სიტყვის მაგიურ ძალაში ეჭვი არასოდეს ეპარებოდათ. ლოცვაა უდიდესი სიკეთე და მადლიერება, ამასთან იმედი შეჭირვებულთა და ნუგეში სასომიხდილთა. წყევლა განრისხებულთა და ბოროტთა შურისძიების ბასრი იარაღია.
ბიბლიის მიხედვით მთელი სამყარო სიტყვით შეიქმნა და შეიძლება ითქვას, მისითვე სულდგმულობს კაცობრიობა, მას ხომ სიყვარულსა და სიძულვილშიც ლომის წილი აქვს.
რწმენა წარმოდგენათა მიხედვით, სიტყვის მაგიურ ძალას ადამიანის ბედისწერის შეცვლაც კი ძალუძს. გადმოცემათა მიხედვით, განსაკუთრებით საფრთხილო დემონურ ძალთა წყევლა-ლოცვაა.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ზეპირსიტყვიერ ტექსტებში დევ-კერპები ფლობენ მაგიურ საიდუმლოს და სასწაულებრივ ნივთებს. ისინი ბარაქა-დოვლათის მიმნიჭებელნი არიან მოკვდავთათვის. შესწევთ უნარი ლოცვისა და ბედნიერად ითვლება ის, ვინც დევმა დალოცა, სამაგიეროდ საშინელია მათი წყევლა, რომელიც ხშირად თაობებზე ანუ მამაშვილობაზე და მთელ საგვარეულოზე გადადის.
გუდამაყრისა და ხადის ხეობაში, აგრეთვე სვანეთსა და რაჭაში, სახელდება ცალკეული გვარები, ვინც დევის დანაწყევარია.
ითვლებოდა, რომ დევის რისხვა დიდი უბედურების მომტანი იყო, ამიტომ აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდათ ავსულის გულის მოგება, რადგან რწმენა-წარმოგენათა მიხედვით, გაბრაზების შემთხვევაში, დევი ავლენს მზაკვრულ ბუნებას, სხვა დემონურ ძალთა მსგავსად წყევლის და ტოვებს ოჯახს, რაც ნათლად ვლინდება ნარაანთ დევის მაგალითითაც: სოფელ წკერეში მიუთითებენ ადგილს, სადაც ოდესღაც დევი სანდრა მდგარა. ნარაანთ ერდოსთან, დღევანდელ საბძელში, "დევური წესით" რაც "ქაჯ-ეშმაკის წესის" იდენტურია, ხელუკუღმა უდგამდნენ საჭმელ-სასმელს. როცა ოჯახს ახალი წევრი შემატებია, პატარძალი მოყვანისთანავე სათანადოდ დაურიგებიათ: "პირველ რიგში იმას მიუტანოდე საჭმელსა, მერე ოჯახსა. ამ ქალმა ერთხელ გააკეთა ეგრე, მეორედ, მერე შესწყინდა, ადგა და პირდაპირ მიუტანა... უნდა ჭამოს, უნდა ეგრე იყოსო".