ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ი. გოგოლიძე

პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება და ბათუმის საკითხი 1918-1920 წწ.

სტატიაში საუბარია იმ რთულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნა აჭარაში 1918-1920 წლებში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხანმოკლე არსებობის მანძილზე აჭარა დიდი სახელმწიფოების (რუსეთი, თურქეთი, ინგლისი) დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა. ჯერ ოსმალეთის (1918 წლის აპრილ-ნოემბერი), შემდეგ ინგლისის (1918 წლის დეკემბერი — 1920 წლის ივნისი) ოკუპაციის პერიოდში ბათუმი და ბათუმის ოლქი მრავალ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირების რეგიონად გადაიქცა.

ბათუმსა და ბათუმის ოლქში ინგლისელთა შემოსვლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო რთული და დაძაბული გახდა. ანტიქართული მოძრაობის წარმმართველ ძალას აჭარაში წარმოადგენდა რუსული ეროვნული საბჭო და თურქოფილური დაჯგუფებანი, რომელთაც მფარველობასა და დახმარებას უწევდნენ ინგლისელები. ბათუმში არსებულ პოლიტიკურ დაძაბულობას ხელს უწყობდა დიდ სახელმწიფოთა ამიერკავკასიური პოლიტიკა. "ბათუმის საკითხთან" დაკავშირებით ანტანტის სახელმწიფოთა შორის არსებობდა წინააღმდეგობანი, რაც ძირითადად განპირობებული იყო აქ ინგლისელების ერთპიროვნული გავლენითა და მმართველობით. ბათუმის საკითხი განხილულ იქნა კონფერენციებზე ლონდონსა (1920 წლის თებერვალ-მარტი) და სან-რემოში (1920 წლის აპრილი), სადაც გადაწყდა ქალაქ ბათუმის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება პორტო-ფრანკოს სტატუსით.

ბათუმის ოლქის საკითხის გადაწყვეტაზე ზეგავლენა მოახდინა 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოსს ხელშეკრულებამ. ინგლისის ხელისუფლება იძულებული გახდა ეცნო საქართველოს უფლებები ბათუმის ოლქზე. 1920 წლის 28 ივნისს მოკავშირეთა წარმომადგენლებმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ბათუმისა და ბათუმის ოლქიდან ჯარების გაყვანის შესახებ. ბათუმის ოლქის გადაცემა საქართველოსათვის 7 ივლისს მოხდა.

 

ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი