|
|
|
შორენა მარსაგიშვილი ,,ახალი თაობა”. 2003წ. 6 ნოემბერი. გვ. 9.
ჩაერევა თუ არა ჯარი პოლიტიკაში? პოლიტიკურ კაბადონზე შავი ღრუბლები გამოჩნდა. ქვეყანაში ვითარება საეჭვოდ იძაბება. ბევრს ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია და აცხადებს, რომ ოპოზიცია ქუჩაში იმიტომ გამოვიდა, რომ არჩევნებზე მიღებული ხმები დაეცვა. ბევრი კი ფიქრობს და ღიად აცხადებს, რომ ეს პროცესები ქვეყნის გარედან იმართება. მოკლედ, ასეა თუ ისე, ხალხი ქუჩაშია გამოსული და ისმის წიოკი. შესაძლოა, არც არაფერი მოხდეს, მაგრამ წესრიგის დაცვა მაინც საჭიროა. წესრიგის დასაცავად პოლიციაა საჭირო, პოლიცია კი ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანას საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჰყავს. ეს მრავალრიცხოვანი პოლიცია კი ამ დღეებში ქუჩაშია გამოსული, სახეზე ნიღბები აქვთ აფარებული და აცხადებენ, რომ დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. ეს ამბავი ოპოზიციის ნერვებზე ცუდად მოქმედებს. ისინი პოლიციის შესახებ, ბუნებრივია, ცუდს ლაპარაკობენ, მაგრამ მოულოდნელად ჯარის ლანძღვაც დაიწყეს, ჯარი კი, როგორც წესი, პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს. ოპოზიცია სხვაგვარად ფიქრობს. ქუჩური გამოსვლების პირველ ღამეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, თითქოს ხელისუფლება მათ დასარბევად ჯარის გამოყენებას აპირებს. თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს დავუჯერებთ, ხელისუფლებას მათ დასარბევად კოჯრის ბატალიონის გამოყენება სურდა. იმავე ოპოზიციის მტკიცებით, კოჯრის ბატალიონს უარი უთქვამს ოპოზიციის დარბევაზე, უფრო მეტიც, კოჯრის ბატალიონმა ლამის დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ყაზარმულ რეჟიმზეც კი არ გადავიდა. ჯარის გარშემო ატეხილმა მითქმა-მოთქმამ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ, წყობილებიდან გამოიყვანა. პირველმა პირებმა გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ ჯარი პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერევა და არც არავის დარბევას აპირებს. ძნელი სათქმელია, რამდენად გულწრფელია ჩვენი სამხედრო ელიტა ამ შემთხვევაში, ან რა აქვს გუნებაში ცენტრალურ ხელისუფლებას. თუმცა ერთი რამ ცხადია - ოპოზიციამ შეგნებულად დაიწყო ჯარის გარშემო ხმაური. რაში დასჭირდა ეს, უცნობია. შეიძლება იმიტომ აყვირდნენ, რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი დარბევა, თუკი ის მართლაც იგეგმება, ანდა იმიტომ იწივლეს, რომ იფიქრეს, უფრო ჩაგრულები გამოვჩნდებით და ჩვენს დასაცავად ბევრი ხალხი მოვაო. მართალია, საქართველოს შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა, მაგრამ ისინი წლეულს ძალიან ბევრჯერ გაეხვივნენ პოლიტიკურ სკანდალში. პირველი სკანდალი წელს გაზაფხულზე მოხდა. მაშინ თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მესტიაში ახალი ბატალიონი ჩამოაყალიბა. აღნიშნულ ბატალიონს "სვანეთი" დაარქვეს და ადგილობრივი მოსახლეობით დააკომპლექტეს. ბატალიონის უმთავრესი დანიშნულება საზღვრების გაკონტროლება გახლავთ. ამის მიუხედავად, პოლიტიკურმა პარტიებმა წივილი ატეხეს, ეს ბატალიონი არჩევნებისთვის ჩამოყალიბდაო. დემოკრატები, ახლები და აღორძინება ამტკიცებდნენ, "სვანეთს" მხოლოდ ის ევალება, მესტიაში სახელისუფლებო ბლოკს და მის კანდიდატს გაამარჯვებინოსო. იმასაც ამბობდნენ, რომ მათ მესტიაში მაჟორიტარად ივერი ჭელიძე უნდა გაეყვანათ. ორი ნოემბრის არჩევნებმა