ცნობა

ა. გვახარიას გარდაცვალების შესახებ

გარდაიცვალა ალექსანდრე აკაკის ძე გვახარია, გამოჩენილი სწავლული, შესანიშნავი ირანისტი, თვალსაჩინო ქართველოლოგი, დაუღალავი მკვლევარი, ახალგაზრდობის საყვარელი აღმზრდელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე, გ. წერეთელის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარი თანამშრომელი.

დაიბადა 1929 წლის 30 ივლისს. ბავშვობიდანვე იწვნია 1937 წლის სუსხი – მშობლების რეპრესირება. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანული ფილოლოგიის სპეციალობით და თავი გამოიჩინა წარმატებული სწავლითა და სამეცნიერო-კვლევითი ინტერესებით. მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების (1952 წ.) შემდეგ, როგორც "ხალხის მტრის" შვილმა, ასპირანტურაში სწავლა ვერ განაგრძო, თუმცა ლაბორანტად მიიღეს უნივერსიტეტში. ასე დაიწყო ალექსანდრე გვახარიას ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, დაძაბული შრომა ქართულ-ირანული ლიტერატურული ურთიერთობის საკითხების კვლევის, ქართველოლოგიის ცალკეული კარდინალური პრობლემების დამუშავების ხაზით. მან ღირსეულად გააგრძელა თავისი მასწავლებლების, გამოჩენილი ქართველი მეცნიერების: იუსტინე აბულაძის, ვლადიმერ ფუთურიძის, ალექსანდრე ბარამიძის, დავით კობიძის საქმე და ქართველ აღმოსავლეთმცოდნეთა დიდ კოჰორტაში მყარად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

ალექსანდრე გვახარიას განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ძველი ქართული მწერლობის შესანიშნავი ძეგლი "ვისრამიანი", XI საუკუნის სპარსელი პოეტის ფახრადდის გორგანის პოემის "ვის ო რამინის" ქართული პროზაული თარგმანი, რომელიც XII საუკუნის ქართველ ავტორს სარგის თმოგველს მიეწერება. ა. გვახარიამ 1962 წელს მაგალი თოდუასთან ერთად გამოსცა "ვისრამიანის" კრიტიკულად დადგენილი ტექსტი გამოკვლევით, ვარიანტებითა და ლექსიკონით. ავტორებმა დაადგინეს სპარსული "ვის ო. რამინის" ტექსტიც, რომელიც ვარიანტებითურთ გამოიცა 1970 წელს თეირანში. ტექსტის დადგენისას გამოიყენეს როგორც არსებული სპარსული ხელნაწერები, ისე ქართული თარგმანი, რომელიც ზედმიწევნით სიახლოვეს ამჟღავნებს ორიგინალთან. ა. გვახარიას სიცოცხლის ბოლომდე არ განელებია ინტერესი "ვისრამიანის" ტექსტისადმი. ჟურნალ "მაცნის" 1999-2001 წლების ნომრებში დაიბეჭდა მისი ვრცელი გამოკვლევები "ვისრამიანის" სპარსული და ქართული ტექსტების საკითხებზე.

1958 წელს დაიბეჭდა ალექსანდრე გვახარიას პირველი წიგნი – "იოსებზილიხანიანის ქართული ვერსიების სპარსული წყაროები". ამას მოჰყვა "ფირდოუსი" (1963 წ.), "სპარსული ხალხური დასთანების ქართული ვერსიები - ბახთიარნამე" (1968 წ.), "სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან" (1973 წ.), "ბალავარიანის" სპარსული ვერსიები" (1985 წ.), "ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან", I (1995 წ.), II (2001 წ.). 1965 წელს სარგის ცაიშვილთან ერთად გამოსცა XVIII საუკუნეში ქართულად თარგმნილი სპარსული საგმირო-საფალავნო თხზულება "ყარამანიანი".

დიდია ალექსანდრე გვახარიას ღვაწლი თვალსაჩინო ირანისტის იური ნიკოლოზის ძე მარის არქივის დამუშავებისა და გამოსაცემად მომზადების საქმეში. მეცნიერის ქვრივთან სოფიო მართან ერთად გამოსცა იური მარისა და მისი კოლეგის კონსტანტინე ჩაიკინის მიმოწერის ორი ტომი (1966 და 1976 წწ.).

ალექსანდრე გვახარიას, ამ დიდებული მეცნიერის, უზადო გამოვნების, პოეტური ბუნების კაცის, ერთ-ერთ დიდ გატაცებას წარმოადგენდა განიალური ქართველი პოეტის შოთა რუსთველის უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი". "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის შექმნის დღიდან (1962 წ.) ამ კომისიის წევრი იყო, ხოლო 1992 წლიდან – კომისიის მთავარი რედაქციის წევრიც. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოემის ტექსტის დადგენაში, კომენტირებასა და ლექსიკონის შედგენაში. ალექსანდრე გვახარიას მრავალრიცხოვანი გამოკვლევები "ვეფხისტყაოსნის" ტექსტოლოგიის საკითხებზე რუსთველოლოგიის ოქროს ფონდში დარჩება მარად.

ალექსანდრე გვახარიას, მსოლიოს ორიენტალისტთა მიერ აღიარებულ მეცნიერს, ევროპის ირანოლოგიური საზოგადოების წევრს, მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში მიუღია მონაწილეობა. დაუვიწყარია მისი გამოსვლები სხვადასხვა თავყრილობაზე მოხსენებით, მოგონებით თუ მისალმებით. მსმენელსა და მკითხველს ხიბლავდა მისი მდიდარი, ხატოვანი ენა, რომელიც არასოდეს გადადიოდა ნარცისულ ფუჭსიტყვაობაში.

პედაგოგიური მოღვაწეობა მისი ცხოვრების ორგანული ნაწილი იყო. მთელ თავის უზარმაზარ ცოდნას, გამოცდილებას უშურველად უნაწილებდა თავის სტუდენტებს, ასპირანტებს, სართოდ, ახალგაზრდებს, რომელთათვის იგი არა მარტო საყვარელი ლექტორი და მასწავლებელი, არამედ კეთილშობილების, სიკეთეს, კაცთმოყვარების, უანგარობის უმაღლესი საზომი იყო.

სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ საქმიანობას აქტიურ მრავალმხრივ საზოგადოებრივ სამსახურს უხამებდა. იყო სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების, სხვადასხვა ჟურნალისა და სამეცნიერო კრებულის, მათ შორის ალმანახ "კავკასიის მაცნის", სამეცნიერო-სარედაქციო საბჭოს წევრი, "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნის" (ენისა და ლიტერატურის სერიის) რედაქტორის მოადგილე, ქართული ენციკლოპედიის აღმოსავლური ლიტერატურის სექციის ხელმძღვანელი.

საქართველოს მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, ღირსების ორდენის კავალერს მინიჭებული ჰონდა აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება, დაჯილდოებული იყო თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთელის პრემიით.

ალექსანდრე გვახარიას, დიდი მეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, უანგარო სიკეთისა და დიდი ადამიანური სითბოს მატარებელი კაცის, სახელი სამუდამოდ დარჩება მისი ახლობლების, მეობრების, მრავალრიცხოვანი კოლეგებისა და მოწაფეების ხსოვნაში.

 

გ. კარტოზია
სარჩევი