ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება ორგანოების და ქსოვილების გადანერგვას ცხოველებიდან ადამიანზე. ცხოველებიდან ადამიანებზე სისხლის გადასხმისა და ორგანოების გადანერგვის ცდებს დიდი ხნის ისტორია აქვს. თუმცა მხოლოდ გენური ინჟინერიის სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესისა და ციკლოსპორინის შექმნის შემდეგ, რომელიც თრგუნავს ტრანსპლანტატების მოცილების რეაქციას, ამცირებს ცხოველი-დონორების გენომის გარდაქმნას ჰისტოშესაბამისობის უზრუნველსაყოფად, გამოჩნდნენ რეალური კომერციული პროექტები ქსენოტრანსპლანტაციის სფეროში. ადამიანის დონორული ორგანოების და ქსოვილების მზარდი დეფიციტი ბუნებრივად ზრდის საზოგადოების ინტერესს ქსენოტრანსპლანტაციის მიმართ. ამ დეფიციტს იწვევს და აძლიერებს თვით ტრანსპლანტოლოგიის წარმატებები. მოთხოვნა ორგანოებზე იზრდება დაახლოებით 15%-ით წელიწადში და ბევრად აღემატება დონორების რიცხვს, რომელიც ბევრ ქვეყანაში თანდათან მცირდება. ამერიკაში “ლოდინის ფურცლებზე” ტრანსპლანტაციისათვის ორგანოების მისაღებად 40000 ადამიანი იმყოფება, მაშინ როცა 1995 წელს ტრანსპლანტაციისათვის სულ 8000 ორგანო მიიღეს. სამი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მიიღო შესაფერი ორგანო.
ადამიანებთან გენეტიკურად შედარებით ახლოს არიან პრიმატები. თუმცა, სწორედ ადამიანთან ევოლუციური სიახლოვის შედეგად და ემოციური რეაქციებისა და ქცევების მსგავსების გამო, მათი გამოყენება დონორის ორგანოების სახით დიდ წინააღმდეგობას იწვევს ცხოველთა უფლებების დამცველთა მხრიდან. ამასთან, იგივე ევოლუციური სიახლოვე აძლიერებს იმ ვირუსული ინფექციების გადაცემისა და ადამიანებში მათი შემდგომი გავრცელების რისკს, რომლებიც პრიმატებს გააჩნიათ, მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ-ჯერობით არ არსებობს ადამიანებში. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ადამიანები საკვებად პრიმატებს, პრაქტიკულად, არ გამოიყენებენ. მათი წინასწარგანზრახული მკვლელობა (სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების ამოღებისთვისაც კი) არ არის სანქცირებული მყარი ტრადიციით, როგორც ამას ადგილი აქვს შინაური ცხოველების შემთხვევაში.