მსოფლიო გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესი დღის წესრიგში აყენებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ეროვნულ ფასეულობათა დაცვისა და მეცნიერული კვლევის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა განისაზღვროს საქართველოს ქრისტიანული კულტურის ძეგლთა ადგილი და მნიშვნელობა ზოგადქრისტიანულ კულტურულ წრეში. კერძოდ თუ რა წვლილი შეიტანა ქართულმა ქრისტიანულმა კულტურამ, მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარების ისტორიულ-კულტურულ პროცესში.
გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანება, რომელიც წმ. დავით გარეჯელის მიერ დაარსდა VI საუკუნეში, ქრისტიანული აღმოსავლეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად რჩებოდა ასწლეულების განმავლობაში. იგი ადრეული და განვითარებული შუასაუკუნეების აღმოსავლური მონასტიციზმის აღიარებულ ცენტრს წარმოადგენდა. ამის წყალობით გარეჯის მრავალმთაში დღემდე შემორჩენილია შუასაუკუნეების ფაქტობრივად ყველა ეტაპის მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლები: ტაძრები, ეკლესია-სამლოცველოები, სატრაპეზოები, სენაკები, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების გამოქვაბულები, ჰიდროტექნიკური და საფორტიფიკაციო სისტემები. მონასტრების ტაძრები, ეკლესია-სამლოცველოები, სამარტვილეები და სატრაპეზოები მოხატულია IX-XIV სს. გარეჯის სამხატვრო სკოლის ფერწერული შედევრებით (სცენები სახარებიდან, წმინდანების გამოსახულებები, სამეფო ქტიტორული პორტრეტები. დღემდე შემორჩენილია ქართული და უცხოენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები, ისტორიული საბუთები თუ სიგელ-გუჯრები.