|
ახალი ვერსია. 10-16. ნოემბერი. 2003წ. #45. გვ. 4.
5 ნოემბერი, ოთხშაბათი - ,,შევარდნაძე იყოს ჭკუით!”
ფილარმონიაში ერთად იკრიბებიან ,,ნაციონალები” და ,,ბურჯანაძე-დემოკრატები”. მათთან ერთად გამოდის ,,ერთობის” ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილიც. ოპოზიციის ამ მოძრაობას უკვე ,,წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის” სახელით მოიხსენიებენ.
ოპოზიცია პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, მის გადადგომას მოითხოვს და პირველ გამარჯვებაზე საუბრობს – ამ დღეს ცესკოს მონაცემებით ,,ბურჯანაძე-დემოკრატებმა” გადალახეს შვიდპროცენტიანი ბარიერი. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ცესკოს მიმართ წინა დღის მუქარის შედეგია. აქვე ზურაბ ჟვანია საპარლამენტო არჩევნების გაუქმების მოთხოვნითაც გამოდის.
მიხეილ სააკაშვილი: ,,პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ხელისუფლებამ უნდა დაიხიოს უკან. სანამ შევარდნაძე არ გადადგება, ,,ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება არ იქნება დადასტურებული. შევარდნაძე იყოს ჭკით, თორემ მისთვის 14-ლარიანი პენსია უკვე გამზადებულია. ყველა ვინც გადაგვიდგება , ულმობლად იქნება ხალხის მიერ გადათელილი. ან ნაციონალების პირველი ადგილი, ან შევარდნაძის პენსია.”
ფილარმონიიდან აქცია ისევ მერიისაკენ მიემართება. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მობილიზაციისაკენ მოუწოდებს: დღეს საღამოს იწყება ასიათასობით ჩვენი მხარდაჭერის გამოსვლები ზუგდიდში, გორში, ზესტაფონში. ჩვენი ხალხი დგება ჩოლოქზე, რათა არ გადმოუშვან აჭარის გაყალბებული ხმები. ასევე – ქვეყნის შემოსასვლელებთან, რათა არ შემოუშვან რუსეთის გაყალბებული ხმები. ჩვენი ხალხი დგას გურჯაანში, თელავში, სადაც უკვე დამარცხებულია მედიკო მეზვრიშვილი, შევარდნაძეს თუ უნდა მიიღოს რევოლუცია, შევარდნაძე რევოლუციას მიიღებს.”
ოპოზიციის ეეს განცხადებები საფუძვლად ედება ხელისუფლების მხრიდან სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას მიტინგის ორგანიზატოტებსა და აქტიურ მონაწილეებზე, ოპოზიციას ბრალი ედება სახელმწიფო გადატრიელების მცდელობაში.
,,ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე: ,,ამ ქვეყანაში ხელისუფლების ხელყოფას თუ აპირებს ვინმე, ეს არის შევარდნაძე – იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნები სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლების უზურპაცია. ჩვენზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ჩვენ არ გხეშინია მათი ციხის და მათი ტყვიის, ჩვენ უკან არ დავიხევთ და ყველა პროკურირი, რომელიც ხელს მოაწერს ამ საქმეს, თავად იქნება დამნაშავე”.
მერიიდან აქციის მონაწილეები ცესკოს მიემართებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილი ულტიმატულის ტექსტს კითხულობს, რომლის მთავარი პუნქტია: ,,კატეგორიულად ვითხოვთ, გაუქმდეს 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებული შედეგები: მარნეულის, ბოლნისის, ტყიბულის, ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო ოლქებში ისევე, როგორც, რუსეთისა და საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში”. |