ლიტერატურა

ო. ონიანი

დალის საჩუქარი

დალისა და მონადირის ურთიერთობის გასარკვევად ძალზე საინტერესოა დალის საჩუქარი, რომელსაც მაგიური ძალა აქვს. მისი მფლობელი მონადირე იღბლიანი ხდება, ნადირობიდან ხელმოცარული არასოდეს ბრუნდება. საჩუქარი შეიძლება იყოს მძივი, ბეჭედი, ყუთი, რომელშიც სასწაულებრივი თავშალი ან ვაზნებია ჩადებული. მონადირე ვალდებულია გაუფრთხილდეს დალის მიერ ბოძებულ საჩუქარს, მოკვდავთაგან არავის უნდა აჩვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი გარდაუვალია. ტრადიციული მასალების მიხედვით მონადირეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ღალატობთ ნების სიმტკიცე, ვერ იცავენ საიდუმლოებას. ასეთ შემთხვევაში ქალღმერთი დალი შეუბრალებელია. იგი მონადირეს ან ღუპავს, ან ავადმყოფობას მოუვლენს, მაგრამ სასჯელი ყოველთვის ინდივიდუალურია. ნადირთ პატრონის რისხვა ოჯახის წევრებზე არ ვრცელდება. ახლადმოძიებულ გადმოცემებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დალის ფუნქციები და კულტიც. ირკვევა, რომ საიდუმლოს გამჟღავნების შემთხვევაში ისჯება არა მარტო მონადირე, არამედ მთელი სახლეულობა; ცოლ-შვილი, ძმები და ძმის შვილები. სწორედ ამ აზრითაა საინტერესო ერთ-ერთი სვანური მითოსური გადმოცემა "ღუნჩაანთ უფროსი და დალი". შესავალში მოთხრობილია, რომ ღუნჩანები ცხოვრობდნენ ხეშკელში, მათ იმდენად ძლიერი და მდიდარი ოჯახი ჰქონდათ, რომ საკუთარი სალოცავ-სადიდებელიც ედგათ. ადრე კი ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ. გამდიდრება კი ასე მოხდა. ღუნჩაანთ მონადირეს დალი შეხვედრია და სიყვარული შეუთავაზებია. თან გაუფრთხილებია, რომ საიდუმლო, რასაც იგი ეტყოდა, არსად გაემხილა, თუ არა, ძალიან ცუდად წაუვიდოდა საქმე. თუ რამე დაგემართება, უთხრა ქალღმერთმა, შენ თავს დააბრალეო. მონადირე მიხვდა დალის სიყვარულს და უთხრა: ცოლი მყავსო. დალიმ ისევ გააფრთხილა: ჩვენი სიყვარულის ამბავი არავინ გაიგოს, თუ არა, ძალიან ცუდად წაგივა საქმე. ცოლთან არაფერი წამოგცდესო.

იგი თვალს მისცემს. შინ რომ დაბრუნდები სახლეულობას უთხარი, რომ ეს თვალი წმ.გიორგიმ მოგცა. ყველაფერი კარგად გექნებათ, მაგრამ ცოლთან ცხოვრება გეკრძალება. კაცი დათანხმდა და სამი დღე-ღამე დალისთან დარჩა, მეოთხე დღეს შინ წამოვიდა. ჯალაბს უთხრა: "ეს თვალი წმ.გიორგიმ მომცა, ამოიღო და იქაურობა მთლიანად გაანათა, მაგრამ ერთი საქმე კი უთქვამს, დღეიდან ცოლთან მწოლად აღარ ივარგებს, ბერივით უნდა იცხოვროსო, სანამ თვით მთავარმოწამის თანხმობა არ იქნება".

...

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი