მანციკერტის ბრძოლაში (1071 წ.) ბიზანტიელთა დამარცხების შემდგომ, რასაც მოჰყვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ანატოლიის დაკარგვა, იქმნება ძლიერი სოციალური მოტივაცია იმ გმირის განდიდებისათვის, რომელიც ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღრებს იცავს და სიმბოლიზირებულია იმპერიის გარდასულ დიდებასთან. სწორედ ასეთ გმირს წარმოადგენს დიგენის აკრიტასი, რომელიც წარსულისადმი ნოსტალგიით შეპყრობილ საზოგადოებრივ წიაღში იშვა. ხოლო თავად პოემა "დიგენის აკრიტასი" ასახავს სამყაროს, რომელიც არის არა ისტორიული, არმედ წარმოსახვითი, სასურველი რეალობა. პოემას ახასიათებს ბიოგრაფიულობა და იგი მოგვითხრობს გმირის – დიგენის აკრიტასის ცხოვრებას დაბადებიდან გარდაცვალებამდე. დიგენისი გმირად ფორმირდება არა ცალკეული გმირული აქტების მეშვეობით, არამედ მთელი თავისი ცხოვრებისეული გზით, რაც ამავდროს ინიციაციის გზას წარმოადგენს, ამიტომ თხზულების ძირითადი პრინციპების უკეთესად ამოცნობასა და გააზრებაში დაგვეხმარება პოემის მითოლოგიური შრის სტრუქტურული რეკონსტრუქცია. ამგვარი რეკონსტრუქციის მცდელობაა ჩვენს სტატიაში, რომლის მიზანიცაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდის – დიგენისის მიერ სასახლისა და ბაღის მშენებლობის ინტერპრეტაცია.