ნაშრომში, უპირატესად საქართველოს განთავისუფლებისათვის გმირული ბრძოლების მეთაურის - ალექსანდრე ბატონიშვილის კავკასიის მთიანეთის ამა თუ იმ კუთხეში გაგზავნილი წერილების საფუძველზე, გამოკვლეულია იმდროინდელი მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის, დროებით შეწყვეტილი ხელჩართული ბრძოლების გამო დამყარებული შედარებითი მშვიდობიანობის დროს რაზმების შედგენისა და მომავალი საომარი ოპერაციებისათვის აუცილებელი სამზადისი (თუშ-ფშავ-ხევსურთა რაზმების ჩამოსაყალიბებლად და სხვა). დაღისტნის სამხრეთ ნაწილიდან, ძირითადად ანწუხიდან გაგზავნილი ალექსანდრე ბატონიშვილის წერილები მიმართულია ფშავის დეკანოზ-ხევისბერებისა (ლაშქარა, გამიხარდი, ხახა) და მხარის მოსახლეობისადმი.
ცალკეული დოკუმენტები გვაცნობენ გამოჩენილი სარდლის თაყვანისცემას ფშავში არსებული ქართული სიწმინდეებისადმი (თამარ მეფის ხატი, კოპალა, ლაშარის ჯვარი).
ამ იდეოლოგიურ წანამძღვრებთან ერთად ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ალექსანდე ბატონიშვილის ღონისძიებებს სამხედრო გეგმების განსახორციელებლად _ სააგიტაციო მოწოდებების შედგენა _ გაგზავნას და ხალხში გავრცელების მეთოდებს.
აქ განხილულ ახლადმოპოვებულ წერილებს, მოწოდებებს, წყალობის სიგელებს და სხვა ცნობა-ჩვენებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ განმათავისუფლებელი მოძრაობის ამ შეუდრეკელი იდეოლოგისა და წინამძღოლის მოღვაწეობის შემდგომი შესწავლა-შეფასებისათვის.პ>