შორენა კოწოწაშვილი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 14 ნოემბერი. გვ. 2-5.

 

შევარდნაძესთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს

 პარლამენტის შენობის წინ, მთელი ღამით მიმდინარე აქციის შემდეგ, გუშინ დილი, შედარებით გვიან გამოჩნდნენ როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები, ასევე თავად ლიდერები. მართალია, 12 საათისთვის მხარდამჭერთა რაოდენობა დაახლოებით 500 კაცამდე იქნებოდა, მაგრამ პირველი საათვისთვის ხალხის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა, რადგან ამ დროისთვის მოსახლეობა ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს ელოდა. სამწუხაროდ, მათმა მოლოდინმა დიდხანს გასტანა, რადგან რეალურად 3 საათამდე არც ერთი ლიდერი არ გამოსულა და მხარდამჭერებისთვის რაიმე სიახლე არ უცნობებია.

ღამენათევ მომიტინგეებს დილიდან პერიოდულად უერთდებოდნენ "კმარას" აქტივისტები და სტუდენტები. მართალია, მათი რაოდენობა არც ისე დიდი იყო, მაგრამ მათი პერიოდული შეძახილები - "საქართველო შევარდნაძის გარეშე", "შევარდნაძე გადადექი!" და "შევარდნაძისა და აბაშიძის გარეშე დარჩენილ საქართველოს გაუმარ-ჯოს!" პერიოდულად აფხიზლებდა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ასობით ადამიანს.

- დღესვე დაუყოვნებლივ გადადგეს. 32 წელია მაზოლები გაგვიჩნდა მაგის ყურებით. აღარ არის დრო, წავიდეს და თავი დაგვანებოს. არ გაძღა ეგ კაცი! არა ჰყოფნის ის უბედურებები, რაც ქართველ ხალხს გაუკეთა?! - აცხადებდა პრეზიდენტისა და ხელისუფლების უკმაყოფილო ხალხი და მოითხოვდა შევარდნაძესთან ერთად მისი ლაქიების წასვლას, ანუ იმ ერთი მუჭა ქართველების ხელისუფლებიდან წასვლას, რომელსაც პრეზიდენტმა კეთილდღეობისთვის შესაფერისი გარემო შეუქმნა.

პარლამენტის შენობის კიბეებზე დილიდან ჯერ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთი სახე ჯამბულ ბაკურაძე გამოჩნდა. დაახლოებით 12 საათისთვის კი დავით ბერძენიშვილი და ვანო ხუხუნაიშვილიც მოვიდნენ და მასმედიას და საზოგადოებას ამცნეს, რომ პირველი საათისთვის ოპოზიციის ლიდერები განცხადებებს გააკეთებდნენ, მაგრამ მათ რამდენიმე საათი მაინც დაიგვიანეს.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ხელმოწერების შეგროვებას პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, უნდა ითქვას, რომ საკუთარი სურვილის დასაფიქსირებლად ქვეყნის მოსახლეობას და ხელისუფლების უკმაყოფილებით განწყობილ ხალხს ფაქტობრივად რიგში დგომა უწევდათ.

საგრძნობლად თვალშისაცემი იყო "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მოწოდების - არც ერთი ნასვამი მომიტინგეთა შორის - შედეგიც. წინა დღეებისგან განსხვავებით, გუშინ ნამდვილად იგრძნობოდა ნასვამი ადამიანების არყოფნა. სამაგიეროდ, თვალს ვერ აარიდებდი ხელისუფლების წინააღმდეგ განწყობილ ერთ ქალბატონს, რომელიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასთან ერთად, საკუთარ ნიჭსა და უნარჩვევებსაც ავლენდა და დაუფარავად "კურნავდა" ამ მთავრობის ხელში დაავადებულ მოქალაქეებს. ასე რომ, ქალბატონი ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე, უშურველად უტარებდა ანტიშევარდნაძისტულად განწყობილებს ექსტრასენსულ პროცედურებს.

მიტინგზე შეკრებილთ შორის პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია ოპოზიციის ლიდერების პრეზიდენტთან შესაძლო მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე. ვანო ხუხუნაიშვილის განმარტებით, "ბურჯანაძე-დემოკრატებს" სურთ ნებისმიერი შეხვედრა მოხდეს სამეულის - სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის შემადგენლობით და არა ცალ-ცალკე.

დაახლოებით სამი საათისთვის მომიტინგეთა შორის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილთ ამცნო, რომ ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგზე არ წავა.

- ეს არ არის მარტო ჩემი სიტყვები. პირველ რიგში, ნინო ბურჯანაძესთან არის შეთანხმებული. მივხვდით, რომ ამ მოლაპარაკებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისი თქმით, იგი პრეზიდენტ შევარდნაძეს მხოლოდ მაშინ შეხვდება, როცა იგი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

სააკაშვილმა გაამხნევა მხარდამჭერები და აცნობა, რომ დღეს, 4 საათზე მომიტინგეებს შემოუერთდებიან ათობით ადამიანი რეგიონებიდან და ეს სვლა იქნება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა - პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით - არ დაკამყოფილდება.

სააკაშვილის გამოსვლიდან რამდენიმე წუთში გამოსულმა ერთ-ერთმა მოშიმშილე ვასილ მაღლაფერიძემ კი თავის გამოსვლაში დააფიქსირა, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატები" ფაქტობრივად მზად არიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის პარალელურად თავის პროტესტს აფიქსირებს არჩევნების შედეგებისა და, საერთოდ, საარჩევნო პროცედურის გამო პოლიტიკური გაერთიანება "ერთობა", რომლის ლიდერიც საპროტესტო აქციების პირველივე დღეს გამოჩნდა ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის გვერდით და ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველოში არჩევნები არ შემდგარა.

გუშინ პატიაშვილი და მისი მომხრეები რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ოპოზიციურ ძალებს დაახლოებით 4 საათისთვის შეუერთდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მომიტინგეებს შეუერთდნენ აგრეთვე ქუთაისელი პედაგოგებიც.

"სოციალ-დემოკრატმა" ავთო ველითაურმა თავის გამოსვლაში უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პრორუსული და პროამერიკული ძალების შემწეობით და მხარდაჭერით. "ეს სიცრეუა. აქ დგას პროქართული ძალა, რომელიც სამართლიანობას ითხოვს და ითხოვს წართმეული ხმის დაბრუნებას", - აღნიშნა მან.