ლიტერატურე

ე. ცხადაძე

თანამედროვე ქართული ინტელექტუალური პროზის სტილური თავისებურება
(გრიგოლ რობაქიძე)

თანამედროვე ქართული ინტელექტუალური მწერლობა, რომლის სათავის ათვლას გრიგოლ რობაქიძის სამწერლო-შემოქმედებითი მოღვაწეობით ვიწყებთ, მკვეთრად განსხვავდება მანამდე არსებულისაგან. მართალია, ვასილ ბარნოვის დიდი და ხანგრძლივი მოღვაწეობა აღიარებული და ცნობილი ფაქტია, მაგრამ ისიც უდავოა, რომ სწორედ გრიგოლ რობაქიძემ და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს მსოფლიოსთან, ცივილიზაციასთან დაეახლოვებინათ ჩვენი მხატვრული სამყარო. ამბავი რაც არ უნდა საინტერესო იყოს, მათთვის არ არის მთავარი. უკვე "ამბავი" გადაქცეულია არა მარტო ფაქტად, არამედ მას თან ახლავს მსოფლიო ელიტარული აზროვნებისთვის ნიშნეული სახეები, სახელები, მედიტაციური აღქმის ელემენტები, ევროპული ლიტერატურისათვის ჩვეული აქტუალური თემები და უდიდესი წადილი ყოველივე "სუპერთანამედროვის" გაქართულებისა.

გრიგოლ რობაქიძემ თავად იგრძნო "გაბეზრებული" ევროპის მისწრაფებები და მომგებიანად გამოიყენა ყოველივე თავის სამშობლოში. პატრიარქალური ცხოვრების წესი და რუსეთის პროვინციად არსებობის საუკუნეები ბარიერი არ გამხდარა მისთვის. ილიაც უკვე აღსრულებულია და მისი მოწამებრივი სიკვდილი თავად იქცა მკაცრ ცხოვრებისეულ მეტაფორად, ერთგვარ სიმბოლოდ, რომლის შემდგომაც შეიძლებოდა სხვა "ქიმერების" გამოდევნება, სხვა მხატვრული ფასეულობების შემოტანა. თანაც ფილოსოფიური აზროვნება უკვე წამყვან ადგილს იკავებდა მხატვრულ ლიტერატურაში. შოპენჰაუერი და ნიცშე გადაულახავ ბარიერებად ექცა მთელს კაცობრიობას, რომლისთვის ყოველი ახალი თავიდან მტკივნეულად აღსაქმელი და შესაგუებელია. გი დე მოპასანი სკეპსისის ძალუმ შემოტევაზე ასე საუბრობდა წერილში "შოპენაჰაუერის სიკვდილი": "გნებავთ – დამეთნხმეთ, გნებავთ – არა, გინდ აღშფოთდით, გინდ აღფრთოვანდით, მე კი ჩემსას ვიტყვი: შოპენჰაუერმა კაცობრიობას საკუთარი ზიზღი და სიძულვილი დაანათლა და მას აღარაფერი ეშველება. ყველაფრით გაბეზრებულმა მოთამაშემ თავდაყირა დააყენა რწმენა, იმედები, პოეზია, ქიმერები, მოაშთო კეთილი სწრაფვანი, საფუძველი გამოაცალა სულთა ერთობას, მიასიკვდილა სიყვარული, ხელი მოუთავა ქალის გაღმერთებას, გააცამტვერა გულის ილუზიები, ერთი სიტყვით, ბოლომდე გაიტანა ვეებერთელა მცდელობა სკეპტიკოსის, რომლის მსგავსი კაცობრიობას აქამდე არასოდეს მოვლენია, და დღეს, ისიც კი, ვინც ეშმაკივით უფრთხის მის ხსენებას, საკუთარ სულში ატარებს ნაწილს მის მიერ დანთხეული შხამისა [1:6].

შოპენჰაუერის იდეების გაახლებული ტრანსფორმაცია ნიცშეს აზროვნებაში კიდევ უფრო ახლობელი და მისაღები გახდა კაცობრიობისათვის. იტალიელმა მკვლევარმა ლუიჯი მაგაროტომ ნიცშეს აშკარა გავლენაზე მიგვითითა გრიგოლ რობაქიძის ადრეულ შემოქმედებაში [2], მაგრამ ეს გავლენა მას მთელი არსებობის მანძილზე სდევდა თან. ქართული სინამდვილისათვის ნაკლებად დამახასიათებელი ირაციონალობა ძირითადი მახასიათებელი ხდება 10-20-იანი წლების ლიტერატურისათვის და შესაბამისად მას საკუთარი გამომსახველობითი ფორმები უნდა შეეძინა, მოენახა და შეეფერებინა იდეებისათვის, ხასიათებისათვის და ფორმისათვის.

