XV საუკუნესა და XVI ს. დამდეგს ინგლისის ხელში მოექცა საგარეო ვაჭრობის მონოპოლია. სავაჭრო ურთიერთობა დაამყარა სხვადასხვა ქვეყნებთან: ნიდერლანდებთან, ჰანზასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, ესპანეთთან.
საინტერესოა ინგლისის სავაჭრო ურთიერთობანი იტალიის ქალაქ-რესპუბლიკებთან: ვენეციასთან, გენუასთან და ფლორენციასთან. ცნობებს გვაწვდის XVI ს-ის მეტად საყურადღებო წყარო – ლონდონის მერსერთა (ქსოვილით მოვაჭრეთა) კომპანიის "საბჭოს აქტები".
ინგლისის ბაზარზე იტალიელი ვაჭრებიდან უპირატესად იყვნენ ფლორენციელები, გენუელები და ვენეციელები. იტალიის ქალაქ-რესპუბლიკებს სავაჭრო ფაქტორიები ჰქონდათ ლონდონში, საუტჰემპტონსა და სენდვიჩში.
გენუელები ინგლისში ჩამოვიდნენ ფლორენციელებსა და ვენეციელებზე უფრო ადრე და უპირატესი მდგომარეობა XIV ს-ის ბოლომდე ჰქოდათ. გენუელებს გაჰქონდათ დიდი რაოდენობით მატყლი, რომლითაც, როგორც სამრეწველო ნედლეულით, ამარაგებდნენ იტალიის სამრეწველო ქალაქებს.
ხოლო ვენეციელები ინგლისში გამოჩნდნენ 1201 წელს, მაგრამ რეგულარულად ისინი იწყებენ ჩასვლას პირენეის ნახევარკუნძულის შემოვლით მხოლოდ XIV ს-დან. ანტვერპენში კი ვენეციელი ვაჭრები პირველად ჩავიდნენ 1318 წელს.