შორენა კოწოწაშვილი

"ახალი თაობა "  17 ნოემბერი, 2003 წელი. გვ. 2.

 

 

"ჩვენი გზა სამოქალაქო დაუმორჩილებლობაა!"

ერთიანი ოპოზიცია უკან არ იხევს. იგი ყველა საშუალებას მიმართავს შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ ის დღე შორს არ არის, როცა ქართველი ხალხი საბოლოოდ გათავისუფლდება იმ გველეშაპისგან, რომელმაც ქართველ ხალხს საკუთარი ხმით სარგებლობის უფლებაც წაართვა.

გუშინ ერთიანი ოპოზიციის ლიდერები ფილარმონიაში შეიკრიბნენ და გრანდიოზული მიტინგის წინ საზოგადოებას ამცნეს, რომ ოპოზიცია ხალხის ღალატს არ აპირებს და აცხადებს საერთო სახალხო დაუმორჩილებლობას. ოპოზიციის ლიდერები აგროვებენ ხელმოწერებს შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. ლიდერები იმეორებენ შევარდნაძის სიტყვებს - მილიონი ხელმოწერა მომიტანეთ და გადავდგებიო.

- ამ მილიონ ხელმოწერას შევუგროვებთ, მივართმევთ შევარდნაძეს და ვეტყვით: გადადექით!- პირობას დებს სააკაშვილი, მანამდე კი ოპოზიციის ლიდერები მუშა შეხვედრას მართავენ ფილარმონიაში საზოგადოებასთან ერთად. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებას სურს, ქვეყანაში შექმნას კრიზისი.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ შევარდნაძის ხელისუფლება საქართველოს ყველა რეგიონში კრიზისს განიცდის და კიდევ უფრო შევიწროვდება დღეიდან, როგორც კი ოპოზიციური პარტიების შტაბები დაუმორჩილებლობის რეჟიმში იმუშავებენ.

- თელაველებისთვის მედიკო მეზვრიშვილი შევარდნაძეა "იუბკაში", - აღნიშნა სააკაშვილმა, როგორც კი კახეთის რეგიონს და კონკრეტულად კი თელავში განვითარებულ საპროტესტო გამოსვლებს შეეხო. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ კახეთი მალე გათავისუფლდება "იუბკიანი შევარდნაძისგან".

მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნო ის გეგმები, რის გაკეთებასაც უახლოეს პერიოდში ოპოზიცია გეგმავს. სააკაშვილის თქმით, გრანდიოზული მშვიდობიანი მანიფესტაციების შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქში გაიმართა, არამედ თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ისინი იწყებენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კომიტეტების შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მიხეილ სააკაშვილი:

- შევარდნაძეს სურს, ქვეყანაში შექმნას კრიზისი და თავი გადაირჩინოს. ჩვენ გვსურს, შევარდნაძეს შევუქმნათ კრიზისი და გადავარჩინოთ საზოგადოება. ეს არის ჩვენ შორის განსხვავება. ჩვენ გვსურს, არ მივცეთ იმ გეგმების განხორციელების საშუალება, რომელიც მათ სურთ. შევარდნაძეს უნდოდა, კოდორის მიმართულებით ძალისმიერი მეთოდები განეხორციელებინა, რათა ხალხის ყურადღება იქით გადართულიყო. იგი იწყებს ე.წ. პარტიზანულ მოძრაობას, როცა ჭეშმარიტი პარტიზანები მე მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩვენ გვერდით არიან. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ იმისათვის, რომ სისხლი არ დაიღვაროს. ჩვენი ერთადერთი ამოცანაა, ამ სიტუაციაში ვაწარმოოთ დაუმორჩილებლობის კამპანია. ერთი და ორი აქციით და დემონსტრაციით შევარდნაძე და მისი კლანი არსად წამსვლელი არ არის.

ამ სიტუაციაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ეუბნება ქართულ ჯარს, რომ მათი ყველა პრივილეგია შენარჩუნებული იქნება და ექნებათ კიდევ სხვა პრივილეგიები, ოღონდ არ გამოიყენონ იარაღი და ტანკები ხალხის წინააღმდეგ, პოლიციას კი არწმუნებს, რომ ერთიანი ოპოზიცია და საზოგადოება პოლიციის წინააღმდეგი არ არის.

