პარტიების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ქვეყანაში დაკავშირებულია საზოგადოების მოდერნიზაციასთან და განვითარებასთან. გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებთ იგივე შეიძლება ითქვას პარტიების ჩამოყალიბებაზე თურქეთში, სადაც პირველი პოლიტიკური პარტიები ჩნდებიან ოსმალეთის იმპერიაში ფართო რეფორმატორული მოძრაობის დაწყების შემდეგ. პირველ ასეთ გაერთიანებად შეიძლება ჩაითვალოს "ახალგაზრდა ოსმალთა" მოძრაობა, რომელსაც მოსდევს "ახალგაზრდა თურქთა" პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანობა და პროგრესი".
მართალია ეს მოძრაობები თანამედროვ გაგებით პოლიტიკური პარტიების თვისებებს ნაკლებად ატარებდნენ, მაგრამ სწორედ მათ მიერ დამკვიდრებული თურქული პოლიტიკური კულტურის ტრადიციებს ეფუძნება რესპუბლიკურ თურქეთში პოლიტიკურ პარტიათა სისიტემის განვითარება. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია მიმოვიხილოთ, როგორც ამ პირველ თურქულ პოლიტიკურ გაერთიანებათა ჩამოყალიბება და იდეოლოგია, ასევე ის რეფორმატორული მოძრაობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასეთი გაერთიანებების შექმნის წინაპირობის უზრუნველყოფა.