აფხაზურ სამწერლობო ენაში რეგულარული ზმნური დერივატემები ქმნიან გარკვეულ იერარქიას გამოხატვის რიგითობის მიხედვით. ნაშრომში განხილულია ის დერივატემები, რომლებიც ცვლიან დინამიკური ზმნის აქტანტურ სტრუქტურას. ირკვევა, რომ იერარქიის უმაღლეს საფეხურზე დგას უნებურობის დერივატემა. მას მოსდევს аиба-პრეფიქსიანი რეციპროკი, შემდეგ საფეხურზეა კაუზატივი და რეფლექსივი, რომელთა მომდევნოდ დგას аи-პრეფიქსიანი რეციპროკი. ყველაზე დაბალ საფეხურს იკავებენ აპლიკატივის შემადგენელი დერივატემები. რეფაქტივი და ასოციატივი არ ახდენენ გავლენას ზმნის აქტანტურ სტრუქტურაზე და ამ იერარქიაში არ მონაწილეობენ.
დერივატემების გამოხატვის რიგითობა ასახულია ალგორითმში, რომლის საშუალებით შეიძლება რამდენიმე დერივაციული მაჩვენებლის შემცველი ზმნური ფორმის გარდამავლობა / გარდაუვალობის დადგენა ფორმალური ნიშნების მიხედვით.