ასე რომ, ერთიანი ოპოზიცია შევარდნაძის ხელისუფლებას საერთო ეროვნულ დაუმორჩილებლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ დღეიდან სასწავლო თუ სამუშაო პროცესი შეწყდება სკოლებში, საავადმყოფოებში, სასწავლებლებში და ა.შ. ოპოზიციის აზრით, ჯერ დიდი და მასშტაბური მიტინგის გამართვა ადრეა, ამიტომ ხელისუფლებამ ჯერ ამ კუთხით უნდა იგრძნოს კრიზისი. გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას კი ოპოზიციის ლიდერები უახლოეს დღეებში გეგმავენ. დაპირებული გრანდიოზული აქცია ამ რამდენიმე დღეში შედგება, მანამდე კი ოპოზიციის ლიდერები დაუმორჩილებლობის კომიტეტს ირჩევენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ოპოზიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება აჭარიდან 2000 სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული ფორმირების წევრის ჩამოყვანას გეგმავს.

- მე და ჩემი მეგობრები უკან დამხევები არა ვართ. არანაირ გარიგებაზე და შეთანხმებაზე ხელისუფლებასთან არ წავალთ და ვიბრძოლებთ საერთო გამარჯვებისთვის, - აღნიშნა სააკაშვილმა.

"ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ოპოზიცია არ შეურიგდება უსამართლობას და ღირსების შელახვას. მისი თქმით, მსოფლიომ იხილა ორი დღის წინ თბილისში მიმდინარე მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია და ერთადერთი, ვინც ეს ვერ დაინახა, იყო შევარდნაძე და მისი ხელისუფლება.

- საქართველოში რეალური ხდება დიქტატურის საფრთხე. დიქტატურა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ არჩევანის საშუალებას ართმევენ ხალხს, - აცხადებს ბურჯანაძე და იქვე მიუთითებს, რომ საყოველთაო პროტესტის ფონზე ხელისუფლება ბედავს და კიდევ მეტი ცინიზმითაა სავსე მისი დამოკიდებულება და ქმედება. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა საზოგადოებას, მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს ხელისუფლებას.

ბურჯანაძე ამცნობს ხელისუფლებას, რომ საქართველოს არც ერთი კუთხის მოსახლეობა არ შეეგუება მის ასეთ ცინიკურ დამოკიდებულებას და საზოგადოების სრულ იგნორირებას. "ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩვენ თუ ახლა დავკარგეთ შანსი, საქართველოს ასეთი შანსი ძალიან დიდ ხანს კიდევ აღარ ექნება", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ და იქვე დააკონკრეტა, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი ამ შემთხვევაში ყოვლად უადგილოა.

"გაერთიანებული-დემოკრატების" ლიდერი ისტორიულად აფასებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებას. მისი თქმით, საქართველოში დაიწყო ის მოძრაობა, რომელიც თავისი მასშტაბებით თავისუფლად შეიძლება გაუტოლდეს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. ჟვანია პირობას დებს, რომ ერთიანი ოპოზიცია პოზიციას არ შეიცვლის მანამ, სანამ არ დაიბრუნებს იმას, რისი მიტაცებაც სცადა ხელისუფლებამ.

ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებას ამცნობენ, რომ ორ დღეში, როცა ცენტრალური საარჩევნო კომოსია არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს, პრეზიდენტი ეცდება, სასწრაფოდ შეკრიბოს ახალი პარლამენტი. ეს პარლამენტი კი, სადაც მამალაძე, სარიშვილი, რჩეულიშვილი, გოგიტიძე, ბაკურია უმრავლესობაში იქნებიან, ჟვანიას თქმით, ხალხის საწინააღმდეგო კანონებს მიიღებს.

- შევარდნაძე და ასლან აბაშიძე ფარულად მე-11 არმიას აყალიბებენ, რომელსაც ასე ჩუმ-ჩუმად სურს, შემოცოცდეს პარლამენტში და თბილისში, რათა შემდგომ წითელი დროშა ააფრიალოს, - აცხადებს ჟვანია, - ჩვენ აღარ შევეგუებით შევარდნაძის მმართველობას. ეს არის ჩვენი გზა, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზა, რომელიც ერს მართლაც თავისუფლებას მოუტანს".

ასე რომ, ოპოზიციის ლიდერები საზოგადოებას სრული დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ბრძოლა შედეგიანი იქნება და დააჩქარებს შევარდნაძის პოლიტიკიდან წასვლის გაფორმებას. ოპოზიციის ლიდერებმა გააცნეს დამსწრეთ საზოგადოებისადმი მიმართვა და ითხოვეს, გარშემომყოფნი საქმის კურსში ჩაეყენებინათ. გაბაშვილის თქმით, ერთიან ოპოზიციას და საერთო საზოგადოებრივ დაუმორჩილებლობას უერთდებიან ბიზნესმენებიც, რომლებიც უარს აცხადებენ ყველა გადასახადის გადახდაზე, სოციალური და საპენსიო გადასახადის გარდა.

ბოლოს კი დავძენთ, რომ საერთო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადება საქართველოში პირველი შემთხვევა არ არის. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირაკლი წერეთელი კი დღევანდელ დღეს ისტორიულად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.