ენათმეცნიერება

ნ. დოლიძე

ღ, რ, ნ ელემენტები ქართული ენის ზმნის პირიან ფორმებში

თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენასა და ცოცხალ მეტყველებაში ზმნის პირიან ფორმებში ფუძის წინ დაჩნდება ღ,რ,ნ, ელემენტები, რომლებიც თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით უმართებულოა. ასეთი ზმნებია: ანსახიერებს, ანსხვავებს, ანცვიფრებს, ანხორციელებს, ანვითარებს, ანზოგადებს, ანთავისუფლებს, ანცხადებს, ანცალკევებს, არდგენს, უღზრდის და მისთ. როგორც შენიშნავენ, ფუძესთან შეზრდის ყველაზე მეტ უნარს გან- პრევერბისეული თანხმოვანი იჩენს. ამასთან დაკავშირებით ნათქვამია ისიც, რომ უმართებულო ფორმები ანახლებს, ანახლებდა, ანახლებდეს ( მხოლოდ ამ სამ ფორმაშია შეხორცებული ფუძესთან) ძალიან გავრცელებულია თანამედროვე სალიტერატურო ქართულში (შდრ. ანახლებს და აახლებს). ასეთი ზმნები ჩვენს მიერ შეკრებილ მასალაშიც მრავლად აღმოჩნდა: მაგ;

ანცვიფრებს (სწორია: აცვიფრებს): მანცვიფრებს ზოგიერთი მღვდელი (დოდ. 72,14);

ანთხევს (სწორია: ათხევს, შდრ. სითხე, თხევადი): პირველი სისხლი უბოროტო ქვეყანაზედ კაცმა კაცისა დაანთხიაო (ილია. II. 31,13-14);. მრავალი სისხლი დაუნთხევია ჩვენთან ერთად საქართველოს ერის თვით- არსებობისათვის (ილია. II 9, 21-22); სხვა გზა არ არის, უნდა გადმოანთხიოს (ილია.VIII. 143, 10);

შეიძლება ითქვას, ნარი ამ ზმნურ ძირს ისე შეზრდია, რომ მისი უნარო წარმოთქმა ჩვენთვის დღესდღეობით თითქმის არც გვხვდება, ასევე შეიძლება ითქვას ანძრევს ზმნის შესახებ.

ანძრევს (სწორია: აძრევს): გაინძრევით თუ არა, ამ ბადეში გაიხლართებით (ილია. VII 11, 30-31); ხელები გაანძრია, წელში გაიმართა და თითონვე განიზრახა თავის-თავისათვის შველა (ილია. V. 43,8 9);

ანსახიერებს (სწორია: ასახიერებს): მე კი არ ვიყავი, უბრალოდ, მე ვანსახიერებდი ყველას (აველუმ.64); მისი ოჯახის სიმყარე თავისებურად სამყაროს სიმყარესაც ანსახიერებდა (აველუმ. 329);

ანსხვავებს (სწორია: ასხვავებს): ფულსა და ობლიგაციას ვერ ანსხვავებდა ერთმანეთისაგან (აველუმ.75);

ანხორციელებს (სწორია: ახორციელებს): ფიქრის სინამდვილეში ახორციელებს იმას (აველუმ. 191);

ანსახიერებს, ანსხვავებს, ანხორციელებს უმართებულო ფორმები მოჭარბებულად გვხვდება ო.ჭილაძის ერთ-ერთ ბოლოდროინდელ რომან "აველუმში".

"გინმარტავ" არაკანონიკურ ფორმას წავაწყდით 2002 წლის მაისის თვის "ლიტერატურული საქართველოს" მეწინავე სტატიაში: "კიდევ ერთხელ გინმარტავთ" (ავტორი თ. წივწივაძე).

სხვადასხვა ქცევის ნიშნებიან ზმნებთან ნარი ყველგან დაჩნდება: ანთხევს, ინთხევს, უნთხევს, ანძრევს, ინძრევს, უნძრევს, ანთავისუფლებს, ინთავისუფლებს, უნთავისუფლებს: აუცილებლად, დედა, გავენთავისუფლები (სუდ. 29,16); -აბა, გზა სასწრაფოდ გაანთავისუფლეთ! (ფანჯ. 101, 29), პური სულ მთლად გაანთავისუფლა ბაჟისაგან ღარიბთა მცხოვრებთა საოხად (ილია. VII. 319,20); მეორე ხელიც გაენთავისუფლებინა მისთვის (აველუმ 275).

საყურადღებოა, რომ ნარი გადაყვება მიმღეობურ ფორმებშიც: ციხეში მომწყვდეულთა გასანთავისუფლებლად მთავარმართებელმა გაგზავნა ტიხანოვსკი ორი როტა ჯარით (ალ. ფრონ. 159,5);

ნარი გვაქვს დანჟღრეულ მიმღეობურ ფორმაშიც: აწმყოში ანჟღრევს//ანჯღრევს, მასდარი ნჯღრევა, მიმღეობა: დანჟღრეული: დანჟღრეულმა ზარმა დაიწყო თავისი უგემური ჟღარა-ჟღური (ილია.II. 9,2-3); ამ სიტყვაში რომ ნ მეორეულია, ჟღარუნ, ჟღარა-ჟღურიც ცხადყოფს. როგორც ჩანს, ნ ამ ზმნურ ფორმაშიც შეზრდია ფუძეს.

...

 

ა. წერეთლის სახ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი