|
სოფო ბუკია. ,,24 საათი”. – 2003წ. - #306. – 25 ნოემბერი. – გვ. A1, A3
ჩემი პრეზიდენტობა? – ეს ქუჩაში ხალხს ჰკითხეთ ამბობს მიხეილ სააკაშვილი
,,რა ურთიერთობა გექნებათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან?”
,,იცით, მე სამი თვეა, ჩემი ბაბუა არ მინახავს, ამიტომ არ ვიცი, მექნება თუ არა ურთიერთობა შევარდნაძესთან...”- ვარდების რევოლუციის დასრულების შემდეგ, თავის პირველ პრესკონფერენციას მართავს მიხეილ სააკაშვილი. მთავარი რევოლუციონერი ოფიციალურად აცხადებს, რომ დაუმორჩილებლობის კამპანია დასრულებულია და ყველა ვალდებულია, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს დაემორჩილოს.
სააკაშვილის თქმით, ,,ნაციონალების” მიერ დაკავებული ყველა სახელმწიფო დაწესებულების, მათ შორის სახელმწიფო კანცელარიის და პარლამენტის კონტროლი სრულად გადაეცა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს. ,,იყო ინციდენტი, როდესაც ვიღაც ცალკეული პიროვნებები ,,ნაციონალური მოძრაობის” დროშით ხელში მიდიოდნენ ცალკეულ ადგილებზე და სახელისუფლებო დაწესებულებების პარალიზებას და იქ შესვლას ცდილობდნენ. მინდა განვაცხადო ყველას გასაგონად, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია დასრულებულია, ჩვენ არ ვიღებთ ჩვენს თავზე სახელისუფლებო უფლებამოსილებებს ახალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე. ამიტომ, ყველა ძველი ხელმძღვანელი, ყველა პროფესიონალი უნდა დარჩეს თავის ადგილას, ცალკეული გამონაკლისების გარდა. თანამდებობის პირები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ კაბინეტებს, გაუფრთხილდნენ სახალხო ქონებას, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ აჰყვნენ არანაირ პროვოკაციას. ყვალგან, სადაც იქნება უწესრიგობა, ადგილობრივი ხელმძღვანელები აგებენ პასუხს მთელი სიმკაცრით. ამ სიტუაციაში, პრაქტიკულად, ყველა მინისტრი რჩება თავის ადგილას, გარდა იმ ხალხისა, ვინც მოისურვებს წასვლას,” – აცხადებს სააკაშვილი და აქვე ერთ გამონაკლისაც უშვებს:
,,მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი უნდა გადადგეს. პოლიციამ არაერთხელ დაარღვია კანონი წინასაარცევნო და არჩევნების შემდგომ პერიოდში და ამაზ პასუხს პირადად ნარჩემაშვილი აგებს. მისი შემდგომი ყოფნა მინისტრის პოსტზე, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციურად ბურჯანაძეს მისი გათავისუფლების უფლება არა აქვს, პრობლემებს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამიტომ მოვუწოდებ მას, დაჟინებით ვთხოვ, რომ დაწეროს განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ,” – ამ განცხადებიდან, დაახლოებით, ორ საათშ შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი საკმაოდ გრძელი შესავალი სიტყვის შემდეგ, ჟურნალისტების წინაშე გადდგომის შესახებ განცხადებას აკეთებს.
სააკაშვილის თქმით, იგი საკმაოდ ყურადღემით აკონტროლებს მოვლენების განვითარებას შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაში: ,,კატეგორიულად ვთხოვ პოლიციას, არ დაუშვან რაიმე სახის შეიარაღების მქონე ადამიანთა ჯგუფების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე. ჯერჯერობით ეს არ შეიმჩნევა, მაგრამ თუ რაიმე სიმპტომი გამოჩნდა, ეს იქნება ძალიან საგანგაშო,” – აცხადებს იგი.
რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია აჭარასთან და მის ლიდერთან ურთიერთობების მოგვარებას, სააკაშვილმა უპასუხა: ,,თუ ვინმეს აქვს იმის ილუზია, რუსეთში ან თუნდაც სადმე სხვაგან, რომ აჭარა შეიძლება გამოვიდეს საქართველოს შემადგენლობიდან, მინდა გითხრათ, რომ ასეთი რამ არ მოხდება არასოდეს, ვიმეორებ – არასოდეს. ეს იგივეა, რომ თბილისის რომელიმე რაიონი საქართველოს შემადგენლობიდან გამოვიდეს. აჭარა საქართველოს შემადგენელი ნაწილია და მისი საქართველოდან მოშორება შეუძლებელია როგორც ტექნიკურად, ასევე რეალურადაც. ჩვენ ამ საფრთხეს არ ვგრძნობთ და ვერავინ ჩვენთან ამ საფრთხით მანიპულირებას ვერ შეძლებს. ჩვენ არ ვაპირებთ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ რაიმე აგრესიის გამოვლენას არც დღეს და არც მომავალში და არ ვგრძნობ ამგვარ საფრთხეს ბათუმიდანაც. სხვათა შორის, ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ იმ აჭარლების, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში არანაირი სისხლისღვრა და დაპირისპირება არ მომხდარიყო.”
მიხეილ სააკაშვილი მზადაა, აჭარის ლიდერთან შემდგომაც გააგრძელოს კონსულტაციები.
როგორც გუშინდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტის შენობა დღეს 1999 წლის მოწვევის პარლამენტარებს ელოდება. ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი. საქართველოს საკუთარ პრეზიდენტს და პარლამენტს, სავარაუდოდ, ერთ დღეს აირჩევს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება, მაჟორიტარული წესით არჩეულს დეპუტატებს მომავალი არჩევნები არ შეეხება. ,,არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ საკონსტიტუციო კრიზისს შექმნის. უნდა ვინმეს პარლამენტის სხდომებში მონაწილეობა თუ არა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მაინც შედგება, არავის ურჩევ ამას ხელოვნურად შეუშალოს ხელი,”- აღნიშნავს სააკაშვილი.
იგი ჯერ ოფიციალურად არ აცხადებს, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. რაც შეეხება მის შანსს, ,,ეს ქუჩაში მოსახლეობას ჰკითხეთ,” – გვირჩია მან. |