XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო-სტრატეგიული და სამეურნეო-ეკონომიკური მიზნების გათვალისწინებით, ამიერკავკასიაში სამიმოსვლო გზებისა და კავშირგაბმულობის გაყვანა-გაფართოებით დაინტერესდა. მისი მიზნების განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიის მხარეების ურთიერთდაკავშირებას, რათა რუსეთს საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიაში ნედლეულის ბაზები მაქსიმალურად აეთვისებინა, თავისი რუსული ნაწარმის გასაღების ბაზარი შეექმნა და მაქსიმალური მოგება ამოექაჩა.
აღნიშნული ინტერესების შესაბამისად რუსეთის მთავრობამ ფართო სამუშაოები გაშალა. 1865 წლიდან ამიერკავკასიაში სარკინიგზო მშენებლობა დაიწყო. XIX საუკუნის ბოლომდე მთელი კავკასია სარკინიგზო ქსელით დაიფარა.
რკინიგზამ ამიერკავკასიაში რუსეთის სტრატეგიული პოზიციები განამტკიცა და გარდა ამისა, მას უდიდესი სატრანზიტო მნიშვნელობა ჰქონდა.