საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები საუკუნეებს ითვლის. ეს კონტაქტები საკმაოდ ღრმად არის შესწავლილი და ამ საკითხზე აღარ შევჩერდებით. ჩვენი კვლევის საგანი მონტობანის ქართველ კათოლიკეთა კერაა.
XIX საუკუნის საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ცენტრებიდან მონტობანის ქართველ კათოლიკეთა სავანეს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. აქ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან ქართველი კათოლიკეები საკმაოდ ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწევიან.
საქართველოს რუსეთთან შეერთებამ დიდი ცვლილებები გამოიწვია ქართველ კათოლიკეთა ცხოვრებაში. ცარისტულმა რუსეთმა საქართველოდან კათოლიკე მღვდლები განდევნა, ხოლო ქართულ კათოლიკურ ეკლესიებში ლათინური ტიპიკონი და ღვთსმსახურება გააუქმა. 1845 წელს რუსეთის მთავრობა აგრეთვე კრძალავს ევროპიდან კათოლიკე მისიონერთა შემოსვლას საქართველოში. მეტიც, იგი ჩვენში სომხური ტიპიკონის გავრცელებას იწყებს მაშინ, როდესაც ისტორიულად ქართველები ლათინურ ტიპიკონს მისდევდნენ. ამიტომ ქართველი კათოლიკეები, საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, მონასტრებს საქართველოს გარეთ აარსებენ, კერძოდ, ოტომანთა იმპერიაში (კონსტანტინოპოლში) და საფრანგეთში (მონტობანში).
ქართველმა კათოლიკეებმა კონსტანტინოპოლში საკუთარი კონგრეგაცია დააარსეს, კერძოდ, 1859 წელს დიდი ქართველი პატრიოტი, პატრი პეტრე ხარისჭირაშვილი კონსტანტინოპოლში აფუძნებს მონასტერს "კონსტანტინოპოლის ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახვის სახელზედ". იქვე ქართული სტამბაც გაიმართა. სწორედ ამ კონგრეგაციის წარმომადგენელი ქართველი კათოლიკენი მიემგზავრებიან საფრანგეთში, კერძოდ კი, მონტობანში, სადაც ისინი ქართულ მონასტერს უყრიან საფუძველს.