ლიტერატურა

ნ. ნასყიდაშვილი

"დროების" ლიტერატურული კრიტიკიდან

XIX საუკუნის 80-იან წლებში ლიტერატურის კრიტიკას სოციალური მამხილებლის როლი ჰქონდა დაკისრებული და მხატვრული ნაწარმოების ანალიზით საზოგადოებრივ მოვლენათა განსჯა-შეფასება ევალებოდა, საზოგადოებრივი აზრის ორგანიზატორობა ეკისრებოდა. ამავე დროს, ძლიერდებოდა სალიტერატურო ენის გამდიდრებისათვის, სტილის დახვეწისათვის, ფსიქოლოგიური სიღრმისათვის ბრძოლა.

1875 წლის "დროების" კრიტიკის განყოფილება გიორგი თუმანიშვილმა ჩაიბარა. მისი მთავარი მოთხოვნა იყო, მხატვრულ ნაწარმოებში შინაარსი ყოფილიყო ცხადი, სხარტი, მწყობრი. აქ გამოქვეყნებული წერილების სერიიდან გამოვყოფთ "ნ. ბარათაშვილის ლექსებს", რომელმაც საპატიო როლი ითამაშა რეალისტური ლიტერატურის საუკეთესო მონაპოვართა გაგებასა და პოპულარიზაციაში.

"იმას რასაკვირველია დამტკიცება არ უნდა, რომ ჩვენი საზოგადოებრივი წესი, ჩვენი ხასიათი და მოქმედებანი არ არიან დამყარებულნი სიმართლეზედ, სვინდისზედ და სიყვარულზე. ჩვენ ვმოქმედებთ ესე და არა სხვაგვარათ იმიტომ, რომ სხვაგვარი მოქმედება ჩვენ ჯიბეს ვერას მოუმატებს, ან ჩვენ ამპარტავნობას ვერ დააკმაყოფილებს".

ასე იწყებს გ. თუმანიშვილი თავის კრიტიკულ წერილს "ნ. ბარათაშვილის ლექსები". გაგრძელებაც ისე აქვს წარმართული, გაუგებარია, რა არის ეს, ლიტერატურული სტატია, პუბლიცისტური ნარკვევი თუ კორესპონდენცია.

პრობლემა, რომელიც წამოჭრილი აქვს ავტორს, სოციალური ხასიათისაა და არა მხატვრული. გ. თუმანიშვილს საზოგადოების ზნეობრივი დაქვეითების მიზეზები აწუხებს. 80-იან წლებში ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ქართული ლიტერატურული აზროვნების ყურადღების ცენტრში იყო. "გვყვანდა ჩვენ კაცი, რომელიც გულგრილად ვერ უყურებდა იმ ქვეყანასა "ცრუს და მუხთალსა", მომჟღერალ სოფელს ვერ აჰყვებოდა და ამ თავის ობლობაზე სწერდა ლექსებსა. ამ ლექსებს ჰკითხულობდა აღტაცებით ჩვენში ყველა, ვისაც კი გული არ გაჰქვავებოდა. მაგრამ მოკვდა უდროოდ პოეტი და იმის თაყვანის მცემლებმა, ნათესავებმა და ამხანაგებმა დაივიწყეს დაუვიწყარი პოეტი და იმის ლექსები მხოლოდ ამ ათი თუ თხუთმეტი წლის წინათ ახალ თაობამ გამოსძებნა და ჯერ ბეჭდა სხვა და სხვა ჟურნალებში და ბოლოს, ამ წელს გამოსცა კიდეც მთლად". ეჭვს არ იწევს, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტური ექსპრესია მთელი სიძლიერით გამოჩნდა არა უშუალოდ მის ეპოქაში, არამედ სამოციანი წლების ახალგაზრდა თაობის თვისობრივად ახალი შემოქმედების ფონზე.

...

 

ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილისის პედაგოგიური უნივერსიტეტი
სარჩევი