დეილი ტელეგრაფი

,,24 საათი” 2003 წ. 28 ნოემბერი. გვ. A1-A5.

 

შევარდნაძე გრძნობს, რომ ის დასავლეთმა გაყიდა

საქართველოს დამხობილმა პრეზიდენტმა, გამწარებულმა და გატეხილმა ადამიანმა ედუარდ შევარდნაძემ, გუშინ გაზეთ ,,დეილი ტელეგრაფსგანუცხადა: მიუხედავად იმისა, რომ მან მსოფლიო ბირთვული კატასტროფისაგან გადაარჩინა და ბოლო მოუღო ცივ ომს, დასავლეთმა ის მაინც გაყიდა.

           

თავის რეზიდენციაში, რომელიც გორაკზე დგას და თბილისს გადაჰყურებს, ადამიანმა, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ერთ-ერთი პატივსაცემი პოლიტიკოსი იყო, განაცხადა, რომ ის მიატოვეს.

           

,,ცივი ომი რომ არ შეჩერებულიყო, მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა. ჩვენ გადავარჩინეთ მსოფლიო. მე არ ვამბობ, რომ ეს მე მარტომ გავაკეთე, მაგრამ მე ერთ-ერთ მთავარ როლს ვთამაშობდი. ევროპაში 40 ათასი საბჭოთა ტანკი და ასიათასობით ავტომატი იყო. 24 საათის განმავლობასი მათ შეეძლოთ საფრანგეთის ატლანტიკურ სანაპირომდე მიეღწიათ, თუმცა ჩვენ ამაზე არ წავედით, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ,,ცხელი თავი” ბერლინში ძალის გამოყენებას და პოლონეთში მოძრაობა ,,სოლიდარობის” დაშლას გვირჩევდა,” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

           

ახლა კი შევარდნაძე ვარაუდობს, რომ აშშ-მ მისი დამხობის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო. იმით განაწყენებულმა, რომ მისი მეგობრების მხრიდან დიდი ღალატი იყო, 75 წლის ,,ძლიერმა კაცმა” თავის გულისტკივილი ხმამაღლა განაცხადა, განსაკუთრებით, აშშ-ს ელჩის რიჩარდ მაილსის როლთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ოპოზიციას ხელს უწყობდა მის დამხობაში, და ადგილობრივი აქტივისტების მიმართ, რომლებიც ამერიკული ფულით ფინანსირდებოდნენ. ,,მე ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ერთგული ადამიანი ვიყავი. როდესაც მათ დასჭირდათ მხარდაჭერა ერაყში, მათ ჩემგან ეს მხარდაჭერა მიიღეს. თუ რა მოხდა შემდეგ, მე ამის ახსნა არ შემიძლია,” – ამბობს ის.

           

შევარდნაძე იმ საგნით არის გარემოცული, რომლებიც მის მმართველობას სამ ათეულ წელს ახსენებს. ერთ-ერთ კედელზე ჩარჩოებში ჩასმული ფოტოებია, სადაც ის გადაღებულია ჯორჯ ბუშ-უფროსთან, ჰავიერ სოლანასთან, ჟაკ შირაკთან, ჯეიმს ბეიკერთან და მომღერალ რეი ჩარზლთანაც კი.

           

მის ლამაზ და გაპრიალებულ მაგიდაზე კი დევს შავი ტყავის ყდაში ჩასმული წიგნაკი, სადაც აშშ-ს პრეზიდენტის სავიზიტო ბარათია მოთავსებული, რომელსაც უკანა მხარეს ფანქრით ტელეფონის ნომერი აქვს მიწერილი. მაგრამ, თავად შავი ტყავის დივანზე მჯდომი ადამიანი დაღლილად და ოდნავ მოტეხილად გამოიყურება. ის ხმადაბლა და ნელა საუბრობს.

           

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ის შესამჩნევად დაბერდა. ქართველები ამბობენ, რომ მისი ლეგენდალური ენერგიისაგან თითქმის აღარაფერია დარჩენილი. გუშინ დილით ის მანქანით სახელმწიფო კანცელარიაში გაემგზავრა, რათა თავისი კაბინეტი დაეცალა. 30 წლის მანძილზე ის ქართული პოლიტიკის საჭეთმპყრობელი იყო. სამი დღის წინ კი იძულებული გახდა, თავისი პოსტი დაეტოვებინა, როდესაც ათი-ათასობით გაბრაზებული დემონსტრანტი მის რეზიდენციას შტურმით ემუქრებოდა.

           

კრიზისის პიკზე, რომელიც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიცირებამ გამოიწვია, ზოგიერთები უკვე პარალელებს აკეთებდნენ შევარდნაძესა და ბალკანელ დიქტატორებს (სლობოდან მილოშევიჩი და ნიკოლაი ჩაუშესკუ) შორის.

           

ამან ის აშკარად შეურაცხყო: ,,ვინ დაიჯერებს მსოფლიოში, რომ შევარდნაძე მილოშევიჩი ან ჩაუშესკუა? 1989 წელს მე პირველმა მოვინახულე ბუქარესტი, როდესაც პრეზიდენტი ილიესკუ ტანკებით იყო გარშემორტყმული. მე მას ვუთხარი, რომ საბჭოთა კავშირი მის მხარეზე იყო”.

        

ის ამტკიცებს, რომ არასდროს განიხილავდა ძალის გამოყენების შესაძლებლობას თბილისში ოპოზიციის დემონსტრაციის დასაშლელად.

           

,,როდესაც სახალხო მოძრაობა დაიწყო, მე საქართველოს მთლიანობის საფრთხე დავინახე და მივიღე გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ყველაფერი მზად იყო – არმია, შინაგანი ჯარები, პოლიცია, მაგრამ მე შევხედე ხალხის უზარმაზარ მასას. მათი სახეების დანახვისას მე მივხვდი, რომ მათი დაწყნარება შეუძლებელი იყო, რომ მათ არაფრის არ ეშინოდათ და მე ვიგრძენი, რომ სისხლი დაიღვრებოდა. იმ დილით მე ვუთხარი ჩემს კოლეგებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩემი გადადგომა იყო,” – განაცხადა შევარდნაძემ.