შორენა მარსაგიშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 23 ნოემბერი. გვ. 3

 

 

შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

"ჩემი ბრალია ყველაფერი"

პარლამენტის შენობაზე და კანცელარიაზე განხორციელებული შტურმის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა ამალამ კრწანისის სამთავრობო რეზიდენციას მიაშურეს. სწორედ იქ გააკეთა პრეზიდენტმა განცხადება საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. რომელიც ძალაში გამოცხადებიდან 48 საათში უნდა შევიდეს. თუმცა საგანგებო მდგომარეობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საკანონმდებლო ორგანო კი ჯერჯერობით არ გვყავს.

პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება პარლამენტში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა. "ჩემი ბრალია, საქმე აქამდე რომ მივიდა, მე გავათამამე ისინი" - სინანულით აღნიშნა შევარდნაძემ. მან ჟურნალისტების ყურადღება იმ ფრაზებსა და გამონათქვამებზე გაამახვილა, რომლებიც ბოლო დროს ისმოდა. "მე თვალს ვხუჭავდი ამ ყველაფერზე. მაგრამ, აბა გადახედეთ ერთი, იმ ფრაზებს ნახავთ, რომ თითქმის ნებისმიერ მათგანზე შეიძლებოდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა," - ამბობს შევარდნაძე.

შევარდნაძე კობა ნარჩემაშვილს დიდ მადლობას უცხადებს იმისთვის, რომ მან შეძლო ნერვების მოთოკვა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში სისხლი არ დაღვრილიყო. საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობასაც აცხადებს, რომელიც ძალაში გამოცხადებიდან 48 საათის ვადაში უნდა შევიდეს.

რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას შევარდნაძის გადადგომის შესახებ, პრეზიდენტი მის დაკმაყოფილებას არ აპირებს. და კიდევ ერთხელ ამბობს, არ გადავდგებიო.

ოპოზიციას სერიოზული იმედი ჰქონდა, რომ ჯარი და პოლიცია შევარდნაძის ნებას არ დაემორჩილებოდა. მათი ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა. პოლიციამ და ჯარმა მართალია ხალხზე ხელი არ აღმართეს, მაგრამ ბრძანებას მობილიზაციის თაობაზე დაემორჩილნენ. გუშინ გვიან საღამოსთვის თბილისის ქუჩებში მძიმე ტექნიკა უკვე გამოჩნდა. პირველად მძიმე ტექნიკამ თავმოყრა შს სამინისტროს ტერიტორიაზე დაიწყო.

პოლიციის გარდა, საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ შეიარაღებული ძალებიც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძიმე ტექნიკის მობილიზება ვაზიანის სამხედრო ბაზაზეც დაიწყო.

ჯარის შესაძლო გამოყენებას სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი ნიკა ჯანჯღავაც გამოეხმაურა. მისი აზრით, ჯარის ჩარევამ შესაძლოა სერიოზული სისხლისღვრა და სამოქალაქო ომიც კი გამოიწვიოს.