|
|
|
შორენა კოწოწაშვილი ,,ახალი თაობა”. 2003 წ. 22 ნოემბერი. გვ. 2.
"შევარდნაძის გადადგომამდე არ გავჩერდებით
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა დანაპირები და პრეზიდენტს საკუთარი და ხალხის ძალა დაანახვა. გუშინ საღამოს, დაახლოებით რვის ნახევრისთვის სააკაშვილი თავად შემოუძღვა დასავლეთ საქართველოდან პრეზიდენტის გადადგომის მოთხონით გაერთიანებულ სამი ათასამდე კაცს, რომლებიც თბილისს მანქანების სიგნალებით და დროშების ფრიალით მოადგნენ. - გადადექი შევარდნაძე! შენი დღეები დათვლილია! - ყვიროდა ხალხი, რომელთაც ქუჩებში გამოფენილი თბილისელები ტაშით და ხელების ქნევით ხვდებოდნენ. მცხეთის მხრიდან შემოსული მომიტინგეები რუსთაველის პროსპექტისკენ დაიძრნენ. ქუჩაში გაჩერებული მანქანები სოლიდარობას უცხადებდნენ რეგიონებიდან ჩამოსულებს და მათ უერთდებოდნენ. დროშებით მორთული მიკროავტობუსები და იკარუსები მძიმედ მოემართებოდნენ თბილისის ცენტრისკენ. გზებზე განლაგებული პოლიციელები კი უპრობლემოდ ატარებდნენ. ერთადერთ დაბრკოლებად შეიძლება ჩაითვალის მანქანები შემოწმება, რომ თბილისში ხალხთან ერთად იარაღი არ შემოსულიყო. ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებულები ცუდი ამინდის მიუხედავად უკან დახევას არ აპირებენ და სხვებსაც ახსენებენ, რომ საქართველოს თავისუფლება რეალური მისაღწევია, რომ 23 ნოემბერს, გიორგობას, საქართველო თავისუფალი შეხვდება. შევარდნაძე კი სამუდამოდ დაემშვიდობება პრეზიდენტობას და უპრობლემოდ გავა იმ 14 ლარიან პენსიაზე, რომელსაც ქართველი ხალხისთვის იმეტებდა. ნაციონალებისა და ბურჯანაძე-დემოკრატების პარალელურად დასავლეთ საქართველოდან წამოსულ მოსახლეობას წინ მოუძღოდნენ კმარას აქტივისტებიც, რომლებიც პირობას დებენ, რომ მანამ არ გაჩერდებიან, სანამ შევარდნაძე არ გადადგება. - კმარა შევარდნაძე, გადადექი! - ყვიროდნენ კმარელები და თანამოაზრეებს იკრეფდნენ. რაც შეეხება თავად ნაციონალების ლიდერს, იგი კმაყოფილებით აცხადებდა, რომ მან შევარდნაძის დასანახად შემოიყვანა ათასობით ქართველი ადამიანი. "აბა, სცადოს და ამ ხალხს შევარდნაძემ დაუპირისპიროს აჭარიდან ჩამოყვანილი 200-მდე პოლიციელი", - აცხადებდა სააკაშვილი. |