|
ეკა ქევანიშვილი რეზონანსი. – 2003წ. – 24 ნოემბერი. - გვ.3.
ჩვენ ფორმა იმიტომ გვაცვია, რომ ჩვენი ხალხი დავიცვათ გუშინ ოპოზიციის მიტინგს უიარაღო სამხედროები და პოლიციელები შეუერთდნენ
23 ნოემბერი, რუსთაველი გამზირი, თბილისი, საქართველო, ქართველებისთვის უდიდესი გიორგობის დღესასწაული - ხალხი ამ დღესაც ქუჩაში, ერთმანეთის გვერდით შეხვდა. გუშინ განურჩევლად ყველა გამომსვლელს, ვისაც კი საკუთარი ხალხისთვის სათქმელი ჰქონდა, ხელები უკანკალებდა. ასეთი მღელვარება, როგორც თავად ამბობდნენ, მათ უკვე დიდი ხანია, არ უგვრძნიათ.
ირონიულ რეპლიკებს იმის შესახებ, რომ ხალხს არეულობა მოენატრა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხი მხოლოდ ერთ ლოზუნგით ხვდებოდა - წადით! თავი დაგვანებეთ. ამისათვის ისინი სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტებთან ერთად საკუთარი ვენახიდან წამოღებულ ვაზის ჯვარსაც იყენებდნენ, სანთლებსაც, შევარდნაძისა და მისი გარემოცვის შარჟებსაც... ამ ადამიანებისათვის, გულწრფელად საქართველო სწორედ რუსთაველის გამზირზე იწყებოდა.
,,ეს ჯვარი ჩემს საკუთარ ვენახში ვაზისაგან და თბილისში ჩამოვიტანე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ იარაღით და სისხლით არ მოვდივართ. ჩვენ საქართველო მოგვენატრა, ნამდვილი საქართველო“, - ამბობს თერჯოლელი ორმოციოდე წლის მამაკაცი.
ეს განწყობა იყო გიორგობის დღის დასაწყისიდან ბოლომდე. აღარავინ თვლიდა, რამდენი ადამიანი მივიდა საკუთარი სურვილის გამოსახატავად და მშვიდობიან დემონტრაციაში მონაწილეობის მისაღებად, ან საიდან ჩამოვიდნენ ისინი დედაქალაქში. ისედაც ნათელი იყო მათი რაოდენობაც და მათი წარმომავლობაც, ,,საგარეჯო თქვენთანაა“, ,,ახალციხე“, ,,აჭარა“, ,,რაჭველები“, ,,თბილისის ბალეტი“ და ვინ იცის, კიდევ რამდენი ჰაერში აწვდილი წარწერა, რომ ყველას კარგად დაენახა მათი ვინაობა, თითქმის არავის უნდოდა ჩამორჩენა, მიმალვა...
,,აი, პატარა დროშა მაქვს, ხუთჯვრიანი, ამით დავდივარ, მინდა მიტინგზე მისვლა, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა აჭამოს ოჯახს პური? თუმცა, ისედაც მიტინგზე არა ვარ? ამდენი ხალხი მიდის, მოდის, ყველა მიტინგზე მიმყავს და ამბებს მათგან ვიღებ, ლამის ვიფრინო, ისეთი გახარებული ვარ.
ისიც ვიცი, ასლან აბაშიძეს ოთხი ქარხანა დაუხურავს, მუშები რომ ჩამოეყვანა თბილისში ძალით. ერთ-ერთი აჭარელი სამართალდამცავი ჩინოვნიკი, ნაღდად რომ ამბობდა, ფორმით ვარ, მაგრამ ტანსაცმელი წამოღებული მაქვს და თუ საჭირო იქნა, სულ გავიქცევი ქვეყნიდან, ასლანის ძალადობრივ ბრძანებებს კი არ დავემორჩილებიო.
კაცი არ მინახავს, რომ შევარდნაძის მხარეს იყოს დღეს, სოღანლუღელი თათრებიც კი საქართველოს დროშით მიდიოდნენ მიტინგზე.
ვნატრობ, ერთი ხაზარაძეს მოსდებდნენ როგორც საჭიროა ისე, მეტი არაფერი მინდა“ - ასეთ მინი მონოლოგებს რვა ნომერი სამარშრუტო ტაქსის მძღოლისგან, ალბათ, ყველა მგზავრი მოისმენდა.
ხალხისთვის არც ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთი ბოლო განცხადება ყოფილა შიშისმომგვრელი, შეიძლება ისიც ითქვას, რომ შიში ამ ხალხში აღარ არსებობს, ,,რეზონანსის“ კითხვაზე, ეშინიათ თუ არა მათ ამ დღეებში, პასუხი მხოლოდ ერთი იყო: არა.
