|
ნონა ცაბაძე ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 3.
შევარდნაძემ პუტინთან ცხელი ხაზი გახსნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში ჯერ კიდევ არსებობს სიძნელეები და მოუგვარებელი პრობლემები, პრინციპულ საკითხებში რუსეთი საქართველოსთან იყო და იქნება ყოველთვის, ამგვარი პოზიცია დააფიქსირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან მორიგი სატელეფონო საუბრისას, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა კახა იმნაძემ განაცხადა, საუბრის მთავარი თემა კვლავ საქართველოში შექმნილი ვითარება იყო. საუბრის დროს ითქვა, რომ, როგორც ჩანს, ოპოზიციას ეყო გონიერება და არ წავიდა რადიკალურ გართულებაზე, რასაც შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყოლოდა. ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი სისხლხორცეულად არის დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით. კახა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტი ჯერ კიდევ სოჭში გამართული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, აემოქმედებინათ ეგრეთ წოდებული ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ოპერატიულად დაუკავშირდებოდნენ ერთმანეთს ამა თუ იმ კრიზისულ ვითარებაში. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამართული ინტენსიური სატელეფონო საუბრები მეტყველებს, რომ ცხელი ხაზი უკვე მუშაობს. |