XIX საუკუნის დასაწყისი საქართველოსთვის უჩვეულო კულტურულ-პოლიტიკური რეალობით აღინიშნა. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის ფაქტმა თვალსაჩინო გახადა ის ვითარება, რომლის ფონზეც უნდა დაფიქსირებულიყო ქართული კულტურის შემდგომი განვითარების პროცესი. იმჟამინდელი მსოფლიოს კულტურული წრეების ყურადღება ქართული თემების მიმართ საკმაოდ გამძაფრებული გახლდათ, რაც კავკასიაში საქართველოს არამარტო უპირატესი გეოსტრატეგიული მდებარეობით აიხსნებოდა. ქართული კულტურა იყო XIX საუკუნის დასაწყისის ევროპის სამეცნიერო წრეების ეგზოტიკური ინტერესის ერთ-ერთი სფერო, რომლის პოპულარიზაციის საქმეში უდავოდ დიდი წვლილი შეიტანა რუსმა მწინგობარმა და თავისი ეპოქის თვალსაჩინო მეცნიერმა, შემდგომში კიევის მიტროპოლიტმა ევგენიმ, ერისკაცობაში ევფიმი ბოლხოვიტინოვმა, რომელმაც 1802 წელს სანკტ-პეტერბურგში ანონიმურად გამოსცა "საქართველოს ისტორიული სურათი", სადაც მკითხველს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით შესთავაზა საქართველოს ისტორიისა და კულტურის საკითხები. საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი – არც მანამდე და არც მის შემდგომი ოცი წლის განმავლობაში, სიმეონ ბრონევსკის წიგნის გამოცემამდე, ქართულ თემაზე ამგვარი სრულფასოვანი თხზულება არ შექმნილა, სწორედ ამიტომ, საფიქრებელია, თემის აქტუალობასთან ერთად ევფიმი ბოლხოვიტინოვის პროფესიონალიზმის შედეგიც უნდა იყოს ის ფაქტი, რომ "საქართველოს ისტორიულ სურათი" საკმაოდ დადებითად შეაფასეს ევროპის სამეცნიერო წრეებმა, ამის ნათელი დასტურია ლუდვიგ შლეცერისა] და მალტ-ბრენის რეცენზიები. არც ის უნდა იყოს ნაკლებადმნიშვნელოვანი, რომ 1804 წელს თხზულება გერმანულად უთარგმნია და რიგაში გამოუცია შმიდტს. ბოლხოვიტინოვი მაკედონეცისადმი გაგზავნილ წერილში უთითებს "საქართველოს ისტორიული სურათის ფრანგული და გერმანული თარგმანების შესახებაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი თარგმანი აღმოჩენილი არაა, XIX საუკუნის დასაწყისისათვის შექმნილ ახალ კულტურულ-პოლიტიკურ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, არ უნდა გამოვრიცხოთ მათი არსებობაც. სიმტომატურია ისიც, რომ მარი ბროსე სწორედ ევფიმი ბოლხოვიტინოვის წიგნის გაცნობის შემდგომ დაინტერესებულა ქართული თემატიკით.