იდეა, ხასიათი, ფორმა სიტყვისადმი, ენისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულებით იქმნება. მწერალი ირჩევს უამრავ სიტყვათაგან სასურველს, უპირატესობას ანიჭებს რომელიმე მათგანს, ან ქმნის სრულიად ახალს. სწორედ ასეთი მიდგომა ენისადმი განაპირობებს მწერლის ინდივიდუალობას, მის სტილს.

გრიგოლ რობაქიძე თავიდანვე შემოქმედებითად უყურებს ამა თუ იმ სიტყვიერ მასალას, ზოგჯერ სხვაგვარ ინტონაციას უძებნის მას და ცდილობს ირაციონალურის გამოხატვაში სწორედ სიტყვა დაიხმაროს.

ნებისმიერ განცდას აუცილებლად უნდა დაეძებნოს შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ეს სიტყვა იმავდროულად "ქვე-ფენების" არსსაც უნდა გამოხატავდეს – ასეთია გრიგოლ რობაქიძის პრეტენზია სიტყვიერი მასალისადმი. ამავე სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი მისი უახლოესი თანამებრძოლები და ამიტომაც ხანგრძლივ შეკრებებსაც მართავდნენ სწორი, ერთადერთი.

ინტონაციის საპოვნელად. "სიტყვის როჲაში" გრიგოლ რობაქიძე სვამს კითხვას: რა არის სახელი? და იქვე ასეთ განმარტებას იძლევა: "სახელი არის ასტრალი დაღი. იგი საიდუმლოთია მოცული. ძველი თქმა მართალია: რომელიმე ქალაქს აქვს მეორე სახელი: იდუმალი. იგი მისი უკანასკნელი სიმაგრეა. ვინც მას გამოიცნობს, ქალაქს აიღებს. ქურუმები ძველად ორი ენით მეტყველებდნენ. ჩვეული და უჩვეულოთი. უჩვეულო სიტყვა მხოლოდ შეწირულებმა იცოდნენ. ამ სიტყვას ჰქონდა მაგიური ძალა. არც ცვდება იგი" [3.14]. მწერალი ამ შემთხვევაშიც მართალია. პირველყოფილი ქვის ხანის ავსტრალიელ აბორიგენებში დღემდე შემორჩა ასეთი სახელები. ქართულ სინამდვილეშიც XX საუკუნის დამდეგამდე გვხვდებოდა მსგავსი რამ, მაგალითად ხევსურეთში და ფშავ-თუშეთში ჯვრის მსახურებს განსხვავებული ენა ჰქონდათ, საგანგებო და საკრალური და მას "ჯვართ ენას" უწოდებდნენ.

გრიგოლ რობაქიძემ საგანგებოდ გამოყო ე. წ. "ასტრალური დაღის" შემცველი სახელები, კერძო პირებისა იქნება ეს თუ გეოგრაფიული.

ქალების:

მარია დორვალ: ოქროს თმები ლოკავენ შიშველ თეთრქაფა სხეულს.

დოლენა: სირბილე მისი ძუძუების

აშარა: უშრეტელი

ნინო: ლოცვის ნანა

სირენა: სრიალი ქალური ცვლის

როგნედა: სკვითის სიგიჟე სლავურ მოდუნებაში

სალომეჲა: ვნება სიკვდილში

გმირების:

ასსარგადონ: რკინის რისხვა და საფლავების ამოვარდნა

სალმანასარ: გველის სილამაზე

ჰანიბალ: აფრიკის სიცხე გოლვიანი

ჩინგიზხან: აწყვეტილი მარტორქა

ტამერლან: კენტავრი გავარდნილი

თიმურლენგ: მონგრეული ლიანგი

ნაპოლეონ ბონაპარტ: ბედისწერის დუელი

გეოგრაფიული სახელები:

სკანდინავია : სიმაგრე დათოვლილი.

სიცილია: ცისფერი სიცილი.

ქირმანშახ: ქიმერების ქარავანი.

ხამადან: მზის ხაო.

ქალდეა: ჰალუცინაცია ხაშით.

კიმერია: სპილენძის აგური.

ანგორა: გადალახვა ქედმაღალი.

საგარეჯო: გარუჯული განდეგილი.

ორპირი: რასსების ჯვარედინი.

წიწამური: წამება.

გელათი: სინათლე.

ლიტერატურული სახელები:

შარლ ბოდლერ: გენია სპლინში.

ვერლენ: ქალური დათუთქვა.

ვერხარნ: გრიგალი თავწაჭრილი.

ბორგეზე: ულაყი გეზი.

უაილდ: დენდის კამარა.

ლოტრეამონ: გიჟი თავადი.

დორიან გრეი: ლანდი სარკეში ჩარჩენილი.

ირრუბაქიძე: მოურავი მოურეველი.

რადზივილ: სივილი ვილლაში.

აშორდია: აშორება შაირით…

გრიგოლ რობაქიძე გრძნობს, რომ ასეთი ახსნა საზოგადოებისათვის უცნაური შეიძლება იყოს და ამიტომ დაწვრილებითი მსჯელობით ცდილობს დამაჯერებლობა შესძინოს საკუთარ თეორიას და წამს, რომ "პსევდონიმის პრობლემა ძიებაა ნამდვილი სახელის". მწერალი გვიხსნის: "ყოველი ასეთი სახელი იხმარება ენის საშოში, მაგრამ საგულისხმო: შობისთანავე ასეთი სიტყვა დეკადანსით იხრება და თითქმის სცილდება გრამატიკულ ნორმას. ეს გადახრა აძლევს მას ასტრალურ ხასიათს. ყოველი სახელი აქ ცხელი დაღით არის გაშანთული. ასეთი სიტყვა მთელი პოემაა ჰომერის სიუხვით მოზმული. საგანი თუ ნივთი თუ მოვლენა უკანასკნელი ამოწურვით იკვეთება ასეთ სახელში… "…სახელი – სახეული – სხეული, ამ შემთხვევაში ასტრალური აქ ცხადდება როიჲთ. მასშია მოქცეულია სიტყვის საიდუმლო: ხატი, რიტმი, რითმა, ეპიტეტი" [3:14-26].

ეს ვრცელი ფრაგმენტები გრ. რობაქიძის სტატიიდან იმით არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ უფრო ცხადად წარმოვიდგინოთ ქართველ ინტელექტუალთა ბელადის აზროვნების მასშტაბები და სტილური ნიუანსები.

რომ არა გრიგოლ რობაქიძის დაუცხრომელი თეორიული მუშაობა, ჩვენ ალბათ გაგვიჭირდებოდა იმ განსხვავებების ახსნა, მწერლის მხატვრულ ტექსტებში გვერდიგვერდ რომ გვხვდება.

გრიგოლ რობაქიძის სტილური თავისებურების უმნიშვნელოვანესი მომენტი ძველი ქართულის ფორმების ხმარებაა, რომელსაც არაერთგზის გვიხსნის და განგვიმარტავს თავად: "..შესაძლოა სთქვან: ეს ენა ძველი მწერლობის ენაა და თანაც ბიბლიური, მაგრამ ვინც ამას იტყვის, არ უნდა დაივიწყოს ორი რამ, ჯერ ერთი: ძველსა და ახალს შორის ქართულ ლიტერატურაში არ არის გაყვანილი აკადემიური ხაზი, და მეორე, "სალომეს" წიაღი ბიბლია არის და მასში ბიბლიური სურნელიც უნდა იყოს [4.3].

ძველი ქართულის ფორმების შიგადაშიგ დოზირებული გამოყენება ანაქრონიზმად არსად აღიქმება გრიგოლ რობაქიძის მხატვრულ ტექსტებში, იმდენად ბუნებრივად ჯდება ის საერთო ენობრივ კონტექსტში. "სალომე" ამ მხრივ საპოლემიკო აღმოჩნდა, რადგან მსგავსი ფორმების სიჭარბემ და არაზომიერად ხმარებამ იოსებ გრიშაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. გრიგოლ რობაქიძეც იძულებული გახდა ამ პოლემიკაში ჩართულიყო დ თავიც ემართლებინა: "სალომეში ბევრია ბიბლიური სურნელების ადგილი, რომელსაც ქართული ძველი ფორმა უფრო გადმოგვცემს, შიგადაშიგ მე ამ ფორმას მივმართე. კითხვა იბადება: მართებულია თუ არა ეს? პასუხი უბრალოა: ქართულში ხშირად იხმარება როგორც ძველი ფორმა, ისე ახალი, ხანდახან ერთსა და იმავე დროსაც ("სახლები" "სახლნი" "მზადდება", "მზადდების" და მრავალი სხვა) აკადემიურად ჯერ არ არის დადგენილი, თუ რომელია სავალდებულო და რომელი უარსაყოფელი. ქართულში სხვადასხვა თქმაც ხშირად იხმარება: ასეთიც და ისეთიც. აკადემიურად არც აქ არის დაკანონებული, თუ რომელია მართებული და მისაღები. განათლების სამინისტრო ყრილობასაც კი იწვევდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ განემტკიცებინა ყველასათვის სავალდებულო ნორმები. ასეთ პირობებში, რასაკვირველია, ადვილი არის "აუხირდეთ" რომელიმე მწერალს და უმტკიცოთ, რომ მის მიერ ხმარებული ფორმა უკანონოა და მიუღებელი. მე მგონია ასეთ "ახირებას" ვერ გადაურჩება ვერც ერთი ქართველი მწერალი" [4:3].

