ფსიქოლოგია

ნ. ყუფარაძე

ინტერესის კონცეპტუალური ანალიზი

ინტერესი და მისი განვითარება პიროვნებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ინტერესი, ხშირად, ადამიანის აქტივობას განსაზღვრავს, ხელს უწყობს მისი შინაგანი ძალების, რეზერვების ამოქმედებას, სასწავლო პროცესის წარმატებით ჩატარებას. XIX საუკუნის ბოლოდან ინტერესმა პედაგოგიკაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი დაიკავა. მას განიხილავენ, როგორც ინტელექტუალური, ემოციური და ნებელობითი პროცესების ჯამს. შემეცნებითი აქტივობის წყაროდ კი თანდაყოლილ ინსტინქტებსა და მოთხოვნილებებს მიიჩნევენ, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მთელ ფსიქიკურ მოქმედებას (უ. ჯემსი, ჯ. სელლი). კ. იზარდი ინტერესს მიიჩნევს ემოციად, რომელიც გამორჩეულ მოტივაციურ როლს თამაშობს ჩვევათა, უნართა, ინტელექტის ფორმირებასა და განვითარებაში. ზოგიერთი მკვლევარი ინტერესს მოთხოვნილების შემეცნებით ასპექტად განიხილავს (ვ.გ. ლეჟნევი, გ.ა. ფორტუნატოვი, ა.ვ. პეტროვსკი), ზოგი თვლის, რომ ინტერესი მოთხოვნილებისგან სრულიად განსხვავებული სპეციალური ფსიქოლოგიური კატეგორიაა (ს.ლ. რუბინშტეინი, ნ.გ. მოროზოვა). ბ.ი. დოდონოვი ინტერესს განიხილავს, როგორც არა დროებით ფსიქიკურ მდგომარეობას, როცა ადამიანი რაიმეთია დაინტერესებული, არამედ ადამიანის დამახასიათებელ თვისებად, რაც გამოიხატება რაიმე საგნით ან საქმით გატაცებაში.

ვნახოთ, რა მიმართებაშია ინტერესი მოთხოვნილებასთან, რამდენადაა შესაძლებელი მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. ს.ლ. რუბინშტეინი შეეცადა ინტერესი განეხილა, როგორც განზრახვათა ორიენტაცია, ხოლო მოთხოვნილება - როგორც სურვილების ორიენტაცია. ინტერესი – წერდა იგი, - გამოიხატება ყურადღების, აზრების, განზრახვების ორიენტაციით, მოთხოვნილება – გატაცებით, სურვილებით, ნებისყოფით. ბ.ი. დოდონოვს მიაჩნია, რომ ყოველგვარი გამიჯვნა ინტერესისა მოთხოვლინებიდან განწირულია კრახისათვის. ადამიანი, რომელსაც აინტერესებს მუსიკა, განიცდის მისი მოსმენის მოთხოვნილებას. ვისაც აინტერესებს სპორტი, აქვს მოთხოვნილება თავად ითამაშოს, ან უყუროს სხვის თამაშს. ინტერესი არა მხოლოდ დაკავშირებულია მოთხოვნილებასთან, არამედ არის მოთხოვნილების გარკვეული მოდიფიკაცია, მისი გარკვეული სახესხვაობა (ბ.ი. დოდონოვი). გ.ა. ფორტუნატოვი და ა.ვ. პეტროვსკი თვლიან, რომ მოთხოვნილება არის ადამიანის აქტივობის ერთადერთი წყარო, ინტერესი – მისი წარმოებული ფორმა.

...

 

საქართველოს განათლების სამინისტრო
სარჩევი