1875 წლის ბოლოს ინგლისმა ბენჯამენ დიზრაელის წყალობით ჩალის ფასად შეისყიდა სუეცის არხის აქციათა საერთო რაოდენობის 40%, რომელიც ეგვიპტის მმართველ ხედივ ისმაილს ეკუთვნოდა.
"სუეცის არხის საყოველთაო საზღვაო კომპანია" იყო უდიდესი საერთაშორისო გაერთიანება, რომლის რეზიდენცია იმყოფებოდა პარიზში, ხოლო მის ადმინისტრაციულ საბჭოში წარმოდგენილი იყო ფრანგული, ინგლისური და ამერიკული კაპიტალი. მაგრამ კომპანიის აქციები განაწილებული იყო იმგვარად, რომ მის საქმიანობაში გადამწყვეტი სიტყვა ყოველთვის ინგლისის პოლიტიკოსებს ეკუთვნოდათ. ბ.დიზრაელიმ მოხერხებულად გამოიყენა ხედივის გაჭირვებული ფინანსური მდგომარეობა და ინგლისის კონტროლს დაუქვემდებარა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო წყლის არტერია – სუეცის არხი. დიზრაელის მმართველობიდან მოყოლებული სუეცის არხი ყოველთვის ინგლისის მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო. ზოგიერთი ევროპელი დიპლომატი ამ ფაქტს განიხილავდა, როგორც ახალი ეპოქის დასაწყისს ინგლისის კოლონიურ პოლიტიკაში, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის, წითელი ზღვის და ინდოეთის ოკეანისაკენ დიდი ბრიტანეთის შემდგომ წინსვლაში.