გრიგოლ რობაქიძის თანამედროვე საქართველოში მოწონებით სარგებლობდა სილოვან ხუნდაძის ე. წ. კეთილხმოვანების პრინციპი. მწერალი მას დიდ დამსახურებად უთვლიდა ენობრივი ნორმების გამარტივებისაკენ მისწრაფებებს და იმასაც აღნიშნავდა, რომ თავად ყოველთვის ვეღარ ერთგულებდა თუნდაც საყოველთაოდ აღიარებულსა და ნორმად მიჩნეულს.

სილოვან ხუნდაძისათვის კეთილხმოვანებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს მისი სუბიექტური მიდგომა იყო, ბგერათა კომპლექსის საამოდ აღქმა ყოველთვის არ აყო გამართლებული. მაგ. ზოგს მოსწონდა გამოთქმა კარქათ, ზოგს კი კარგად. გრიგოლ რობაქიძე საგანგებოდ წერდა ამაზე: "იგი ყოველთვის მართალი არაა, მაგრამ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ათ შემთხვევაში სიმართლე შვიდის მხარეზეა" [5:225-227], ანუ ათიდან შვიდ შემთხვევაში სილოვან ხუნდაძის სისწორეს აღიარებდა.

სწორედ კეთილხმოვანების პრინციპიდან გამომდინარე შეიძლება აიხსნას 20-30-იანი წლების მხატვრულ ტექსტებში უცხოური სიტყვების ასეთი დაწერილობა:

მასსა: უეცრად მასაში შეირხევა ქადაგი (ლონდა 22.7).

მისსისსიპი: მისსისსიპი, მისსისსიპი კოკტაილ (მალშტრემ 52.3).

კონცესსია: კონცესსიები უზრუნველყოფილი ( მალშტრემ 92.24).

პასსაჟი: მეშვიდე პასსაჟს წარმოსთქვამს ერთობლივ (ლონდა).

ტერრასა: ნაგები როგორც ტერრასა (გველის პერანგი 8).

ფალლოს: უნაყოფო იღებს ფალლოსს გახურებულ ქვასთან (გველის პერანგი 8).

რასსა: ძველი რასსის ნამდვილი ნიშანი (გველის პერანგი 12).

იოვანნე: ჟამობის ხანს ეწვია ივერიას წმ. მამა იოვანნე (გველის პერანგი 89).

მუსსოლინი: შემდეგ პოლიტიკა: მუსსოლინი, ბრიანი, ჩემბერლენი, გერმანია, საბჭოთა კავშირი (ფალესტრა 328).

გრიგოლ რობაქიძემ განსხავებული პუქტუაციითაც შეიქმნა სტილური ნაირობა, ორწერტილის ხმარება მის მიერ ხდება იქ, სადაც ჩვეულებრივ მძიმეა მოსალოდნელი:

მაგ.: მე გეკითხებით უკანასკნელ: ვინა ხართ? (მალშტრემ. 63.3).

არა: ხალიბის რკინა (გველის პერანგი 99).

ვამეხ მირბის: დაავიწყდა ამორძალებიც და გახელებაც?! (გველის პერანგი 101).

"არა: ამას ვერ დაამხობს მიწის კატასტროფაც: ისეთი მაგარია და მკვეთრი" (გველი პერანგი 102).

"მაშ: ორი ცეცხლია პორტრეტისათვის" (გველი პერანგი 103).

გრიგოლ რობაქიძე შეგნებულად უარყოფს პუნქტუაციის საყოველთაო კანონებს, რომლებიც მისი თანამედროვე ეპოქისათვის უკვე მისაღები და გათავისებული იყო. ალბათ მწერალს ეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ მეტი ექსპრესიულობა მინიჭებოდა ფრაზას და მკითხველსაც უმალ დამახსოვრებოდა. ამგვარი აზრის გამოთქმის საფუძველს იძლევა მისი მხატვრული ტექსტებისათვის დამახასიათებელი ჩვევა, როცა ხშირია დეფისები. თუმცა დეფისის ნაცვლად ჩვეულებრივ მძიმეს ხმარება იყო მოსალოდნელი და უფრო მიღებულიც კი.

მაგ.: "უკან გელის შენ: მძლეს – მაგარს – გადამლახავს" (მალშტრემ 88,17).

თუმც აქ არც ორწერტილი იყო ჩვეულებრივ საჭირო და არც დეფისები. მათ ნაცვლად მძიმე უნდა დასმულიყო: "უკან გელის შენ მძლეს, მაგარს, გადამლახავს" – აი, ამ სახით გვექნებოდა ყოველგვარ ნორმებს დაქვემდებარებული და გრამატიკულად გამართული წინადადება. თუმც გრიგოლ რობაქიძე საკუთარი სტილის გამორჩეულობისათვის მოსალოდნელ და მისაღებს მთლიანად ცვლის. "გველის პერანგი" მსგავსი შემთხვევებით მართლაც გადატვირთულია.

მაგ.: "შემდეგ: მეხუთე – მეექვსე – მეშვიდე" (გველის პერანგი 218).

"ხედავთ: ძირს – ცხრა ტანი ცხრა ძმის და მაღლა – ერთი გუნდი ერთი მუხის" (გველის პერანგი 137).

"აქლემებს და ვირებს ყელზე ზარები ჰკიდიათ: დიდი – შუათანა – პატარა: ლითონის – ხის – ყოველნაირი" (გველის პერანგი 116).

ჩამოთვლისას მძიმის ნაცვლად ტირეა გამოყენებული და, როგორც ვხედავთ, ეს ტირე მართლაც რჩეულობის ელფერს სძენს მთელ წინადადებას. რომ არა ეს პატარა ტირეები, გრ. რობაქიძის წინადადებაც ვიზუალურადაც უბრალო გახდება: "აქლემებსა და ვირებს ყელზე ზარები ჰკიდიათ: დიდი, შუათანა, პატარა: ლითონის, ხის, ყოველნაირი". როგორც ჩანს, გრიგოლ რობაქიძეს საგანგებოდ უფიქრია და უმუშავია იმაზეც, რომ მისი ტექსტები არა მარტო შინაარსის მხრივ ყოფილიყო უჩვეულო და საყოველთაოდ საყურადღებო, არამედ ვიზუალურ შთაბეჭდილებასაც თვალშისაცემად წარმოაჩენდა.

რევაზ თვარაძე გრიგოლ რობაქიძის მხატვრულ სამყაროსთან პირველად გაცნობის შთაბეჭდილებების გადმოცემისას სწორედ ამგვარ მომენტებს გამოყოფს. მას დღემდე აუხსნელ მოვლენად მიაჩნია "გველის პერანგისეული " ეპიგრაფი, სადაც: "გოეტჰეს" ტირე მოსდევს და არა მძიმე, როგორც მოსალოდნელი იყო . და კარგა ხანი გაივლის, ვიდრე მკითხველი იაზრებდეს, რომ მთელი რომანი, "გველის პერანგი" ისეა შეთხზული, მძიმეები არსად იხმარება [6:13]. ეს ვიზუალური აღქმა მჭიდრო კავშირშია რომანის აზრობრივ დატვირთვასთან, რომელიც არის მწერლის ყველაზე ძალუმი ცდა "დაკარგული სამშობლოს სულიერი და ზნეობრივი პოტენციის მხატვრულ სახეებში რესტავრაციისა და მხოლოდ ამგვარად განფენისა" [7:11].

გურამ ბენაშვილის აზრით, რობაქიძის მთელი შემოქმედება არის გარდასული და მოსაძიებელი სამშობლოს მხატვრული რესტავრაცია, და, ბუნებრივია, რესტავრირების მკაფიო ნიმუში სწორედ "გველის პერანგია".