კი ცხადყო, რომ ეს ასე ნამდვილად არ ყოფილა. ამიტომაც, კარგი იქნება, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან თავი შეიკავოს. რადგანაც ჯარზე ჩამოვარდა საუბარი, აქვე ერთ რამეზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. რატომღაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არ გაუმახვილებიათ ყურადღება იმ ფაქტზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მთელ რიგ საჯარისო ნაწილებზე პირდაპირი ზეწოლა მიდიოდა ერთ-ერთი უწყების მიერ. უკვე საქვეყნოდ არის ცნობილი, ვინ და რისთვის შევიდა ეროვნული გვარდიის ოპერატიულ პოლკში ან რა მოთხოვნები წაუყენეს ახალციხის ბრიგადის მეთაურს. ახლა კი ირკვევა, რომ ანალოგიურ ზეწოლას ადგილი დასავლეთ საქართველოში განთავსებულ რამდენიმე სამხედრო ნაწილშიც ჰქონდა. ამ ამბებში ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ის ადამიანები, ვინც ჯარზე ზეწოლას ახდენდნენ, კატეგორიულად მოითხოვდნენ, მათ მხარი დაეჭირათ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიისთვის. თუმცა, ასეც რომ იყოს, მაინც არ იქნება გასამართლებელი საბუთი იმისათვის, რომ ჯარი მიტინგის დასარბევად გამოიყენოს. მაგრამ საკითხავი ერთი რამ არის - რამდენად აქვს მორალური უფლება ან ჟვანიას, ან სააკაშვილს, ჯარის გარშემო წივილ-კივილი ატეხოს. ვისაც აღარ გახსოვთ, შეგახსენებთ, რა განცხადებებს აკეთებდნენ ისინი 1998 წლის 19 ოქტომბერს. ეს ის დღე იყო, როცა აკაკი ელიავამ პატარა სამხედრო ამბოხი მოაწყო. მაშინ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და მისი თაოსნობით ქვეყანაში სრული ისტერიკა ატყდა. მაშინ ჟვანიამ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად მოუწოდა, ჩარეულიყო ამ ამბავში. მან დაახლოებით ასეთი ისტორიული ფრაზა თქვა - ახლა ის დროა, პოლიტიკოსები განზე გავდგეთ და სამხედროებმა იმოქმედონო. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის მაშინ მოქკავშირის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მართალია, მას არ მოუთხოვია, ჯარი გამოვიყენოთო, მაგრამ დაახლოებით ამდაგვარი სახის განცხადებებს აკეთებდა. სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზე დატოვა უშიშროების მინისტრმა ჯემალ გახოკიძემ თანამდებობა. ეს ადამიანი, იმერეთის მხარის გუბერნატორთან ერთად, ელიავას მძევალი იყო რამდენიმე საათის განმავლობაში. სხვათა შორის, მათ თავიანთი მძევლობით საკმაოდ დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ სისხლი არ დაღვრილიყო. მაშინდელი სიტუაცია დღევანდელისგან რადიკალურად განსხვავდება, თუნდაც იმიტომ, რომ ელიავა და მისი რაზმი შეიარაღებული იყვნენ და მათ შესაძლოა ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხე შეექმნათ. ოპოზიცია, მართალია, შეიარაღებული არ არის, ყოველ შემთხვევაში, ეს გარეგნულად ასე ჩანს, მაგრამ ქვეყნისთვის საფრთხის მოტანა მათაც შეუძლიათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, მათ წინააღმდეგ მაინც არ შეიძლება საჯარისო ნაწილების გამოყენება, რის გაკეთებასაც, როგორც ირკვევა, არც არავინ აპირებდა. მიტინგის დასაშლელად არსებობს პოლიცია, რომელიც ვალდებულია, წესრიგი დაიცვას და, თუ საჭიროა, მიტინგიც უნდა აღკვეთოს და სხვა სახის თავყრილობაც. მაგრამ ისეც არ შეიძლება, რომ პარტიებმა თავიანთი პოზიციები ვერ დააფიქსირონ. ჩვენს ქვეყანაში, როგორც ამბობენ, დემოკრატიაა, დემოკრატია კი კანონის უზენაესობას ნიშნავს. ეს პოზიციასაც გათავისებული უნდა ჰქონდეს და ოპოზიციასაც. |