ენათმეცნიერება

ო. მიქიაშვილი

რუსიზმები "გეორგიევსკის ტრაქტატის" ენაში

XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოში დამყარდა რუსეთის მმართველობა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, უფლებათა შევიწროება, მისი განდევნა სახელმწიფოს მართვის სფეროდან. მაგრამ პროცესი ამით არ დასრულებულა და ქართული სალიტერატურო ენის რიგ სფეროებში თავი იჩინა რუსულიდან ნასესხებმა სიტყვებმა, უფრო მეტიც, ქართულში მკვიდრდება რუსულის გავლენით გაჩენილი (რუსულიდან კალკირებული) ფრაზები. ეს პროცესი საგრძნობია "კალმასობაში", ფართოდაა გავრცელებული რომანტიკოსთა პროზაულ (ძირითადად ეპისტოლარულ) თხზულებებში. განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ გრიგოლ ორბელიანის პროზის ენა (გარკვეულ გამონაკლისს შეადგენს რამდენიმე ორიგინალური და ორიოდე თარგმნილი ნაწარმოები).

უაღრესად საინტერესოდ გვეჩვენება, რუსულის გავლენის თვალსაზრისით, ქართული ისტორიული დოკუმენტების ენის შესწავლა. აქ ორი გარემოება იპყრობს ყურადღებას: ერთია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა განმსაზღვრელი პირველი დოკუმენტის "გეორგიევსკის ტრაქტატის" ქართული ტექსტის ენა, ენა ტექსტისა, რომელიც დოკუმენტში რუსულის პარალელურად არის წარმოდგენილი, და მეორეა ენა ქართული ისტორიული დოკუმენტებისა, რომლებიც 1800 წლიდან მოყოლებული რუსულ-ქართულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ურთიერთობებს ასახავენ.

ბუნებრივია, განსაკუთრებით საყურადღებოა "გეორგიევსკის ტრაქტატის" ენა, რომელშიც არაერთი რუსული ფრაზის ქართული თარგმანი გვხვდება, მეორე მხრივ, აღნიშნული ტექსტის ენა საინტერესოა იმითაც, რომ რიგი რუსული სიტყვათშეხამებები, რომლებიც დღეს ქართულშია გავრცელებული, ჯერაც არ გვხვდება "ტრაქტატის" ენაში. აშკარაა, რომ მათი დამკვიდრება საქართველოში რუსეთის გაბატონებისა და ქართულზე რუსულის გავლენის უფრო გვიანდელ პერიოდს განეკუთვნება.

ყოველივე ეს XVIII საუკუნის მიწურულისა და XIX საუკუნის ქართული ისტორიული დოკუმენტების ენის შესწავლას მეტად აქტუალურს ხდის, რაც სათანადოდ აღინიშნა კიდეც სამეცნიერო ლიტერატურაში: "XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართული დიპლომატიური დოკუმენტების ენა არა მარტო საშუალო ქართულის ნიმუშია, არამედ მასში რუსული ენის გავლენაც საგრძნობია. ამიტომ ქართული ენის განვითარების ისტორიის თვალსაზრისით XVIII საუკუნის მეორე ნახევარი ცალკე გამოკვეთილი პერიოდია, რომელიც საგანგებო შესწავლას იმსახურებს", - წერს ვალერიან მაჭარაძე.

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი
სარჩევი