როდესაც გრიგოლ რობაქიძე საკუთარი ქმნილებების სტილურ ნიუანსებზე საუბრისას ზემოთ მოხმობილ წერილებში ბიბლიის ძველქართული ფორმების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს და ამას საჯაროდ აღიარებს, ამით იგი საკუთარ შემოქმედებას იმ წრეში მოაქცევს, რომელსაც ათასხუთასწლოვანი ანუ "თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა" ეწოდება [8]. მიუხედავად იდეოლოგიური და ფილოსოფიური საფუძვლების ევროპულთან დაახლოებისა, გრიგოლ რობაქიძის სტილური ძიებანი მოიცავს ქართული მრავალსაუკუნოვანი მწიგნობრობის მიღწევებს, მით უმეტეს, როცა საყოველთაოდ ცნობილი მოსაზრება: ყოველი ოსტატობა გამოხატავს ენის მხატვრული პოტენციის გარკვეულ ზოგად დონეს, და მხატვრული ენის ჭეშმარიტი ეროვნული მასშტაბის ოსტატები ენათესავებიან ერთმანეთს ენის გენიის გაგებაში. ამის მიხედვით ქართული ენის გენიის განცდა მსგავსია ბიბლიური წიგნების ანონიმური მთარგმნელის, იოანე საბანისძის, მიქელ მოდრეკილის, რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილისა თუ ილია ჭავჭავაძისა. მათ სტილში მსგავსი სიღრმითაა შეგრძნებული ქართული მხატვრული ენის პოტენციური თავისებურებანი, რითაც ისინი თუმცა ერთმანეთს დაშორებული არიან ისტორიული ეპოქებით, არსებითად ქმნიან ქართული მხატვრული ენის ერთ დიდ სტილს. ამასთანავე, მართალია, ყოველი ცალკეული პოეტური ნაწარმოები ერთი ეპოქის პროდუქტია, მაგრამ ის თავის თავში არსებითად შეიცავს საუკუნეებში გამოტარებული ენობრივი ურთიერთობის, აზრისა და განცდის სისტემას, რომელშიაც ყოველ ეპოქას და თანადროულ გემოვნებას თავისი ფენა აქვს დატოვებული [9:15-16]. ამ მთლიანობაში გრიგოლ რობაქიძის მწიგნობრულ-ინტელექტუალური სტილით აღბეჭდილი შემოქმედება მისი თანადროული მსოფლიოს (მოაზროვნე, წიგნიერი მსოფლიოს) გემოვნებისა და მისწრაფებების ფენას შეიცავს, რითაც გამორჩეული ხელწერის ოსტატი მაინც მჭიდრო ერთიანობაში მოიაზრება ჩვენი მწერლობის მრავალსაუკუნოვან და მრავლფეროვან ისტორიაში. სტილის საკითხი სწორედ რომ გადამწყვეტია გრიგოლ რობაქიძისათვის, მისთვის არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული გრამატიკული ნორმები, იგი ხშირად თავად ქმნის ახალ სიტყვებს, რადგან გრძნობს სიახლისა და მარადიული განახლების აუცილებლობას.

გრიგოლ რობაქიძის მკვეთრი ინტელექტუალურ-მწიგნობრული სტილი მის მხატვრულ ტექსტებში მოჭარბებულადაც შეიძლება მოგვეჩვენოს და მიუხედავად მისი ღრმა განსწავლულობისა, მისი უაღრესად რაფინირებული და დახვეწილი ევროპული კულტურისა – მწერალი ყოველთვის, სადაც კი ადგილობრივი კოლორიტის მიღწევაა საჭირო, ყველგან მიმართავს ქართული ენის დიალექტებს. მის ადრეულ შემოქმედებაში, მისი დრამატურგიის ენობრივ საფარველში უხვად იყო გამოყენებული აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტური ფორმები. ამას დრამების სამყარო აუცილებლად მოითხოვდა, ფშავ-ხევსურული ლექსიკის აუცილებლობა გრიგოლ რობაქიძის მწერლური პოზიციით იყო გამოწვეული, რომელმაც ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყარო ქართული მითოსის წვდომის მთავარ გზამკვლევად მიიჩნია.

აღმ. დიალექტების გამოყენებასთან ერთად გრიგოლ რობაქიძე თავის მშობლიურ იმერულ კილოკავსაც ხშირად მიმართავს. ეს განსაკუთრებით "გველის პერანგის" იმ ნაწილშია თვალშისაცემი, ვამეხისა და არჩიბალდის მშობლიურ სოფელს რომ ეხება: "გეიქცა სადღაც" (გველის პერანგი. 154), "წეიყვანა თან" (გველის პერანგი. 154), საფერე რას გიშობა (გველის პერანგი. 139), "ლოგინათაა დავარდნილი" (გველის პერანგი. 154), "კრახუნა რას შობა" (გველის პერანგი. 139).

გრიგოლ რობაქიძის სტილური მახასიათებელი ძველი ქართულის ფორმების უხვად გამოყენებასთან ერთად დიალექტური მეტყველების უშურველად შემოტანაცაა. ამას მწერალი საგანგებოდ აკეთებს და გადამეტება არ იქნება იმის თქმა, რომ ეს "საგანგებოობა" ენობრივ მხარეს მძიმეს და ძნელად შესაგუებელს, აღსაქმელს ხდის, როცა ტექსტში გვხვდება ასეთი თხრობა:

ჰებრაელი ისუნთქავს თავისუფლად.
ქარავანი მიდის შუბლგახსნილი.
კლდეების მუცლები ჰხარობენ " (გველის პერანგი. 124-125).

სამი მარტივი წინადადებაა მოცემული, ცალ-ცალკე თითოეული მათგანის აზრი ადვილად გასაგები და მისახვედრია ნებისმიერი მკითხველისათვის, მაგრამ ასე ერთმანეთის მიყოლებით საკმაოდ დამძაბველი და ძნელად აღსაქმელი ხდება. თანაც ფოტოგრაფიული ასახვა სრულიად მიჯრით მიყოლებული ნაირგვარი ლანდშაფტისა, სადაც მთავარი არა ბუნების სურათი, არამედ განცდაა … ძალიან დიდ აზრობრივ დაძაბვას მოითხოვს.

ქარავანი, რომელსაც არჩიბალდ მეკეში ხედავს, არ არის მხოლოდ ის ქარავანი, რომელიც ამ წუთას მიიზლაზნება გმირის თვალწინ. ეს ქარავანი იმავე მოსეს, იგივე ჰოზარსიჰჰის, ქარავანია:

"ხედავს აშანთულ კლდეებს. ქარავანი მუხლუხის ზოზვით მიიზლაზნება ხვეულ ხევებში. ასეთი ქარავანი მიდიოდა იქ: შავ მოხუცთან. ასეთ კლდეებში იშვა ცეცხლი: რომლითაც აიწვა ჰებრაელი. ეგების: ეს ქარავანიც იმ ქარავანის ნატეხია" (გველის პერანგი. 125).

პირველი ციტატის აზრი გასაგები ხდება ამ მეორის გააზრებით. ზემოთ ნახსენები "კლდეების მუცლები ხარობენ" მუცლების გახარება გრიგოლ რობაქიძეს "ცეცხლის შობით" გამოწვეულად მიაჩნია. ანუ უდაბნოს კლდეებმა შვეს ცეცხლი, რომლის ალით მოსემ საკუთარი ღმერთის მოვლინება იგზნო. ხოლო "შავი მოხუცი" ის "ეთიოპია," რომლის ასული სეფორეა და რომელიც მოსეს მეუღლე გახდება.

გრიგოლ რობაქიძე ორ ქარავანს აზრობრივად უკავშირებს ერთმანეთს, თანამედროვეს და ბიბლიურს, მაგრამ ამავე დროს კიდევ უფრო ართულებს აზრობრივ მხარეს, ,,როცა არ სჯერდება ამ ორი ქარავნის შესახებ თხრობას და უკვე "მცირე აზიაში" მბორგავ ქარავანსაც შემოიყვანს, რომელიც უკვე ირუბაქიძეთა გვართან და უძველეს ძირებთან არის დაკავშირებული:

"შეიძლება ასეთი ქარავანით დაბორგავდა ძველად მცირე აზიაში ძველი გვარი ირუბაქიძის. ეგების: ეს ქარავანიც იმ ქარავანის ნატეხია?! თუ ნატეხი არა – გაგძელება ხომ არის: სინელით – ხსოვნით – წვით – ზმანებით!

და ამ კლდეებში
ამ ღრეებში
ამ უდაბნოში
ამ უდაბურებაში
ამ გზებში
ამ ქარავნებში
ამ ხალხებში
ამ გახელებაში და გადავარდნაში -
ერთი სახე:
მოღუშული და მრისხანე
როგორც მეხით გარუჯული ხე თუ ქვა -
მშვიდი და მართალი
როგორც კრავი:
ყრმას ჰოზარსიჰჰ" (გველის პერანგი. 125-126).

ქარავანი იწვევს მრავალშრიან განცდას: ჯერ არჩიბალდ მეკეშის თანადროული ქარავანია აღწერილი და მოცემული, შემდგომ ბიბლიური სახეებითა და სიმბოლოებით გაჯერებული ქარავანია მასთან დაკავშირებული, შემდგომ ძველ ირუბაქიძეთა შუა აზიური ქარავანი შემოჰყავს ცნობიერებაში და ბოლოს კვლავ მოსეს უბრუნდება, რომელიც სიჩვილეში უფლის "კრავად" წარმოუდგენია.

თითოეულ სახეს, თითოეულ დრო-სივრცით არსებულსა თუ ზმანებულს საგანგებოდ სჭირდება გააზრება. როცა "შუა აზიაში" ირუბაქიძეთ მიმოსვლას აღნიშნავს, აქ უთუოდ მითითებულია ირუბაქიძეთა ქალდეური წარმოშობა, მინიშნებულია ჩვენი ერის უძველესი ფესვების მცირე აზიაში გულვების ტენდენცია. ამ მცირე ფრაგმენტში ისტორიკოსთა მეცნიერული თვალსაზრისიცაა მოცემული და თავად გრიგოლ რობაქიძის სუბიექტური რწმენა. აზრის განტოტვა, თვლსაზრისის განვრცობა და ფენა-ფენა დაწყობა იდეებისა და განცდებისა ძნელად აღსაქმელს ხდის გრიგოლ რობაქიძის მხატვრულ სტილს.

