ქართული აგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე წარმომადგენლის იოანე საბანისძის "აბოს წამება" მრავალმხრივაა საყურადღებო. ამჯერად, ჩვენი მიდგომა თხზულებისადმი სპეციფიკურია. "აბოს წამება", როგორც ისტორიული და ლიტერატურული წყარო, საფუძველს გვაძლევს ვიმსჯელოთ აღზრდა-განათლების საკითხებზე ადრეფეოდალურ საქართველოში.
თავისთავად, მწერლობა ყურადღებას იქცევს "ადამიანთმცოდნეობის" თვალსაზრისით. ჰაგიოგრაფია ხომ იდეალური ადამიანის ამსახველი მწერლობაა. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების ნაწარმოების ძირითადი დანიშნულება სარწმუნოებრივია, მასში მაინც აირეკლება ცხოვრებისეული სინამდვილე, საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების მსოფლგაგება, მისწრაფება და ინტერესი.
ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთოდ მწერლობა და მით უფრო სასულიერო მწერლობა, ზნეობრივ პრობლემებს მიიჩნევს შემოქმედების ობიექტად. ამიტომ იქ, სადაც ზნეობაზეა მსჯელობა, იგი განუყოფელია აღზრდისაგან. ჭეშმარიტი მწერლობა აღზრდას, ადამიანთა სულის სიწმინდეს, მის გასპეტაკებასა და გამშვენიერებას ყოველთვის ემსახურებოდა. მით უფრო ჰაგიოგრაფიული მწერლობა, რომელიც პერსონაჟის განზოგადება-გაიდეალებას მიმართავს და ამით, მხატვრულთან ერთად, უდიდეს სულიერ-აღმზრდელობით ეფექტს აღწევს.