენ... თურმე ეგნატე ნინოშვილი გენიოსი ყოფილა, გვაფრთხილებდა – ერიდეთ გოგია უიშვილებსო!
ვის უნდა სცოდნოდა უკეთესად თავისი კუთხის წარმომადგენელთა თვისება – სახელმწიფოს წილისა და სახალხო ქონების მითვისება!... და მაინც, რას ერჩოდნენ საწყალ გოგია უიშვილს, მას ხომ არაფერი ჰქონდა საახალწლო სუფრაზე გარდა ... აქ თავისუთლად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როსტევან მეფის სუფრა. რას ერჩოდნენ გოგიას? ის ხომ თავისას ჭამდა და თავისას სვამდა? რატომ უნდა გადაუხადო სახელმწიფოს, როცა შეიძლება არ გადაუხადო! თანაც თუ ეს სახელმწიფო რ უ ს ე თ ი ა. იმ საზიზღარი რუსეთის იმ ნაწილშიც კი, რომელსაც საქართველო ერქვა, სტატისტიკა ასე თუ ისე კარგად იყო წარმოჩენილი. აღირიცხებოდა ყველაფერი: რამდენი კაცი ვაჭრობს, რითი ვაჭრობს, რამდენია შემოსავალი, რამდენი გასავალი, რამდენი საქონელი შემოვიდა ევროპული, რამდენი აზიური, რამდენი გავიდა აზიაში, რამდენი ევროპაში, რომელ საბაჟოზე რამდენი საქონელი შემოვიდა და რამდენი გავიდა, რა სახის, რა თანხის...და ბოლოს - რამდენი თანხა შემოვიდა ბიუჯეტში და რამდენი რას მოხმარდა საქართველოშივე. დათვლილია კაპიკ-კაპიკ. და ეს ხდება მაშინ, როდესაც ანგარიშობდნენ "ქვეშ მიწერით". საინტერესოა, იცის დღევანდელმა სოფლის მეურნეობის (?) მინისტრმა - რამდენი ჰექტარი მიწა იხვნება საქართველოში და რადარა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტი ითესება დღეს საქართველოში? ანდა შემოსავლების, ფინანსთა, ვაჭრობისა თუ სხვა რაღაც-რუღაცეების მინისტრებმა, რა ხდება მათ უწყებებში? პირადად მე ეჭვი მეპარება! დაახლოებით ასი წლის წინ კი ყველაფერი ეს ქვეყნდებოდა! ქვეყნდებოდა ისიც, თუ რომელი პროდუქტი რა ღირდა ამა თუ იმ რეგიონში! ეს ცნობები მისაწვდომია ყველასათვის, ვინაიდან იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში "კავკაზსკი კალენდარი" ("Кавказский календарь") და სხვადასხვა უწყების სტატისტიკურ ცნობათა კრებულებში.