მიხეილ ქვლივიძის როლი და ადგილი ქართულ მწერლობაში მისი პოეზიის თავისთავადობამ განსაზღვრა. ქართული ლექსის ბუნების კანონზომიერებათა გათვალისწინებით, თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ მიხეილ ქვლივძის პოეზიის მხატვრულ თავისებურებებზე, რადგანაც მისი შემოქმედების ვერსიფიკაციის კანონები, უწინარესად, განსაზღვრულია ეროვნული ბუნებიდან, მისი ხასიათიდან გამომდინარე.
თითოეულ ენას აქვს ყველა სხვა ენებისაგან განსხვავებული ბგერათა სისტემა, თავისებური ბგერათა დაჯგუფება.
ვერსიფიკაციის პრობლემა ქვლივიძის პოეზიაში ბუნებრივად სვამს კითხვას, თუ ლექსთწყობის რომელ ფორმებს მიმართავს იგი და გააზრებული აქვს თუ არა ვერსიფიკაციის შინაგანი კანონზომიერება?
მისი ლირიკის ერთ-ერთი მეტად გამოკვეთილი ნიშანია ლაკონურობა. მცირე რაოდენობა შეგვიძლია დავასახელოთ იმ ლექსებისა, რომლებიც 6-7 სტროფს აღემატებიან, თუმცა უმრავლესობა ორ და სამ სტროფიანია, მაინც შესანიშნავად გამოხატავენ პოეტის გულისნადებსა და განცდებს, ამიტომაც მეტად თავისებურია თითოეული სტროფის ხასიათი და ინტონაცია. "პოეტს მრავლად მოეპოვება კომპოზიციურად შეკრული, ბევრის დამტევი ორსტროფიანი ლექსი, სადაც სათქმელი სხარტად, მოქნილადაა გადმოცემული". წარსულის ტკივილიანი განცდა, პატრიოტიზმი თუ ოპტიმიზმი, ხშირად ზეაღმატებული და ზეაწეული ჟღერადობისა, მას ტრადიციული რეალიზმის ყველაზე მოწინავე ძირებთან აკავშირებს. მის ლექსებში არაფერია ბუნდოვანი, ხელოვნური და გამოგონილი. ამ მხრივ იგი ჭეშმარიტად მიწის, ხალხის პოეტია.
როგორც ცნობილია, არსებობს ლექსთწყობის შემდეგი სისტემები: სილაბური, სილაბურ-ტონური და ტონური.