ენათმეცნიერება

ქ. სოხაძე

დღე "კვირა" და ღვთაება "კვირია"

ქართულ სალიტერატურო ენაში კვირის დღეთა სახელდებაში დამკვიდრებული ებრაული "შაბათის" სისტემა ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში იკაფავდა გზას [1: 158], რასაც "შუშანიკის წამება" და ჩვენამდე მოღწეული ხანმეტი ძეგლებიც ადასტურებენ.

ჩვენი კვლევის საგანი ამჯერად სახელწოდება "კვირა" გახლავთ, რომელიც "პარასკევთან" ერთად ამოვარდნილია "შაბათის" სისტემიდან. სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებული ეტიმოლოგიის მიხედვით ორივე ბერძნულიდან ნასესხებ ტერმინად ითვლება. ჩვენში სახარების პირველ თარგმანებთან ერთად დამკვიდრდა [1: 114]. უძველეს ძეგლებშივე კვირის (დღის აღმნიშვნელის) ნაცვლად "ერთშაბათი" გამოიყენებოდა, რაც ასევე ჯდება ნასესხებ ებრაულ სისტემაში და მოგვიანებით შეუცვლიათ ბერძნული სიტყვით [1: 114].

"რომელი განთნდებოდა ერთშაბათად," – მთ. 28.1

"ერთშაბათსაცა განვალეთ კარი იგი," – ანან. ებრ. 42Г [2: 150]

სულხან-საბას (სამწერლო ქართული) მიხედვით კი, ეს მზის დღე||მზირა დღეა [3: 651]. ამ უკანასკნელს სრული ფონეტიკური შესატყვისობით იმორებს ქართველურ ენათა მონაცემები, სადაც გვაქვს:

ბჟაშხა||ჟაშხა||ჟეშხა ბჟაჩხა||ბჯაჩხა მიშლადეღ||მიშლადﺓდ (ბზ)||მйჟელﺓდეღ (ლნტ)
[4: 34] [4: 265] [5: 140] [6: 571]

თავიდანვე უნდა შევნიშნოთ, რომ მეგრულში ამ ლექსემაში ხშირ შემთხვევაში დაკარგულია თავკიდური ბ – თანხმოვანი. ასეთივე გარემოებაა თვით სიტყვაში ბჟა ("მზე"), რასაც ჭანური მასალა ყოველთვის აფიქსირებს. ეს მოვლენა კარგად აქვს გადმოცემული გ. ელიავას ენის გასატეხში: "თუთა, თახა, ჯუმა, ცა, ობი, საბატონი, ჟა" [7: 333]. სწორედ "ჟა" ფორმა გვაქვს ივ. ჯავახიშვილის მიერ დამოწმებული მასალაშიც [1: 164]. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ბ – ნივთის კლასის ნიშანია [8: 49; 9: 105] და, ვფიქრობთ, მეგრულმა ეს შეგნებულად "დაკარგა" ენაში კლას-კატეგორიის რეალურად გაქრობის, უფრო სწორედ, მზის ანდროპომორფულ ღვთაებად ქცევის გამო, თორემ ლექსემაში "ბჟა" (რძე) ისევ დარჩა კლას-კატეგორიის ნიშანი.

ივ. ჯავახიშვილის აზრით, "მზის დღე"||"მზირა დღე" მოსაზღვრულ-საზღვრულია [1: 164], რასაც ქართველურ ენათა მონაცემებიც ადასტურებს:

ქართ. მეგრ. ლაზ. სვან. მზის დღე||კვირიაკე ბჟაშდღა ბჟაჩხა მიშლადეღ||მйჟელрდეღ ||საუფლო[10: 207] ||ჟაშხა||ჟეშხა ||ბჯაჩხა ||მიჟელადეღ

სადაც "შხა", "ჩხა", "დღა" და "ლადეღ" თავისი მნიშვნელობით ზუსტი ფონეტიკური შესატყვისობებია ქართული ლექსემისა "დღე" [11: 94], ხოლო ბჟა და მიშ||მიჟ – "მზე" [11:38].

ზემოთქმულის მიხედვით, ამ ტერმინის საერთოქართული მნიშვნელობა ყოფილა *მზის დღე. მოგვიანებით კი სალიტერატურო ქართულმა სინტაგმა გაამარტივა და მივიღეთ: *მზის დღე ® მზისა ®მზირა. ეს უკანასკნელი ფორმა სულხან-საბასა აქვს ფიქსირებული. ჭანურში კი მჟორა||ბჟორა ალოფონების [1: 165] სახით არის დადასტურებული.

ლექსემა "მზე" რომ შედარებით გვიან არის გაჩენილი ქართულ ლექსიკურ ფონდში, ამაზე არავინ შემოგვედავება და იგი აფხაზური ამზა-ს ("ვარსკვლავი") და ამйშ-ს (მეგრულ-ჭანური "ვარსკვლავის" ოდნავი სახელსხვაობა) შესატყვისია [12: 146].

გარდა ამისა, ისიც ცნობილია, რომ მზე “ დღე ჩვეულებრივი მოვლენაა არა თუ ქართულ-ქართველურ [12: 140], არამედ მთის კავკასიურ ენებშიც, კერძოდ, ხუნძურში გვაქვს: ბაყო ("მზე") და ყო ("დღე") [13: 46].

