პირველი მსოფლიო ომი თურქეთს დიდ პერსპექტივებს უქმნიდა ნანატრი ოცნების - წარსულში დაპყრობილი და შემდეგში დაკარგული ტერიტორიების, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის დაბრუნებისათვის. თურქებს დიდი იმედი ჰქონდათ იმისი, რომ ანტანტის ქვეყნები, პირველ რიგში კი რუსეთი დამარცხდებოდა, რის გამო იოლად დაიბრუნებდნენ არა მარტო დაკარგულ ტერიტორიებს, არამედ ახალსაც შემატებდნენ მათ. ამ ომში რუსეთი არ დამარცხებულა, მაგრამ მეომარი ქვეყნების წინაშე იმდენ დათმობაზე წავიდა, რომ თურქეთს გაუადვილა უცერემონიოდ შეჭრილიყო ამიერკავკასიაში და თავისუფლად ეთარეშა.
თურქები განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობოდნენ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების არამუსლიმან მოსახლეობას. სულ მოკლე დროში სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია თითქმის მთლიანად დაცარიელდა ხსენებული მოსახლეობისაგან, ხოლო ქალაქები ტიპიურ ოსმალურ ქალაქებად იქცნენ. 1920 წელს გაზეთი "სახალხო საქმე" წერდა: ახალციხე იმპერიის დროს ტიპიურ რუსულ ქალაქს წარმოადგენდა. რუსებმა რამდენიმე ათეული წელი მოანდომეს ახალციხის რუსულ გალაქად გადაქცევისათვის ზრუნვას, სამაგიეროდ ოსმალებმა 1918 წელს შემოსვლისთანავე სასწრაფოდ, სახელდახელოდ მოსპეს ყველაფერი რუსული და ქალაქი გააოსმალეს და რუსულ ქალაქს მისცეს ოსმალური ელფერი, თავი ერზრუმში გეგონებოდაო". საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ და თურქეთის მთავრობის ანტიქართული პოლიტიკის სასარგებლოდ იღვწოდა ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის არამკითხე წარმომადგენელი, რომელიც მოქმედებდა არა სამართლიანობის პრინციპით, არამედ სარწმუნოებრივი პოზიციებიდან. ასეთი ადამიანი იყო აზერბაიჯანელი ენვერ ფაიკ ბეი, რომელიც ერთ დროს თბილისში გამოსცემდა ჟურნალს "მოლა ნასრედინი". მას შემდეგ, რაც გართულდა საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა, იგი სტამბოლში აღმოჩნდა, როგორც აზერბაიჯანის წარმომადგენელი თურქეთში. გაზეთ "საქართველო"-ს კორესპონდენტი 1918 წელს წერდა: " მე უნდა განვაცხადო,- ამბობს ენვერ ფაიკ ბეი,- რომ არავითარ შემთხვევაში არ დავსთმობთ არც აბასთუმანსა და არც აწყურს: ორივე ადგილი ახალციხის ხანჯაყის ბუნებრივ საზღვარს წარმოადგენენ და ჩვენ სუნთქვაც კი გაგვიჭირდება თუ ამ პუნქტებზე ხელი ავიღეთ. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს თითქოს ეს ორი ნაჭერი საქართველოს ისტორიულ საზღვრებში იმყოფებოდეს და მისთვის საჭირო იყოს სტრატეგიული თვალსაზრისით.