კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართულ-ოსური დაპირისპირებისადმი რუსული ცენტრალური პრესის დამოკიდებულებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. აქ ჩამოყალიბებულ აზრი დიდ გავლენას ახდენდა მრავალრიცხოვან მკითხველზე.
ცხინვალში მიმდინარე რთული პროცესები, მოკლე ინფორმაციული ხასიათის რეპორტაჟების სახით, მაგრამ მიზანმიმართული კომენტარებით შუქდება გაზეთ "Известия"-ში. აღსანიშნავია, 1989 წლის ნოემბერ-დეკემბერში, დაძაბულობის პიკზე, გამოქვეყნებული რამდენიმე საინფორმაციო მასალა. გაშუქებული ინფორმაცია ანტიქართულად განაწყობს "Известия"-ს უზარმაზარ აუდიტორიას. მის დიდ ნაწილს სსრკ-ს დაშლა აღიზიანებს და მზად არის მხარი დაუჭიროს ნებისმიერ აზრს, რომელიც ამ პროცესს შეაჩერებს; თუნდაც ეს შეხედულება ისტორიულ სამართლიანობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს.
რეპორტაჟის ტიპიური ნიმუშია გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნებული სოსო ბაღაშვილის მასალა "სურვილი ერთია: აღდგეს მშვიდობა!". რეპორტაჟში მკითხველს ექმნება შთაბეჭდილება თითქოს მოვლენათა განვითარებაში უშუალოდ მონაწილეობს. ავტორის მიზანია ხელი შეუწყოს დაძაბულობის განეიტრალებას, რომელიც, როგორც ზუსტად აღწერილი სურათიდან ჩანს საკმაოდ კონცენტრირებულია.
მოვლენათა ნათელი წარმოჩენისათვის რეპორტაჟი, რომელსაც ქართული გაზეთი იყენებს, მეტ საშუალებას აძლევს ავტორს, ვიდრე ოპერატიულ-საინფორმაციო წერილი, რომელსაც რუსული გაზეთი წარმოგვიდგენს, მაგრამ რუსულ და ქართულ ინტერესებს შორის სხვაობა აშკარად საგრძნობია.