ვფიქრობთ, "მზის დღე" და "მზირა" კვირის ამ დღისათვის მისი მფარველი ღვთაების სახელის ტაბუირების მიზნით დაურქმევიათ მას შემდეგ, რაც ამ მნათობს სახელად "მზე" უწოდეს. უფრო მოგვიანებით კი ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ხელახალი ტაბუირებით (ხალხის მეხსიერებიდან წარმართული ღვთაების ხსოვნის ამოსაშლელად) ახალი სახელით მოიხსენიეს. უკვე დავიწყებული სახელდება კი გარკვეული დროის შემდეგ ბერძნულს დაუკავშირეს: "კვირიაკე" ® "კვირა" (ეს იყო კლერიკალური წრეების სურვილი).

ჩვენ კი მიგვაჩსნია, რომ "კვირა" სულაც არ არის ბერძნული ნასესხობა, იგი მომდინარეობს ქართული წარმართული ღვთაების სახელიდან კვირია||კვირაე||კვირეე||კვირა [14: 65] და ისევე შემოგვინახა ეს სახელდება ამ დღემ, როგორც სხვა დანარჩენი კვირის დღეების მფარველი ღვთაებებისა. ტრადიციის მიხედვით, მარტო ქართულში კი არა, თვით მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციათა წრეშიც (ბაბილონი, ეგვიპტე, ბერძნულ-რომაული კულტურა) კვირის დღეთა მფარველებად შვიდი უზენაესი ღვთაება გვევლინება და ქართველურმა ენებმაც ამ შვიდეულის სახელდება შემოგვინახეს (რასაც ვერ ვიტყვით სალიტერატურო ქართულზე).

ეს კვირია||კვირა ღვთაება დღემდე ცოცხალია ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში და მას კარგად იცნობენ ეთნოგრაფები, თუმცა ლექსიკონებში საბასთან და ნ. ჩუბინაშვილთან ფიქსირებული არი არის.

თავისი ფუნქციით, კვირია "ხმელთა მოურავი", ღვთის შვილთა საქმეების მომწესრიგებელ-მომრიგებელი და ადამის მოდგმის ქომაგი "მზე მიწისაა" [15: 123], რომელიც შუამავალია მორიგესთან (ხეთური "მზე ცისა" [15: 124]) და იგი ერთდროულად ღვთისშვილთა მზეც ("ღმერთების მზე") არის. სწორედ "ხმელთა მოუროვობა" აძლევს მას ამ საშუალებას და შემორჩენილ ანდრეზთა მიხედვით ისიც ღირსეულად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ეს "ღმერთების მზე" [15: 124] ||"ხმელთა მოურავი" სიმბოლოო ჯამში მაინც ქართველურ ენათა მზის ბჟა||ჟა||ჯა (მეგრ.-ჭან.) და მიჟ||მიშ|| მйჟ (სვან.) ერთ-ერთი სახელდება კვირაა. ეს ის ღვთაება, რომლის რიტუალ პურს "კვერი" ეწოდება [16: 107]. ვფიქრობთ, მისი კულტმსახურები უნდა ყოფილიყვნენ ბერძენ მეცნიერთა მიერ კორიბანტებად (კვირობანტებად) წოდებულნი. ისინი ხომ კოლხური "კვირბების" ავტორებად თუ თანაავტორებად მოიაზრებიან, რადგან თვით "კვირია" მწიგნობარი ღვთაებაც არის.

ამდენად, კვირია "მზე მიწისაა" და იგი, როგორც "ხმელთა მოურავი" განაგებს ადამიანთა თვალსაწიერით შემოსაზღვრულ ქართველურ სამყაროს. ეს სამყარო კი კვირის დღეებს საკუთარ უზენაეს ღვთაებათა შვიდეულს უკავშირებდა და კვირიას, როგორც უზენაესი ტრიადის ერთ-ერთ წევრს საუფლო დღეთაგან კვირა ერგო წილად.

ლიტერატურა

  1. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი, I. თბ.: მეცნიერება, 1979.
  2. ი. აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბ.: მეცნიერება, 1973.
  3. ს.-ს. ორბელიანი. სიტყვის კონა, II. თბ.: მეცნიერება, 1993.
  4. გ. ელიავა. მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მარტვილი-თბილისი: ინტელექტი, 1997.
  5. მ. თანდილავა, ი. ვანილიში. ჭანეთი. ბათუმი, 1970.
  6. ვ. თოფურია, მ. ქალდანი. სვანურ-ქართული ლექსიკონი. თბ., 2001.
  7. გ. ელიავა. ჟ. რიწა, N1, სოხუმი, 1984.
  8. არნ. ჩიქობავა. სახელის ფუძის უძველესი აგებულებისათვის ქართველურ ენებში. თბ.: მეცნიერება, 1942.
  9. ვ. თოფურია. შრომები, ტ. III. თბ.: მეცნიერება, 1979.
  10. ს.-ს. ორბელიანი. სიტყვის კონა, I. თბ.: მეცნიერება, 1991.
  11. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წიგნი I, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები. თბ.: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1950.
  12. არნ. ჩიქობავა. ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი. ტფ.: საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემია, 1938.
  13. არნ. ჩიქობავა. იკე, V, თბ., 1940.
  14. ქართული ხალხური პოეზია, I, თბ., 1973.
  15. ი. ტატიშვილი. ხეთური რელიგია. თბ., 2001.
  16. В. Бардавелидзе. Древнейшие религиозные верования картвельских племен и их графическая культура. Тб., 1957.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარჩევი