XXI საუკუნის გადასახედიდან ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რა სიახლით ხასიათდებოდა მეორე ათასწლეული და რა იყო კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ პერიოდში. ჩვენი გაგებით, დროის ამ მონაკვეთის უმთავრეს ღირსებად უნდა ჩაითვალოს თანამედროვე ცივილიზაციის შექმნა. ცივილიზაციის ცნება მეცნიერებაში არაერთგვაროვნად არის განმარტებული. მას ხმარობენ კულტურის სანონიმად, საზოგადოებრივი განვითარების, მატერიალური და სულიერი კულტურის დონის აღსანიშნად, ბარბაროსობის შემდეგი საფეხურის სახელწოდებად (კლასიფიკაციაში ველურობა, ბარბაროსობა, ცივილიზაცია); ცივილიზებულს უწოდებენ საზოგადოებას, დაფუძნებულს გონებასა და სამართლიანობაზე; ზოგიერთი განმარტება კულტურას, როგორც ორგანულ-სასიცოცხლო სამყაროს, უპირისპირებს ცივილიზაციას, როგორც ტექნიკურ-მექანიკური ელემენტების ერთობლიობას; ცივილიზაცია განსაზღვრულია როგორც კვლევის მიზნით ხელოვნურად გამოყოფილი ისტორიული პერიოდი და ა.შ.
ჩვენ ცივილიზაციას მოვიაზრებთ, როგორც თანადროული მსოფლიოს განვითარების დონესთან შედარებით დაწინაურებულ წარმონაქმნს, რომელსაც საფუძვლად უდევს მაღალგანვითარებული და პროგრესული სააზროვნო სისტემა, რეალიზებული საზოგადოებრივ, ფილოსოფიურ, კულტურულ შეხედულებებსა და მატერიალურ ფასეულობებში.
ცივილიზაციის თვისებაა ის, რომ იგი გეოგრაფიულად ცვალებადია, დროის რაღაც მონაკვეთში გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში აღმოცენდება, არსებობს, დროებით ქრება, შემდეგ განახლებული სახით სხვა ტერიტორიაზე კვლავ აღმოცენდება... ასეთი იყო დიდი აღმოსავლური ცივილიზაცია, ანტიკური ცივილიზაცია, ხოლო თანამედროვე, მეორე ათასწლეულის ცივილიზაციად ევროპული, ქრისტიანული ცივილიზაცია მიგვაჩნია და ვფიქრობთ, მას შესწევს უნარი მესამე ათასწლეულშიაც გააგრძელოს არსებობა.