|
ნანა ქადაგიშვილი,,24 საათი”. 2003 წ. 24 ნოემბერი გვ. A6.
ჩანაწერები ,,ვარდების რევოლუციიდან”23 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მზე ,,ცეკვა-სიმღერის ფონზე ამოვიდა. ღამენათევ მომიტინგეებს ცეკვა დილითაც არ შეუწყვეტიათ. ზურგზე ბავშვმოკიდებული ბოშა ქალის “განდაგანამ” კი მოცეკვავეები მთლად გამოაცოცხლა. ჩინელი ჟურნალისტი აღტაცებული უღებდა ფოტოებს გადაღლილ, მაგრამ სახეგაბრწყინებულ მოცეკვავე ახალგაზრდებსა და მოხუცებს. ცეკვა-სიმღერა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნინო ბურჯანაძის გამოსვლამდე არ შეწყვეტილა. მამაკაცებმა ლიდერს ყვავილები მიართვეს. ყვავილები, განასუკთრებით კი წითელი ვარდი, მიტინგის მთავარ სიმბოლოდ იქცა. ,,ვარდების რევოლუციას გაუმარჯოს” – ასეთი შინაარსის ვარდებმიხატულ ტრანსფარანტს პარლამენტის შენობის ყველაზე თვალსაჩინო ადგილი ეკავა. მომიტინგე გოგონები კი თითო ცალ წითელ ვარდს დროშის მაგივრად აფრიალებდნენ. ,,ერთი წელიც რომ დაგვჭირდეს აქ დგომა, ფეხს არ მოვიცვლით, ყველაფერს გავუძლებთ,” – აცხადებდნენ რუსთაველის გამზირზე ღამენათევი და დილით მისული ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანები.
ზუგდიდიდან ჩამოსულ 54 წლის მხატვარს, ვალერი ქობალიას უზარმაზარი დროშა, ორი დღის განმავლობაში ხელიდან გაუშვებლად ეკავა და პარლამენტის ზედა კიბეზე მდგარი მომიტინგეების თავზე აფრიალებდა. ,,როგორ არ დაიღალა ორი დღეა, ასე დგას,მაგრამ დროშას ერთი წუთითაც არავის უთმობს,” – უკვირდათ მის გვერდზე მდგომ ქალებს. ,,ეს წმინდა გიორგის დროშაა, შინდისფერი – ქართული ღვინის სიმბოლოა, თეთრი – რაინდობის, შავ ფერს კი ორგვარი დანიშნულება აქვს, იგი ურყევი ჟინის სიმბოლოც არის და იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყანა სიშავიდან ჯერ კიდევ არ გამოსულა,” – შავ-შინდისფერ ფონზე გამოხატული თეთჯვრიანი დროშის დანიშნულებას ახალგაზრდებს განუმარტავდა ქობალია, რომელსაც ჯიბეში სხვა ,,სიმბოლოც” ედო, პრეზიდენტის გუშინწინ ღამით დამწვარი სავარძლის ნახევი. რა დრო მოვიდა, ამ ნახევზე ერთ დროს პრეზიდენტი იჯდა, დღეს კი მე ფეხსაცმელი გავიწმინდეო, იცინოდა იგი.
,,უნდა ჩავთვალოთ, რომ უკვე გავიმარჯვეთ. 100 დღეც რომ დაგვჭირდეს, აქ უნდა ვიდგეთ და გუშინდელი მონაპოვარი ბოლომდე დავიცვათ,” – ამბობდა 8 შვილის მამა, რომელიც მიტინგზე სამ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოსულიყო.
,,მართალია, ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვამაყობთ ჩვენი ხალხით,” – აღტაცებას ვერ მალავდნენ სტუდენტები თამუნა ბაღაშვილი და ქეთინო ჯავაშვილი.
,,სააკაშვილმა დაბადების დღე რუსთაველის გამზირზე გადამიხადა, 8 ნოემბრის შემდეგ აქ ვდგავარ, გუშინ ღამით კანცელარიაში ერთ-ერთი პირველი შევედი,” – ამაყობდა კევლიშვილი ვალერი, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილს 11 ნოემბერს, დაბადების დღის აღსანიშნავად, ავტოგრაფიც მიუცია.
,,78 წლის კაცი ვარ, რამდენსაც გავუძლებ, იმდენხანს ვიდგები,” – ლევან ლომიაშვილს უშიშროებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში წლობით უმუშავია, მზის, ქარისა და წყლის ენერგიაზე მომუშავე აპარატიც გამოუგონია, ბოლოს კი ,,გაყინული” პენსიის იმედად დარჩენილა. ,,პრეზიდენტს წასვლა კი არა, გაქცევაც უნდა, მაგრამ დრო გაჰყავს, რომ ,,გაყინული” პენსიები მოაგროვოს და თან წაიღოს,” – ეს მოსაზრება ლომიაშვილს ქაღალდზე დაეწერა და ცდილობდა, იგი ოპოზიციის ლიდერებისათვის მიეწვდინა.
,,შევარდნაძემ ქართველი ქალები მოვაჭრეებად აქცია. 69 წლის ქალი ვარ და მინდა, ამქვეყნიდან ისე წავიდე, ახალგაზრდები ბედნიერი დავტოვო.. მჯერა, რომ ოპოზიცია და ხალხი გაიმარჯვებენ და აფხაზეთსაც დავიბრუნებთ,” – სოხუმიდან დევნილ იზოლდა ჭაბუკიანს სიმტკიცე საკუთარი ქალაქიდან მოჰყვება, მას სოხუმი მხოლოდ ბოლო წუთებში მიუტოვებია.
შსს-ს გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმის რამდენიმე წარმომადგენელი მიტინგს შუადღისას შეუერთდა. ისინი მოსწავლეთა სასახლესთან იდგნენ და დანარჩენ ჯარისკაცებს ელოდნენ. ,,სხვებსაც ველოდებით, უფროსობამ თუ გამოუშვა, აუცილებლად მოვლენ. ასეთ დროს ძალოვანებიც საკუთარ ხალხთან უნდა იდგნენ,” – ამბობდნენ ჯარისკაცები, რომელნიც მიტინგზე უფროსების უკითხავად წამოსულან, ამაზე მეტი პრობლემა როგორღა უნდა შეგვექმნას, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება ისედაც პრობლემა არ არისო? – ამბობდნენ. |