სამეცნიერო ლიტერატურაში ამირანის დახასიათებისას აქცენტი გმირის ფიზიკურ ძლიერებაზეა გადატანილი. იგი ტიტანური ძალის პატრონია. თავისი სასწაულებრივი ძალით ამირანი ყველა მოწინააღმდეგეს ამარცხებს. იგი მოულოდნელი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება ამბრი არაბთან შეხვედრის გამო. "ამბრი თითქოს სხვა დროში, სხვა სივრცეში არსებობდა და სიკვდილის შემდეგ შემოიჭრა ამირანის ცხოვრებაში, როგორც ცოცხალი დადასტურება ხალხური თქმისა: "მჯობნის მჯობნი არ დაილევა." ამირანი საკუთარ თავზე გამოცდის ამ ანდაზის ჭეშმარიტებას. მკვდარი ამბრის ფეხს, რომელიც ურმიდან გადმოვარდნილიყო და მიწაზე ნაღარს ტოვებდა, ამირანმა ძვრაც ვერ უყო. ამის გამო სასოწარკვეთას მიეცა. ხოლო ნათლიისაგან ძალამომატებული ყოვლისმძლევია და მიწიერ საუფლოში ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ამარცხებს.
სვანურ ზეპირსიტყვიერებაში, ასევე ბარის ცალკეულ რაიონებშიც, აღმოჩნდა ახალი ვარიანტები, სადაც ამირანი არაა მოკლებული მოხერხებულობას. ამ საკითხს ელ. ვირსალაძემ მიაქცია ყურადღება და მიუთითა, რომ "ამირანი შეებრძოლება დევის დედას და მოტყუებით, მოხერხებით სჯობნის.
ჩვენი აზრით, ამირანის ფათერაკებით აღსავსე გზაზე ფიზიკურ ძლიერებასთან ერთად მოხერხებულობაც არის გასათვალისწინებელი. სწორედ ამ აზრითაა საინტერესო სვანური პროზაული ტექსტების პირველ ტომში - "ბალსზემოური კილო", დაბეჭდილი ვარიანტები. ერთ-ერთში, რომელიც "მჭედელი დარჯელანის" ვარიანტია, აღწერილია, რომ ამირანი დაემშვიდობება ძმებს და მარტო გაუდგება გზას. ერთ ტრიალ მინდორში ჯარი შენიშნა. ამ ჯარში ერთი ვინმე ისე მაღალია, რომ გამორჩეულია თავისი აღნაგობით. ამირანმა იკითხა ამ კაცზე და უთხრეს, რომ იგი ანდრერობის შვილი ჯინჯიქია. ამირანი მივიდა ამ კაცთან. ჯინჯიქმა კითხა: სად ყოფილხარ?
- სად და ამირანთან – უთხრა ამირანმა.
- რა სჩვევიაო მერე ამირანს?
- რა და მშვილდისარს მომართავს, ისრებს პირში ისვრის და ნამტვრევებს უკან აბრუნებს.
მანაც მომართა ამირანის მშვილდისარი. ისროლა პირში და ნამტვრევები ისევ უკან ამოყარა ყელიდან.- კიდევ რას შვრებაო?
- კიდევ იმას, რომ რაც აქ კაცია, თუ ყველა ერთი თვე ზიდავს ქვას და მას თეძოებზე
ზედ დააყრის, ყველაფერს განზე გადაყრისო. მართლაც მთელი ჯარი ერთი თვე ეზიდებოდა ქვას და აყრიდენ ჯინჯიქს. სანამ მათ გადაყრიდა, ამირანმა უთხრა: დაიცადე, და უზარმაზარი ლოდი დაუმატა თეძოზე – ვერ გაუძლო და უთხრა:- ამოიღოსო, თუ არა სული ძვრებაო.
- ო, ხომ მოუტყუებიაო, ამირანი თვითონააო".
ჯინჯიქმა უთხრა, მე მომატყუე, მაგრამ მამაჩემს ანდრერობს ვეღარ მოატყუებ.