ქვეყანაში მიმდინარე ის ცვლილებები, რომლითაც ხასიათდება ჩვენი რეალობა, თავისებურ ასახვას ჰპოვებს მოზარდთა ემოციურ სფეროსა და პიროვნების ფორმირებაზე. მოზარდი, ერთის მხრივ, განიცდის მწვავე ასაკობრივ კრიზისს, რომელიც მოზარდის ახალ სოციალურ როლთან, ღირებულებათა გადაფასებასთან, მის თვითშეფასებასთან და სხვა მნიშვნელოვან მომენტებთან არის დაკავშირებული. მეორეს მხრივ, მან უნდა გაუძლოს სასკოლო დატვირთვის მზარდ მოთხოვნებს, რომლებიც მისგან სათანადო ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვენ. ეს ყველაფერი კი მიმდინარეობს იმ მწვავე სოციალურ-პოლიტიკური თუ კულტურული გარდაქმნების ფონზე, რომელსაც დღევანდელ საქართველოში აქვს ადგილი.
ფსიქოლოგიური კეთილდღეობის საკითხის შესწავლით დაინტერესებული მკვლევარები მიუთითებენ, რომ ეს სწორედ ის მდგომარეობაა, რომელიც უკავშირდება წონასწორობის ჯანსაღ მდგომარეობას, მაღალ სასიცოცხლო ენერგიას, სტრესის დაძლევის უნარს და ფსიქო-ფიზიკურ ჯანმრთელობას. ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ნებისმიერი ქვეყნისთვის მომავალი თაობის აღზრდის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს.
ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში ზოგადად მოიაზრება ადამიანის კოგნიტური და აფექტური კომპონენტების ერთობლიობა. ეს არის სუბიექტის მთლიანობითი მდგომარეობა, რომელიც განისაზღვრება ცხოვრებისეული სიტუაციებისაგან მიღებული კმაყოფილებით და პოზიტიური ფსიქიკური ჯანმრთელობით. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ახდენს გავლენას, ის პიროვნული და სოციალური რესურსი, რომელიც მას ეხმარება საკუთარი მიზნების მიღწევაში.