აღსანიშნავია პროზაული ტექსტის დატეხვა სტრიქონებად, ფრაზებად წარმოდგენაც. საყურადღებოა ჩვენებითი ნაცვალსახელის განმეორების ფაქტი. განმეორება ამ შემთხვევაში აზრის კონსოლიდაციისათვისაა მოცემული, ეს აშკარად მკითხველზე გათვლილი ხერხია, რომელსაც დღეს ეფექტურად იყენებს ოთარ ჩხეიძე.

გრიგოლ რობაქიძის შემდგომ ქართულმა ინტელექტუალურმა მწერლობამ მართლაც შეიძინა "მძიმე" სტილი. სათქმელის თავისებურმა გამოხატვამ, შინაგანმა მეტყველებამ და განსჯა-ჭვრეტის მომენტებმა ფილოსოფიური სიღრმე შეჰმატა ჩვენი მწერლობის იერსახეს. ამით მკვეთრად იქნა გაცხადებული, რომ ელიტარული პროზა თუ პოეზია უპირისპირდება მასკულტურას (ჩვენს შემთხვევაში პროლეტკულტურას) და მაქსიმალურად ცდილობს გაემიჯნოს ყოველივე სტანდარტულს, არსებულს, აპრობირებულს. სტილური თავისთავადობა ხდება პოლიტიკურად ოპოზიციაში მყოფ შემოქმედთა ერთგვარი ნიღაბი, არასასურველი იდეოლოგიისაგან გამმიჯნავი და დამცავიც.

საერთოდაც, მწერალი იმდენად შემორჩება ისტორიას, რამდენადაც შეძლებს საკუთარი მრწამსის თავისებურად გადმოცემას, ფორმისა და შინაარსისათვის განსაკუთრებული სიტყვიერი სამოსლის მოძებნას. დღეს არავის შეეშლება გრიგოლ რობაქიძის ტექსტი სხვისაში: დიალექტების მხატვრულ ტექსტში მიზნობრივად ჩართვამ, ახალი და ხელოვნური სიტყვების შემოტანამ, ქვეტექსტების სიუხვემ მის სტილს განსაკუთრებულობის ხიბლი შესძინა და "არასაყოველთაოდ" აქცია იგი. კონსტანტინე გამსახურდიას მწერლურ ენას სილამაზისა და გამორჩეულობის ნიშანი არქაიზმებმაც და დასავლურ-ქართულმა სინტაქსურმა წყობამ ერთობლივად შეუქმნეს. ადრე ვასილ ბარნოვმა მიმართა სტილურ ექსპერიმენტებს და საკუთარი სკოლაც შექმნა. კონსტანტინე გამსახურდიას ლაკონიურმა და ექსპრესიულმა თხრობამ ახალი კუთხით დაგვანახა ქართული პროზის რიტმული მომხიბვლელობაც და სტილური მონაცვლეობის უსაზღვრო შესაძლებლობები. ასე შეიქმნა სრულიად მოკლე ხანში ქართული ინტელექტუალური მწერლობის "ძნელი და მძიმე სტილი", რომლის ვარიაციები დღესაც თვალშისაცემი და საინტერესოა.

 

წყაროთა შემოკლებანი

  1. გველის პერანგი – გრ. რობაქიძე, გველის პერანგი, ფალესტრა, თბ., 1989.
  2. ლონდა – გრ. რობაქიძე, დრამები, ტფ., 1926.
  3. მალშტრემ – გრ. რობაქიძე, დრამები, ტფ., 1926.
  4. ფალესტრა – გრ. რობაქიძე, გველის პერანგი, ფალესტრა, თბ., 1989.

ლიტერატურა

    გაზ. ალტერნატივა, N 6 (56), თბ., 2001.
  1. გაზ. ლიტერატურული საქართველო, 20 ოქტომბერი, თბ., 1989.
  2. ჟურნ. მეოცნებე ნიამორები, N28, ტფ., 1922.
  3. გაზ. კალმასობა, N 1 (66), თბ., 2003.
  4. ჟურ. ქართული მწერლობა, N6-7, ტფ., 1928.
  5. რ. თვარაძე. თეთრ სიამაყეს აქანდაკებ შენი დიდებით. (კრებული ეძღვნება გრ. რობაქიძეს). თბ., 2003.
  6. გ. ბენაშვილი. თეთრ სიამაყეს აქანდაკებ შენი დიდებით (კრებული ეძღვნება გრ. რობაქიძეს). თბ., 2003.
  7. რ. თვარაძე. თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა. თბ., 1985.
  8. გ. იმედაშვილი. ძველი ქართული მხატვრული ენისა და სტილის მიჯნაზე: ძველი ქართული მწერლობის სტილის საკითხები (მე-5-მე-13 სს). თბ., 1965.

 

შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
სარჩევი