თანამედროვე პედაგოგიური მეცნიერება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეთა აზროვნების, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. კრიტიკული აზროვნების როგორც აზროვნების ფორმის ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში ხდება მოსწავლის ცხოვრებისათვის რეალურად მომზადება. კრიტიკული აზროვნება არის კოგნიტური სტრატეგიების გამოყენება. ეს აზროვნების ისეთი ტიპია, რომელსაც მიმართავენ ამოცანათა გადაწყვეტისას, დასკვნების ჩამოყალიბებისას, გადაწყვეტილებების მიღებისას [1: 20-25] კრიტიკული აზროვნება განმავითარებელი აზროვნებაა, მისი განვითარება აუცილებელია იმისათვის, რომ შევძლოთ თავისუფალი პიროვნების აღზრდა. "განვითარებული აზროვნების მატარებელი ადამიანი თავისუფალია. იგი ყოველ მოვლენას გონებით აფასებს და სხვისი გავლენის ქვეშ ძნელად ექცევა" [2: 27-31]. ჩვენი დაკვირვებით კრიტიკული აზროვნების თავისებურებად მიგვაჩნია ის, რომ იგი სტიმულაციას უკეთებს შემეცნებითი ინტერესების განვითარებას. როცა მოსწავლე კრიტიკულად აზროვნებს, მას აქვს ინტერესი, ახლის გაგების სურვილი, საკუთარი აზრის გაზიარებისა და სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის უნარი. ის მსჯელობს, მისი მსჯელობა არგუმენტირებულია, ამყარებს ლოგიკურ კავშირებს მოვლენებს შორის, აანალიზებს, სვამს შეკითხვებს, ეძებს პასუხებს, გამოაქვს შესაბამისი დასკვნები. ყოველივე ეს აქტიური მოქალაქის მახასიათებელი ქმედებებია, რომელიც აუცილებელია XXI საუკუნის წიგნიერი მოქალაქისათვის.
კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშესაწყობად მრავალი ხერხი, მეთოდია მოაზრებული პედაგოგიურ ლიტერატურაში. ჩვენი პრაქტიკული მუშაობით დავრწმუნდით, რომ მეთოდი არ უნდა ვაქციოთ თვითმიზნად. უბრალოდ, თავიდან შევეცადოთ სწორად და ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი მიზანი კონკრეტულ გაკვეთილზე და ავირჩიოთ ერთი ან ორი მეთოდი, რომელსაც ამ მიზნის მისაღწევად გამოვიყენებთ, ვინაიდან რამდენიმე მეთოდის ერთდროულად გამოყენება არ აღმოჩნდა ეფექტური.
ამჯერად, ჩვენ აღვწერთ მოზაიკა ერთის გამოყენებას პრაქტიკაში. კლასი იყოფა ქვეჯგუფებად. მაგ. კლასში სადაც 20 მოსწავლეა გვექნება ხუთი ქვეჯგუფი. თითოეულ ჯგუფში შემავალი მოსწავლეები უნდა დავნომროთ N 1, N 2, N 3, N 4. ეს შეიძლება დაახლოებით ასე წარმოვიდგინოთ:

ჩვენ ერთად ვიწვევთ ყოველ N 1. ყოველ N 2, N 3, N 4. ამგვარად, კლასში აღმოჩნდება 5 N 1, 5 N 2, 5 N 3, 5 N 4. ასე შეიქმნება ჯგუფების ახალი შემადგენლობა რაც ასე გამოიყურება:

წინასწარ გვაქვს ახალი მასალა ოთხ ნაწილად გაყოფილი და თითოეულ ჯგუფს მივუნიშნეთ მისთვის განკუთვნილ ნაწილს, აქვე ვაკეთებთ პროვოცირებას: ვაცნობთ დავალებას: გაეცნონ ტექსტს ღრმად, საფუძვლიანად, იმდენად საფუძვლიანად, რომ როცა დაბრუნდებიან თავთავიანთ ადგილას (პირველად შექმნილ ჯგუფებში) თითოეულმა მათგანმა შეძლოს მოუთხროს, აუხსნას მეგობრებს ტექსტი, მათ მიერ მომზადებული ნაწილი. აქვე ჩვენ ვამატებთ ჩვენეულ სტრატეგიას – თითოეულ ჯგუფს ვთავაზობთ, მოიფიქრონ და ჩამოაყალიბონ სავარაუდო შეკითხვები ეპიზოდის ირგვლივ – რა კითხვას დასვამდი შინაარსის უკეთ გასაგებად? და ასევე ის თუ რისი გაგების სურვილი აღეძრათ ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ – რისი გაგება გინდა? თითოეული ჯგუფი "თავისი" ეპიზოდისათვის ამზადებს შეკითხვებს, რომელსაც თანატოლებს დაუსვამს ძველ ჯგუფში დაბრუნების შემდეგ. შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუწყობს ცოდნის შეფასებას, ანუ განსაზღვრავს ტექსტის გაგების ხარისხს, აქვე დაიბადება შემეცნებითი ხასიათის შეკითხვები, რომლებზეც პასუხის ძიებას მთელი კლასი ერთობლივი ძალისხმევით, მასწავლებლის დახმარებით შეეცდება. ამ ძიების პროცესმა, შესაძლოა, ოჯახურ თუ სასკოლო ბიბლიოთეკებში გადაინაცვლოს.
