სტატიაში განიხილება ს. ცინცაძის საკვარტეტო შემოქმედებაში წარმოდგენილი ფუგირებული ფორმების სპექტრი: მათი შინაარსობრივი, დრამატურგიული და კომპოზიციური როლი, ფუგის კომპონენტების (თემა, პასუხი, დაპირისპირება, ინტერმედია, სტრეტა) თავისებურებების გამოვლენა და პროცესუალური განვითარების მეთოდები. ფუგირებული ფორმების დრამატურგიული და კომპოზიციური როლი, ისევე როგორც ფუგირებული და არაფუგირებული პოლიფონიური ხერხების თანაფარდობა, შესწავლილია ცალკეულ ნაწილებშიც და მთელი ციკლის მასშტაბშიც "დიდი პოლიფონიური ფორმის" დადგენის მიზნით; ნაჩვენებია ჰიბრიდული - თვით პოლიფონიური (ფუგა-ფუგატო) და პოლიფონიურ-ჰომოფონიური (ფუგა-სონატა, ფუგა-რონდო-სონატა) ფორმების გამოყენების თავისებურებები.