ენათმეცნიერება

ნ. კაჭარავა

კორპორალური ლექსიკა თურქულში

თურქული ფრაზეოლოგიზმები საწყისი ლექსემით"baş" (თავი)

ფრაზეოლოგიზმები, ენის მყარი გამონათქვამები, სიტყვათა თავისებური შეერთებანია. ენის ფრაზეოლოგიურ შემადგენლობას ბევრი რამ აქვს საერთო მის ლექსიკურ შედგენილობასთან.

ფრაზეოლოგიას, ისევე როგორც ლინგვისტიკის ნებისმიერ სხვა ნაწილს, შესაძლებელია ჰქონდეს კერძო და ზოგადი ხასიათი. მაგრამ როგორც შენიშნავენ, ზოგადი ფრაზეოლოგია ჩამოყალიბებული დისციპლინის სახით დღესდღეობით არ არსებობს.

სპეციალურ ლიტერატურაში ფრაზეოლოგიის შემადგენლობისა და მოცულობის შესახებ მრავალი განსხვავებული აზრი არსებობს. მეცნიერთა ერთი ნაწილი ფრაზეოლოგიაში გულისხმობს ნებისმიერ მყარ სიტყვათშეხამებას. ენათმეცნიერთა სხვა ნაწილი, რომელიც ვ. ვინოგრადოვის შრომებს ითვალისწინებს, გამოყოფს ოთხი ტიპის ფრაზეოლოგიზმებს: 1. ფრაზეოლოგიური ბმანი; 2. ფრაზეოლოგიური მთლიანობანი; 3. ფრაზეოლოგიური სიტყვათშეხამებანი და 4. ფრაზეოლოგიური გამოთქმები.

გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ტერმინი "ფრაზეოლოგიზმი" ეწოდოს მხოლოდ იდიომებს. ვ.ი. კოდუხოვი, მაგალითად, ფრაზეოლოგიურ ბმებს იდიომებს უწოდებს. ე. მამულია მიუთითებს, რომ იდიომატური გამოთქმები წარმოადგენს ფრაზეოლოგიზმების ერთადერთ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ენათმეცნიერთა შორის ასევე შეუთანხმებლობაა იდიომათა ბუნებისა და არსის განსაზღვრის საკითხშიც. იდიომის ტრადიციული განსაზღვრება, როგორც ენის თავისებური, დაუშლელი გამონათქვამისა, რომლის მნიშვნელობა არ უდრის შემადგენელ სიტყვათა ჯამს, დიდი ხანია კრიტიკის საგანი გამხდარა. არც სხვა ენაზე თარგმნის შეუძლებლობა და არც სხვა სპეციფიკური თვისებები (კერძოდ, 1. მყარი სიტყვათგანლაგება; 2. სემანტიკური ფუძის სინონიმით შეცვლის შეუძლებლობა; 3. არქაიზმების შენარჩუნება; 4. სინტაქსური კომპონენტების გაქვავებულობა; 5. იდიომებს შორის ომონიმური მიმართების არსებობა) არ გამოდგება იდიომის განსაზღვრების ამოსავალ კრიტერიუმებად. ფრაზეოლოგიზმი სტრუქტურულ-სემანტიკური, გრამატიკული, სტილისტიკური თუ ფუნქციური თვალსაზრისით სიტყვისაგან განსხვავებული რთული ენობრივი ერთეულია.

ენათმეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა და კამათი კულმინაციას აღწევს იმის თაობაზე, შეტანილ იქნეს თუ არა ფრაზეოლოგიურ შემადგენლობაში ანდაზები, გამოცანები და ფრთიანი გამოთქმები. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ფრაზეოლოგიზმები სიტყვათა (ლექსემათა) ბაზაზე კი არ იქმნება, არამედ მათ საფუძვლად უდევთ სიტყვათშეხამებანი, ასევე სიტყვათა ერთობლიობანი და წინადადებები. შესაბამისად, ლექსიკა კი არა, სინტაქსი არის ის სფერო, რომელშიც მიმდინარეობს ფრაზათწარმოქმნის განუწყვეტელი პროცესი.

ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობა, ემყარება რა შემადგენელი კომპონენტების გადატანით მნიშვნელობებს, სხვადასხვა ენებში სხვადასხვანაირად მოტივირდება. ფრაზეოლოგიზმების ზუსტი, სიტყვასიტყვითი თარგმანი შეუძლებელია, საჭიროა შესაბამის ენაში დაიძებნოს მისი შესატყვისი ეკვივალენტი.

...

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარჩევი