კულტურა

ზ. ოიკაშვილი

ოთარ თაქთაქიშვილის ჰარმონიის ეროვნული ნიშან-თვისებების ზოგიერთი საკითხი

ოთარ თაქთაქიშვილის ჟანრულად მრავალფეროვან საკომპოზიტორო მემკვიდრეობაში დემონსტრირებულია მისი მკვეთრი ინდივიდუალურობა, სტილის ორიგინალურობა, მყარი შემოქმედებითი პრინციპები. მისი შემოქმედებითი სახის ძირითადი შტრიხებია – ეროვნულობა, ტრადიციულობა, ნოვატორობა. ეს სამი უმთავრესი თვისება ვლინდება მთლიანი თხზულების შემადგენელ ყველა კომპონენტში და მაინც, ეროვნულობის საკითხი თვით კომპოზიტორისთვის ძალზე სისხლხორცეული იყო, რასაც მისი შემდეგი ფრაზებიც მეტყველებს: "დღეს მე ყველაზე მეტად მაღელვებს ჩვენი მუსიკის ეროვნულობის, ეროვნული ტრადიციების განვითარების საკითხი [1: 40]. იგივეს მეტყველებს შემდეგი გამონათქვამიც: "თანამედროვე მუსიკოსი უნდა გრძნობდეს თავის ისტორიულ პასუხიმგებლობას ეროვნული კულტურის წინაშე. იგი უნდა იბრძოდეს მისი დაცვისა და განვითარებისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ მისი შენარჩუნება შეუძლებელია მხოლოდ ორგანული განვითარების გზით" [2: 7].

ხალხური, ეროვნული ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ხარისხობრივი მაჩვენებელია, რამაც განაპირობა მისი მუსიკისთვის დამახასიათებელი დრამატურგიული თავისებურებები. კომპოზიტორის აზროვნების ერთ-ერთ ძირითად მასაზრდოებელ წყაროს უნიკალური ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერა წარმოადგენს, რაც უწინარესად, ცხადია, ოპერების საგუნდო მონაკვეთებში, თუ კანტატა-ორატორიული ჟანრის ქმნილებებში შეიგრძნობა.

ოთარ თაქთაქიშვილის მუსიკის თავისთავადობა ეროვნულობიდან იღებს სათავეს. მისი მუსიკა იმდენად ეროვნულია, რომ მუსიკალურ გამომსახველობითი საშუალებების განხილვა შეუძლებელია ქართული ხალხური მუსიკის თავისებურებების, კანონზომიერებების გაუთვალისწინებლად.

როდესაც საკომპოზიტორო ხელწერაში არსებულ ეროვნულ საფუძვლებს ვეხებით, ცხადია, უწინარესად ვგულისხმობთ ხალხური მუსიკისთვის სახასიათო დიატონურ კილოებს, მკვეთრად გამოხატული ინტონაციური ფორმულებითა და სეკუნდური ჰარმონიული მიზიდულობებით, აკორდულ სტრუქტურებს, პირველ რიგში არატერციული წყობის აკორდებს, ქართული ხალხური სიმღერისთვის დამახასიათებელ საკადანსო საქცევებს. მათი გამოჩენა პროფესიულ მუსიკაში, ბუნებრივია, უფრო აღრმავებს ეროვნულობის ელფერს.

ოთარ თაქთაქიშვილი ქართული ხალხური მუსიკის შესანიშნავი მცოდნე და დამფასებელი იყო, ამიტომაც შეძლო ეროვნული ტრადიციების განვითარება. მის ქმნილებებში ნათლად იგრძნობა ეროვნული სული, ქართული იერ-სახე და ტემპერამენტი. ხალხური მუსიკის თავისებურებებმა მის თხზულებებში ჰპოვეს ჭეშმარიტი შემოქმედებითი გაცისკროვნება. სწორედ ხალხური მუსიკის კანონზომიერებების შემოქმედებითი გარდატეხა, ტრანსფორმაცია, მათი მჭიდრო შეკავშირება ევროპული პროფესიული მუსიკის თავისებურებებთან იქცა ერთ-ერთ სახასიათო თვისებად ოთარ თაქთაქიშვილის ხელწერისთვის. ამ შემოქმედებითად გარდაქმნილ ფორმებს კი იგი საოცარი ორიგინალობითა და თვითმყოფადობით წარმოაჩენდა.

საკმაოდ ნიშანდობლივია ოთარ თაქთაქიშვილის მოსაზრება, რომელიც მან ევგენი მაჭავარიანთან ინტერვიუში გამოთქვა: კითხვაზე, თუ როგორი იყო მისი დამოკიდებულება თანამედროვე მუსიკაში ფოლკლორის გამოყენების მიმართ, კომპოზიტორმა უპასუხა: "არ ვთვლი, რომ ფოლკლორის გაშუალებული გამოყენება მისგან განდგომას ნიშნავდეს. ჩემი აზრით, ფოლკლორის გაშუალებული გამოყენების საფუძველს მისი სულიერი შეცნობა, ფართო და იმავდროულად, მართებული, კონკრეტული სმენითი შთაბეჭდილება უნდა ქმნიდეს. საერთოდ კი, ეს ფაქიზი საკითხია, რომელსაც მუსიკის ზედმიწევნითი ანალიზი ესაჭიროება.

ჩემს ბოლო თხზულებებში (ინტერვიუ 1974 წლით არის დათარიღებული. ზ.ო.) არის ფოლკლორისადმი მიმართვის ნიმუშები. არ მიყვარს პირდაპირი ციტირება, თუმცა, რასაც მე ვაკეთებ, ყველასთვის ხომ ნორმა ვერ იქნება.

ჩემს ოპერაში "მინდია" არ არის არც ერთი ფოლკლორული ციტატა, "მეგრული სიმღერები" კი, ხალხური ნიმუშების დამუშავებაა, "გურული სიმღერები" მეტი თავისუფლებით არის შექმნილი. ყოველ შემთხვევაში, ქართული ხალხური მუსიკა ჩემს სულში ბინადრობს" [3: 4].

ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებებში გვხვდება როგორც ციტირების ნიმუშები, ასევე ხალხური მუსიკისთვის სახასიათო პრინციპების შემოქმედებითი გამოყენების მაგალითები, ხშირ შემთხვევაში იგი ამუშავებდა ფოლკლორის სიღრმისეულ შრეებს, რითაც მუსიკა მეტ ეროვნულ თავისთავადობას იძენდა.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორისთვის ერთნაირად ახლობელია როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს მუსიკალური ფოლკლორი, ზოგჯერ კი, მისი თხზულებების ერთ-ერთ სტილურ საფუძველს ქართულ საგალობლებთან სიახლოვეც წარმოქმნის. ამიტომაც შეინიშნება მის მუსიკაში ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება. უმთავრესად, ყოველივე ეს გარდატეხილია თაქთაქიშვილისეული პროფესიული საკომპოზიტორო ხელწერით და შეჯერებულია კლასიკური მუსიკის ნორმებთან.

ქართული ხალხური სიმღერის გარდა, თაქთაქიშვილის ინტერესის სფეროში მოქცეული იყო ხალხური საკრავიერი მუსიკაც. იგი ხშირად მიმართავდა ხალხური ინსტრუმენტების იმიტირებასაც. ამის თვალსაჩინო ნიმუშია საფორტეპიანო სიუიტა "ქართული ხალხური ინსტრუმენტების მიბაძვა." აქ კომპოზიტორი საფორტეპიანო ფაქტურით ასახიერებს სალამურისა და ჩონგურის, ფანდურის, დუდუკის, დოლის ჟღერადობას. ჩონგურის იმიტირების ჩინებული ნიმუშია მისი პირველი საფორტეპიანო კონცერტის სკერცო. ნიშნადობლივია ამ მიმართებით კანტატა "გურული სიმღერების" მესამე ნაწილი "ხორუმი". ორიგინალურია თვით საკომპოზიტორო ჩანაფიქრიც, რადგან საცეკვაო, ინსტრუმენტული მუსიკის ხორცშესხმას თაქთაქიშვილი ახორციელებს წმინდა ვოკალური საშუალებებით – “ხორუმს" ასრულებს ვაჟთა ოქტეტი და გუნდი, რომლებიც წარმოთქვამენ გლოსოლალიებს.

ოთარ თაქთაქიშვილის არაერთ ინსტრუმენტულ ნაწარმოებშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ვოკალურ და საგუნდო ქმნილებებზე, შეინიშნება მსგავსება ფოლკლორული სასიმღერო ნიმუშების საშემსრულებლო მანერასთან. გარდა ამისა, საგუნდო ნაწარმოებებში, ზოგჯერ კი ოპერების საგუნდო ეპიზოდებში, ვლინდება ხალხური სიმღერის ფაქტურულ წყობასთან სიახლოვეც, მაგრამ ამ სფეროშიც კომპოზიტორი სრულ თვითმყოფადობას ავლენს. თაქთაქიშვილის მუსიკაში ეროვნულობა ხშირად ამოიცნობა მელოდიათა წყობის, ხმათასვლის პრინციპებისა თუ რიტმულ-ინტონაციური მიმოქცევების წარმომავლობითაც. მაგრამ ხალხური ინტონაციის ავტორისეულ ტრანსფორმაციას ხაზს უსვამს სინთეზი კლასიკურ, ევროპულ კანონზომიერებებთან.

ცხადია, ეროვნულობას მნიშვნელოვნად განაპირობებს მუსიკალური ნაწარმოებების კილოებრივი საფუძველი. ამ თვალსაზრისით, ოთარ თაქთაქიშვილის ქმნილებებში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ეროვნული ფუძე, რამდენადაც მისი ჰარმონიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, დომინირებულ პლასტს მოდალური კილოები წარმოქმნიან, რაც ქართული ხალხური მუსიკის კილოებრივ საფუძვლებთან კავშირით აიხსნება.

თაქთაქიშვილის ნაწარმოებებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული ხალხური მუსიკისთვის სახასითაო ტერციული და არატერციული წყობის აკორდები, რაც მის ქმნილებებს მეტი ხალხურობის, ეროვნულობის ელფერს მატებს. ქართველ კლასიკოსებთან შედარებით, ო. თაქთაქიშვილის თხზულებებში ამ აკორდებს გამოვლენის მრავალგვარი ფორმები ენიჭებათ. ზოგჯერ, არატერციული წყობის აკორდების ვერტიკალში გაერთიანება პოლიაკორდებსაც წარმოქმნის.

კომპოზიტორი ხშირად იყენებს ქართული ხალხური მუსიკისთვის სახასიათო საკადანსო საქცევებსაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მუსიკის ეროვნულ საფუძვლებს. საერთოდ, საკადანსო საქცევები, მჭიდროდ დაკავშირებული ფორმასთან და ფორმაქმნადობასთან, მნიშვნელოვნად საზღვრავენ თაქთაქიშვილის თხზულებების მუსიკალური დრამატურგიის თავისებურებებს.

ოთარ თაქთაქიშვილის მუსიკალური ენა, აზროვნება ნოვატორულია და მეტად თავისებური, რაც, უწინარესად, განაპირობა მისმა თვითმყოფადმა მიდგომამ ხალხური და პროფესიული მუსიკის მიღწევების სინთეზირებისა და თანამედროვე პრიზმაში გარდასახვის ინტელექტუალურმა უნარმა.

ხალხურის, ეროვნულის სწორი აღქმა და შემოქმედებითი გარდასახვა არის ოთარ თაქთაქიშვილის უმთავრესი შემოქმედებითი ხარისხი, რითაც აიხსნება მისი შემოქმედებითი დრამატურგიის თავისებურება. სწორედ აქედან მომდინარეობს მის შემოქმედებაში იმ გამაერთიანებელი მეთოდის აზრობრივი დატვირთვა, რომელსაც არა ოდენ ფოლკლორული საფუძველი გააჩნია, არამედ ამ სულიერ სიმდიდრეს შემოქმედებითად აკავშირებს ზოგადევროპული და ქართული მუსიკალური კულტურის უკვე აღიარებულ შედეგებთან.

მაღალმხატვრული ღირებულებებით, ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა და, განსაკუთრებით, ზაქარია ფალიაშვილისეული ტრადიციების გაგრძელებით, რაც გამოხატულია ეროვნული და ზოგადევროპული მუსიკის მიღწევებისა და კანონზომიერებების ღრმა წვდომით, შემეცნებითა და განვითარების ახალ საფეხურზე აყვანით, ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედებამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ეროვნული მუსიკის ისტორიაში.

 

ლიტერატურა

  1. ო. თაქთაქიშვილი. საბჭოთა ხელოვნება, 6, 1979.
  2. ო. თაქთაქიშვილი. საბჭოთა ხელოვნება, 9, 1980.
  3. Мачавариани Е. В кн.: Творчество, вестник композитора, вып. 2 М., 1976.

 

ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
სარჩევი