,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 2.

 

 

შევარდნაძემ აბაშიძეს შველა სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, კვირის დასაწყისში ოცდამეორედ ჩავიდა ბათუმში. ბათუმში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შევარდნაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ოპოზიციამ მას სხვადასხვა ტიპის მუქარა შეუთვალა. ერთ-ერთი მუქარა კი ასე ჟღერდა - თუ შევარდნაძე თბილისიდან გავა, დედაქალაქში ვეღარ დაბრუნდება. ამ განცხადებიდან 24 საათის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში გაემგზავრა, სადაც მას ასლან აბაშიძე და აღორძინების ფანები ელოდნენ.

მათ თბილისელ სტუმარს არნახული თბილი შეხვედრა მოუწყვეს. მის პატივსაცემად ასლან აბაშიძემ ბათუმის სტადიონზე მიტინგიც კი გამართა, სადაც ძირითადად შევარდნაძის და აბაშიძის ქება გაისმოდა. საზეიმო მიტინგი აღორძინების ერთ-ერთ ლიდერს, ჯემალ გოგიტიძეს, მიჰყავდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევარდნაძის დაუძინებელ მტრად თვლიდა თავს, ახლა კი მის სადიდებლად ეპითეტებს არ იშურებდა. საზეიმო მიტინგის შემდეგ ასლან აბაშიძე და ედუარდ შევარდნაძე რამდენიმე საათის განმავლობაში ერთი ერთზე საუბრობდნენ. მათი საუბრის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება იყო. ბუნებრივია, ორივე მათგანს აწუხებს შექმნილი ვითარება, რადგანაც ორივემ კარგად უწყის, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, შევარდნაძეც და აბაშიძეც ცუდ დღეში ჩავარდებიან. ეს კი არც ერთ მათგანს არ აძლევს ხელს და ალბათ ამ ეტაპზე ყველაფერს გააკეთებენ ერთმანეთისთვის ხელის გასამართავად.

აბაშიძემ, თავის მხრივ, უკვე გაუმართა ხელი შევარდნაძეს და გაურკვეველი მიზნებით ხან სომხეთში გაემგზავრა, ხან ბაქოში, ხან კიდევ - რუსეთში. სააკაშვილი და მისი მომხრეები შიშობენ, რომ ამ შეხვედრების დროს რაღაც საშინელი გარიგებები მოხდა.