ჩვენ პროვოცირება, გამოწვევა დავარქვით დავალების მიცემას, რაც მოსწავლეთა ყურადღების მობილიზების მიზეზი ხდება. მოსწავლეს უჩნდება მიზანი იმდენად კარგად აითვისოს, გაითავისოს ტექსტის მოცემული ნაწილი, რომ შეძლოს ამ ნაწილის თანატოლებისათვის ახსნა გადაცემა, მასწავლებლის როლის შესრულება. თითოეული ჯგუფი გატაცებით ებმება მუშაობაში. აქ იწყება შინაარსის რეალიზება. დიდია მოსწავლეთა აქტივობა, პასუხისმგებლობა. თითოეულ მათგანს კარგად ესმის, რომ ძველ ჯგუფში დაბრუნებისას ის იქნება ერთადერთი მთხრობელი მოცემული ეპიზოდის და იმას თუ როგორ გაიგებენ ტექსტის ამ ნაწილს დანარჩენები მასზეა დამოკიდებული. ეს ამ მეთოდს აღმზრდელობით დატვირთვას აძლევს – ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას. იმის შემდეგ, რაც ჯგუფები აითვისებენ მასალას, თითოეული მათგანი ბრუნდება თავის ძველ ჯგუფში და იწყება ურთიერთსწავლება, ხდება ტექსტის გამთლიანება. ყოველი N1 თავის ჯგუფში იწყებს თავისი ნაწილის ახსნას. ყოველი N2 თავისას და ა. შ. აქ მოსწავლეები მასწავლებლის როლში გვევლინებიან. თუ წინა პოზიციაში ისინი თავად სწავლობდნენ სასწავლო მასალას, ახლა სხვებს უხსნიან, პასუხობენ თანატოლების შეკითხვებს. მოსწავლის მასწავლებლის როლში შესვლა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ბავშვი ლიდერია, იცის სხვებზე მეტი მოცემული საკითხის ირგვლივ და თვითონვე ცდილობს გასაგებად გადასცეს დანარჩენებს თავისი ცოდნა. როდესაც ოთხივე მოსწავლე (თითო ჯგუფში 4 მოსწავლეა) თავის როლს გაითამაშებს, მოხდება ტექსტის გამთლიანება და დაიწყება გაზიარება, რაც დისკუსიაში გადადის. შეკითხვები და მათზე პასუხის გაცემა ეს უკვე რეფლექსიის ეტაპია. ამ დროს მსჯელობს მთელი კლასი ანუ ხუთივე ჯგუფი. იკვეთება განსხვავებული დამოკიდებულებები ფაქტების მიმართ, ხდება მათი გაანალიზება. მთელი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელს აქვს დირიჟორის, მედიატორის როლი. ის ტაქტიანად, შეპარვით წარმართავს პროცესს ყოველგვარი უხეში ჩარევის, მენტორული ტონისა და ავტორიტარული განცხადებების გარეშე.
მასწავლებელმა სწორად განსაზღვრა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც მოახერხა ის, რომ მთელმა კლასმა ახალი მასალა გაკვეთილზევე აითვისა. შეინარჩუნა კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის აუცილებელი სამივე ფაზა – I ფაზა – გამოწვევა, პროვოცირება; II ფაზა – შინაარსის წვდომა, ახალი ინფორმაციის მიღება; III ფაზა – რეფლექსია, ურთიერთგაზიარება. ასეთი მეთოდიკით ჩატარებული გაკვეთილი სახალისოა. ხდება როლების მონაცვლეობა: მოსწავლე ერთ პოზიციაში მოსწავლეა, მეორეში მასწავლებელი, მესამეში – დისკუსიის მონაწილე. როლების ასეთი ცვალებადობა ხელს უწყობს თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლე სწავლობს, ფიქრობს, გადასცემს თავის ნაფიქრალს, აანალიზებს, უყალიბდება საკუთარი აზრი და იცავს მას. მსჯელობს. კრიტიკული აზროვნების განმავითარებელი მეთოდიკით ჩატარებული გაკვეთილი თვისობრივად განსხვადება გაკვეთილის ტრადიციული მოდელისაგან. არც ერთი მოსწავლე არ არის პასიური მსმენელი. თითოეული მათგანი საგაკვეთილო პროცესის აქტიური თანამონაწილეა. გაკვეთილზევე ხდება ნათელყოფა იმისა, თუ როგორ აღიქვა, გაიაზრა და შეითვისა კლასმა ახალი მასალა. ამაში მოსწავლეთა მიერ ერთმანეთისათვის დასმული შეკითხვები გვეხმარება. მოსწავლეს უყალიბდება შემეცნებითი დამოკიდებულება სასწავლო ტექსტისადმი. სწავლობს ინფორმაციის ნაკადიდან მთავარის ხაზგასმას, შეკითხვის ფორმულირებას. მოსწავლეებს, რომლებსაც ასეთი ტიპის გაკვეთილები უტარდებათ ეჩვევიან საკუთარი ნააზრევის თავისუფლად ჩამოყალიბებას, გამოთქმას, მსჯელობას, არ ერიდებიან შეკითხვების დასმას – ეს კი წიგნიერი, თავისუფალი პირონვების, დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი წევრის აღზრდის საწინდარია.