2001 წელს წმ. იოანე ნათლისცემლის მონასტრის სატრაპეზოსთან არსებული წყლის რეზერვუარის გაწმენდისას აღმოჩენა ლითონის ნივთები: სპილენძის ორი თეფში, თითბირის შანდლის სადგარი (ძირი), სპილენძის ნაწილი, აგრეთვე რკინის მაკრატელი.
აღმოჩენილ თეფშებში (XVII-XVIII სს.) - ზოგადადაა აღბეჭდილი დღეისთვის ცნობილ სახესხვაობათა ცალკეული მახასიათებლები. ამასთან ერთად, ჩვენთვის ხელმისაწვდომ მასალაში რომელიმე მათგანის ზუსტი ანალოგი არ დასტურდება. ერთ-ერთი მათგანის გარეპირზე ამოკვეთილი კალიგრაფიული მხედრულით შესრულებულ ერთსტრიქონიან წარწერაში დასახელებულია დამკვეთი, ქსენეფორე თუმანიშვილი.
სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი ახლად მიკვლეული თეფშების ადგილობრივ სამონასტრო სახელოსნოში დამზადების თაობაზე. ამასთანავე, არ გამოირიცხება იმის შესაძლებლობაც, რომ ისინი შეწირულობათა გზით უნდა მოხვედრილიყო წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. საარქივო დოკუმენტები მოწმობს, რომ გარეჯის დიდ მონასტრებში XVII-XIX სს. მრავლად ყოფილა სპილენძისა და ვერცხლის ჭურჭელი, მათ შორის თეფშები წარწერებითურთ.
შანდლის სადგერი (XVII-XVIII სს.) - შიდა და გარე პირებზე ამოკვეთილია განსხვავებული ხელნაწერის მხედვრული წარწერები, რომლებშიც მითითებულია შემწირველის სახელი – მეფე თეიმურაზი, აგრეთვე ოსტატი – ნარმანთ ოსეფა. შანდლის დამზადების სავარაუდო პერიოდი, ისევე როგორც საქტიტორო წარწერების პალეოგრაფია, საფიქრალს ხდის, რომ პირველ წარწერაში მოხსენებული უნდა იყოს მეფე თეიმურაზ II (1733-1762), რომლის შეწირულობები გარეჯისადმი კარგადაა ცნობილი (Qd-2795, Ad-737). თეიმურაზ II-ს თავადაც მოულოცავს მრავალმთის მონასტრები – ამაზე მეტყველებს უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრის სადიაკვანოში შემოჩენილი წარწერა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვერ გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მიკვლეული შანდალი, თეიმურაზ II-ს სწორედ გარეჯის ყოფნისას უნდა შეეწირა მრავალმთის ერთ-ერთ უძველესი უდბნოსადმი. მეორე წარწერაში, მასში მოხსენებული პირის შესაძლო გაიგივებისას, გასათვალისწინებელია თბილისის ისტორიათან დაკავშირებულ დოკუმენტური მასალა, რომელშიც ქალაქელ ხელოსანთა შორის მეშანდლეებიცაა დასახელებული. გამორიცხული არ არის, რომ დავით გარეჯის მონასტრის შეწირულობისათვის განკუთვნილი შანდალი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ოსტატის, ნარმანთ ოსეფას მიერ იქნა შესრულებული.