ახალი ვერსია 2003 წლის 23-30 ნოემბერი გვ18

 

 

 

22 ნოემბერი – პოლოციამ ხალხის ტაში დაიმსახურა

 

 ალბათ სწორედ პოლიციის ასეთი განწყობა აძლევდათ იმ საღამოს პოზიციის ლიდერებს იმის თქმის საფუძველს, რომ პოლიცია და ჯარი მათ წინააღმდეგ არ წავიდოდა...

           

22 ნოემბერს, ჯერ კიდევ ხავერდოვან რევოლუციამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციის, შინაგანი ჯარისა და სხვა დანაყოფების წარმომადგენლებმა უკვე ხმამაღლა და თამამად თქვეს: ”მოსახლეობას წინ არ გადავუდგებით!” ”რატომ უნდა გამოვიყენოთ ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღი?!” ”მომიტინგეები ჩვენი და და ძმები არიან!” ”ვესვრით? – გამორიცხულია! თავად განსაჯეთ, ვის უნდა ვესროლოთ?!” – ასე პასუხობდნენ თავისუფლების მოედანზე განლაგებული პოლიციისა  და შინაგანი ჯარის ნაწილების წარმომადგენლები ჟურნალისტებს და მაშინ, როდესაც მომიტინგეები კანცელარიის შენობიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ ძალოვნებმა გზაც კი დაუთმეს. სანაცვლოდ მათ ტაში, ყვავილები და ბედნიერი ღიმილი მიიღეს. აქამდე მათ მომღიმარი სახით მხოლოდ ”რკინის კაცი” კახა თარგამაძეღა ახსოვდათ.

           

საღამოს 7 საათისათვის სრულად საქართველო და მათთან ერთად ფორმიანი ძალოვნები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

           

დაახლოებით 8 საათისთვის პრეზიდენტმა შევარდნაძემ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ინფორმაცია თავად ოპოზიციის ლიდერმა – მიხეილ სააკაშვილმა აცნობა მომიტინგეებს და ძალოვან უწყებებს ამ პროვოკაციაზე წამოგება არ ურჩია. თუმცა შევარდნაძის ეს განცხადება თამამად შეიძლება ითქვას, მომიტინგეებს აინურშიც არ ჩაუგდიათ – ”ახლა გინდა შაიტანეთ გინდა გამაიტანეთ...” -  ისმოდა აქეთ-იქიდან ასაკოვანთა წამოძახილები...

           

მიტინგზე ვნახეთ პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელმაც გვითხრა: ”პოლიციაც ხალხის ნაწილია. მათშიც გროვდება ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება, რადგან პრესა და მთელი საზოგადოება პოლიციას აგინებდა, რაც გარკვეულწილად ამ ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. რაც შეეხება მობილიზაციის გამოცხადებას, არც ამ შემთხვევაში იქნება პოლიცია აქტიური. შევარდნაძე გადამდგარია თუ არაა გადამდგარი, ის თავს პრეზიდენტად მიიჩნევს და ძალოვნებს ეძებს იმ ერთეულებს, რომლებიც მას დაიცავენ და დაეხმარებიან ძალაუფლების აღდგენაში. ეს ალბათ, საეჭვოა მოხდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იპოვის თუ არა ისეთ ძალებს, ვინც ასეთ სიტუაციაში პირადად მის ერთგულებას შეინარჩუნებს. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ იპოვის, თუ თეორიულად გამორიცხული არაფერია.

           

დაახლოებით 9 საათისათვის, ანუ მობილიზაციის გამოცხადებიდან 2 საათში მომიტინგეებს ზუგდიდის პოლიციის სპეცშემადგენლობის 50-კაციანი რაზმი შეუერთდა დანელიას მეთაურობით, რომელიც აცხადებდა, რომ არ ემორჩილება დანაშაულებრივ ბრძანებას, რის შემდეგაც მათ პარლამენტის შენობის დაცვა იტავეს.

           

ამას მოჰყვა რუსთავის ციხის პატიმრების განცხადება, რომ თუ ხელისუფლება იარაღს გამოიყენებდა, ბუნტს დაიწყებდნენ, მოახერხებდნენ საპატიმრო ადგილების დატოვებას, ქუჩაში გამოვიდოდნენ და ხალხს შეუერთდებოდნენ.

           

კრწანისის რეზიდენციასთან, სადაც შევარდნაძემ დაიდო ბინა, 2 ჯავშანმანქანა, ნიღაბიანი ძალოვნები და სამხედრო ფორმიანები დადგნენ.  საზოგადოებაში პანიკა გაჩნდა, მაგრამ ღამის 11 საათზე, კრწანისის რეზიდენციასთან უკვე სიმშვიდე იყო ჯარისკაცები შინ წავიდნენ, მხოლოდ ჯავშანმანქანები და რამდენიმე ნიღბიანი დარჩა.

           

22 ნოემბერს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებზე – მიხეილ სააკაშვილზე, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეზე სისხლისსამართლის საქმე აღძრა. ამ ინფორმაციას არავის შეუშინებია, თუმცა მალე პროკურატურის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არასწორი იყო.