,,მე ჯერ ტანკების გაცემის ბრძანება არ გამიცია, გახსოვთ, ალბათ, ის დრო, ქალაქი რომ სავსე იყო ტანკებით. არ მინდა, სისხლიანი 9 აპრილი განმეორდეს. ხომ დაიწყო არეულობა, მოროდიორობა, იტაცებენ მანქანებს, ახლა ადამიანების გატაცებასაც დაიწყებენ“, - ამით იმუქრება შევარდნაძე, თითქოს, ადამიანების გატაცების ერა მისი პრეზიდენტობის პერიოდში არ აყვავებულიყოს.
დღის სამი საათისთვის ხალხის მასა კიდევ უფრო მატულობს, რუსთაველზე გავლა ჭირს, როგორც ადრე, ათი-თორმეტი წლის წინ დროშებიანი მანქანები დარბიან, სკოლის მოსწავლეები სასტვენებით ქუჩებს სერავენ და ყვირიან: დაგვიბრუნეთ მომავალი. მათ მომავალი ნამდვილად სჭირდებათ.
მიტინგზე ბევრი ბავშვია, მათ შორის, ისეთებიც, ვისაც საკუთარი აზრი ჯერ არ გააჩნია და არც ლაპარაკი იცის. მათი ნება მათმა მშობლებმა გამოხატეს. ხალხს ყვავილები უჭირავს. პოლიციისა და შინაგანი ჯარისათვის ძნელი იქნება ამ ყვავილებთან შებრძოლება.
დროდადრო ისმის საინფორმაციო ხასიათის განცხადებები, რომ გულუას სახელობის ბატალიონი ხალხის მხარესაა, რომ შინაგანი ჯარი ბურჯანაძეს ექვემდებარება. რომ თბილისის პოლიციის შეფი ლევან მაისურაძე ოპოზიციას სოლიდარობას უცხადებს.
ცხადია, ყველაზე მეტი ოვაცია მიხეილ სააკაშვილს ერგება, ახლა მისგან მოელიან რაღაც ცვლილებებს, ის კი: ,,ჩვენ ნამდვილი თავისუფლება გვჭირდება, არა ისეთი მოჩვენებითი, როგორიც გვქონდა. ამიტომ უახლოეს საათებში ჩვენ, რამდენიმე ათასი კაცი, არ უნდა დავისალოთ, წავიდეთ, დავიკავოთ პირველი არხი და გავუთიშოთ შევარდნაძეს ეთერი. მან უნდა აღიაროს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, ეტერი მას არ შეიძლება ჰქონდეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაიკავეს ზუგდიდის, გორის სამხარეო ადმინისტრაციები. იგორ ივანოვი, რომ შევარდნაძესთან მისულიყო და დახმარება შეეთავაზებინა, მოვიდა აქ, ჩაგეხუტათ თქვენ და თქვა, რომ ჩვენს საქმეებში არ ჩაერევა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების პოლიციელთა რაზმი არ დაემორჩილა შევარდნაძეს და ჩვენტან მოვიდა.
ხალხო, შევარდნაძე არის ძალიან ცბიერი, არ უნდა წამოვაყოფინოთ მას ტავი, თორემ თუ წამოყო თავი ამ გველმა, ყველას ცალ-ცალკე დაგვგესლავს. ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ყველაზე მაგარი ხალხი ვართ, ყველაზე საქმიანი ხალხი ვართ“.
ხალხს ასეთი გამოსვლები ახარებს, თუმცა, დარწმუნებული არ არის, რომ ივანოვს უცებ საქართველო შეუყვარდა. ეჭვის ჭია ხალხის მასაში მთელი დღის მანძილზე დაღოღავდა: ,,იქნება რამე სცენარია? ეგება გვატყუებს ეგ ივანოვია თუ ვინცხა?“, - ისმოდა ერთ ადგილას შეკრებილ გურულებში.
ერთი ქალბატონი კი გულამოფსკვნილი ტიროდა: ,,ორი კვირაა, წვიმასა და ქარში აქ ვდგევარ, აქ ვიდგები ბოლომდე, სანამ შევარდნაძე თავისი კლანით არ წავა“...
სათქმელი კი ყველას ჰქონდა. ზოგი ამას ტირილით გამოხატავდა, ზოგი ექსპრომტად შექმნილი ლექსით, ზოგი სიმღერით... იყვნენ ძველი ეროვნული მოძრაობის მონაწილეებიც და ზვიად გამსახურდიას მომხრეებიც, სტუდენტები და დევნილი მოსახლეობა, პოეტები, ხელოვანები...
