დაჰანეჰ-იე ყოლამანი მდებარეობს 2 კმ. სამხრეთით სოფელ ყალეჰიდან. ამჟამად, 44 კმ. სამხრეთით ზაბოლიდან, სისტანისა და ბელუჯისტანის პროვინციაში. 2000 წლის სექტემბერში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები. გათხრები ძირითადად ჩაუტარდა N 15 შენობას, რომელიც წარმოადგენს კვადრატული ფორმის ნაგებობას დაახლოებით 2500 კვ.მ. ასევე გამოვლინდა 36 მოგრძო, ვიწრო ოთახი შენობის ოთხოვე მხარეს. როგორც ძირითადი გეგმიდან ჩანს, შენობა წარმოადგენდა მანუფაქტურას. გამოვლინდა კედლის მოხატულობა. N 15 შენობის №25 ოთახი მოხატულია წითელი და შავი საღებავებით. ერთ-ერთ კედელზე წარმოდგენილია შავი ფერის აქლემი (55სმ.X42 სმ.). მეორე ნახატი წარმოგვიდგენს ნადირობის სცენას. მისი სიგრძეა 128 სმ., სიმაღლე 37 სმ., გამოსახულია მონადირე ეტლზე. მონადირე მისდევს ტახს. ეს ნახატი ძლიერ ჰგავს დარიუს დიდის საბეჭდის გამოსახულებას. სცენა დახატულია შავი საღებავით, გასდევს წითელი ხაზები და მცირე ზომის თეთრი წრეები. მესამე სცენა აღმოჩნდა N 23 ოთახში. იგი წარმოგვიდგენს ცხენს შენობის კიბეების წინ. როგორც ჩანს ეს მხატვრობა არ იყო შენობის ნაწილი, არამედ დაემატა მოგვიანებით აღნიშნული ოთახის კედელს.