ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა კომერციული საქმიანობის განსაკუთრებული სფეროა. საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად ადამიანებს გაუჩნდათ ქონების დაგროვების სურვილი და ანტიკვარული ნივთების შეძენის მოთხოვნილება. გარდა ამისა, მომხმარებელი ამ ნივთებს ყიდულობს ესთეტიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ან მათი შემდგომი ხელსაყრელი გაყიდვის მიზნით. ამიტომაცაა, რომ დღეს ანტიკვარული ნაწარმით ვაჭრობა ბიზნესია და მაქსიმალური მოგების ინტერესებს ემსახურება. სპეციფიკური მომხმარებელი ეძებს უნიკალურ, მაღალმხატვრულ ნაკეთობებს, რომელთაც აქვთ როგორც ისტორიული, ისე მხატვრული ღირებულება და ძვირადაც ფასობს. ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობა ექვემდებარება მუდმივად ცვალებად ფასებს მსოფლიო ბაზარზე, რადგან უძველესი ნივთები არ არის აღწარმოებადი და ფასს განსაზღვრავს მხოლოდ მათზე მოთხოვნილება.
ანტიკვარულ ნივთებზე მოთხოვნა ყველგან და ყველა დროში არსებობდა. ეს იყო დაინტერესება წარსულით, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია აწმყო. ანტიკვარული ნივთების ცოდნა და მისი შეფასება - წარსულის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. მრავალრიცხოვანი ანტიკვარული საგნების შესწავლა ნათელყოფს, თუ როგორ ვითარდებოდა მხატვრული სტილი და საზოგადოების გემოვნება.
ანტიკვარული ნივთების უმრავლესობა, მათი შექმნის პერიოდში, პასუხობდა ერთ-ორ მოთხოვნას. დროთა განმავლობაში იცვლებოდა ამ ნივთის აღქმა და მისი შეფასების კრიტერიუმები. ანტიკვარული საგნების ისტორია არის მათი ფორმის, დანიშნულების, მხატვრული სტილისა და საზოგადოების გემოვნების განვითარების ისტორია.