ზურაბ ქაფიანიძე: ,,მანამ ეს კაცი იქნება, ქართული საქმე არ გაკეთდება-მეთქი, ხალხო, ვთქვი და ასეც მოხდება, მე ერთმა გლეხმა მითხრა, გუდამაყრელმა, მე ყველაზე ამაყი ვარო დღეს, ასეთი არასდროს ვყოფილვარო. პირველი შემთხვევაა, ალბათ, რომ პრეზიდენტს თავისი ხალხი და ქვეყანა სძულდეს“.
მერე გია გულუას სახელობის ბატალიონის ბიჭებიც გამოვიდნენ: ,,ჩვენ ეს ფორმა იმიტომ გვაცვია, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი სამშობლო. ჩვენ უფლება არა გვაქვს, გამოვიდეთ ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად დავდგებით და ყველა ჯარისკაცს, ვინც დღეს ყაზარმაშია, მოვუწოდებთ, აქ დადგნენ თქვენთან ერთად. აქ არის საქართველო“.
კაპიტანი ბუხაიძის ქალიშვილიდან დაწყებული ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავასა და აკაკი ბაქრაძის მოძღვრით, მეუფე ქრისტეფორე წამალაძით დამტავრებული, ყველა ერთს ამბობს - რაღაც უნდა შეიცვალოს, შევარდნაძე უნდა წავიდეს.
ლუიზა შაკიაშვილი: ,,შევარდნაძეს ჩემთვის რამდენჯერ უთქვამს, სოხუმი რომ დაეცეს, თავს მოვიკლავო, მაგრამ იმის მერე ათი წელი გავიდა და ახლა გვეუბნება, გვერდები არ აგიდგეთ, სანამ მე არ გადავდგეო. სრულიად საქართველოს აუდგა გვერდები, ბატონო ედუარდ, თქვენი გადაყენების სურვილით. ეხლა მაინც გადადექით. ხედავთ,ხალხო, როგორ ებღაუჭება ეს კაცი სკამს, რომელიც უკვე დაიწვა“.
შუადღისათვის ხონის კოლონიიდანაც მოვიდა შეტყობინება, ლოთი ქობალიას სახელით, ესეც ოპოზიციის მხარში დგომის განცხადებით. ძალიანაც არ ესიამოვნებოდა, ალბათ, შალვა ნათელაშვილს მისი თანაპარტიელების გამოსვლა მიტინგზე, თუმცა, ასეც მოხდა.
რამაზ ბერიანიძე, ლეიბორისტული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი: ,,ბოდიშის მოხდით უნდა დავიწყო ჩემი სიტყვა, რადგანაც ჩვენმა რამდენიმე ხელმძღვანელმა ზურგი აქცია საართველოს ამ საუკეტესო ნაწილს. დღეს შევარდნაძე-ნათელაშვილი-ინჯიას ალიანსი ფაქტიურია. პარტია დატოვა მთავარი კომიტეტის რამდენიმე წევრმა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური დარბაზის უდიდესმა ნაწილმა, აქ არის კახეთის რეგიონი, ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მალე შემოგვიერთდება დანარჩენი საქართველოც“.
,,პრეზიდენტმა ბევრჯერ მოგვატყუა, არარ გვინდა ტყუილში ცხოვრება, მოგვბეზრდა, ანტიქრისტეა, მძარცველი, მხეცი და ნადირი ეგ შევარდნაძე, ცეცხლში უნდა დავწვათ, კი არ უნდა დავმარხოთ“, - ნათელა აბრამიას განწყობას სხვებიც უერთდებიან.
უკვე მესამედ გამოდის ნინო ბურჯანაძე. მისი გამოსვლების მთავარი თემა მადლობებია განსაკუთრებით კი ჯარისკაცებისა და პოლიციელებისადმი: “ჩვენ, ალბათ, ვერ გავიხსენებთ, ასეთი ერთსულოვნება როდის იყო ბოლოს საქართველოში. გმადლობთ იმისთვის, რომ თქვენ იბრძვით უკეთესი საქართველოსთვის. თქვენმა ერთსულოვნებამ ყველას მისცა საუკეთესო გაკვეთილი. საკუთარი ხალხის იგნორირება არავის ეპატიება. დღეს ერთ მხარეს არის საქართველო, მეორე მხარეს - პრეზიდენტი და მისი ერთი მუჭა გარემოცვა“.
საღამოსთვის ხალხის მასა საგრძნობლად მატულობს. ,,კენგურუში“ ჩასმული შეფუთული ჩვილი ბავშვებიც კი ჩანან. მათ მშობლებს არ ეშინიათ, მათ მშობლებს უკეთესი საქართველო უნდათ. ეს სურვილი რუსთაველზე შეკრებილ განურჩევლად ყველა ადამიანს აქვს, ამ იმედით ელიან ისინი ხვალინდელი დღის გათენებას. |