ძველი ქართული მწერლობის მეორე პერიოდიდან საგმირო-სარაინდო ორიგინალურმა თხზულებებმა, რომლებსაც მემკვიდრეობით უნდა მიეღოთ, წარმართულიდან მომდინარე, სიყვარულის აუცილებელი მოთხოვნები (სიყვარულის ყოვლისმომცველობა-ყოვლისშემძლეობა, მისი დამანგრეველი ძალის შეგნება და ამასთან დაკავშირებით, მისი მოპოვებისათვის სახიფათო ქმედება, ერთგულება და სატრფოსადმი, სულიერი და ხორციელი განცდების ხან მონაცვლეობა, ხანაც თანხვედრა-ჰარმონია, სიყვარულის მეუღლეობით დამაგვირგვინებლობა) განიცადეს როგორც ბერძნულ-ბიზანტიური, ისე არაბულ-სპარსული ლიტერატურული მოდელების ზეგავლენა. როგორც აკად. კეკელიძე აღნიშნავს: "ქრისტიანული იდელოგიის წარმომადგენელთა შეხედულებით, რომელიც, ქრისტიანობამ, რა თქმა უნდა, ჩვენშიაც შემოიტანა, არაქრისტიანულ ამქვეყნიურ სწავლა-მოძღვრებასა და მწერლობას ელლინური ეწოდება, რაც წარმმართველის ეკვივალენტად და სინონიმად ითვლებოდა".
ლეონტი მროველი თავის ნაშრომში უხვად სარგებლობს "შაჰ-ნამეს" ეპიზოდებით: თამარ დედოფლის პირველ ისტორიკოსს, რომლისთვისაც საეკლესიო აზროვნების სფერო უცხო არ არის, პარალელები მოჰყავს მთელ რიგ სატრფიალო რომანებიდან". თუმცა მას არ მოსწონდა სასულიერო პირთა განქიქება და ზნეობრივი ნორმების შებღალვა, ამიტომ "სატრფიალო-სამიჯნურო პოეზია აღიარა "სპარსთა ზღაპრებად, არაკობად და გოგობიჭობად". და მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი ციტირება რამდენადმე ჟანრთა აღრევით წარმოვადგინეთ, აშკარაა ორივე გავლენის აღიარება როგორც იმდროინდელი ეპოქის, ასევე თანამედროვე მკვლევართა მიერ და თვით საერო პირთათვის სატრფიალო ლირიკის ნაკლებ სასარგებლოდ დახასიათების თვალსაზრისით. აღორძინების ეპოქაში მდივანბეგი ონანა იტყვის "ბარამგულჯანიანის" შესავალში: "რომელნი ხადით მიბაძვითა უწინარეს გამომეტყველთა საღმრთოთა სამიჯნუროთასა, ნეტარ ხართ და კეთილ გეყოს თქვენ! და რომელნი იურვინ მსოფლიოსა ამისა საშვებლად ნასიტყვსა კეკლუცთა ზედან ყმაქალთა მიჯნურობასა, იგი არა სარგებელ გეყოს სახსრად სულისთვის."
XIX საუკუნესთან მიახლოებული ქართველი მაინც იჩენს ერთგვარ გაუცხოებას სიყვარულის თემისადმი, რითაც აიხსნება საგმირო-სარაინდო ნაწარმოებთა (ორიგინალურთა თუ თარგმნილთა) ასე მომრავლება და პოპულარობა.
თუმცა წინააღმდეგობისდა მიუხედავად სიყვარულის თემა მაინც შემოდის ქართულ ლიტერატურაში დასავლური და აღმოსავლური ხაზით.